Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი: პარლამენტი მთავრობის წინააღმდეგ


(მარცხნიდან-მარჯვნივ) ვადიმ ბროვცევი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი და ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი
(მარცხნიდან-მარჯვნივ) ვადიმ ბროვცევი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი და ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ემზადება, ამისთვის პარლამენტის დეპუტატების ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და პარლამენტის თავმჯდომარეს მომავალი სესიისთვის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოსთხოვა.

ოსი დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს და მის გუნდს, დე ფაქტო რესპუბლიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩაშლაში, რუსული ფინანსური დახმარების მითვისებასა და უმოქმედობაში სდებენ ბრალს. პარლამენტის პრეზიდიუმის დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობის საქმიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ რუსი მოხეელების ჯგუფი უკვე დააკავა, რომლებსაც ფულის მითვისებაში და კორუფციული სქემების მოწყობაში ედებათ ბრალი. ეს მოხელეები ცხინვალში ვადიმ ბროვცევის მიწვევით მუშაობდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, ბროვცევის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება პრობლემას არ წარმოადგენს.

კოკოითის მიერ კონტროლირებული მედიით ოსი დეპუტატები ბროვცევის ღია კრიტიკით გამოდიან. დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა ცხინვალის ტელევიზიით გააჟღერა პირველად, რომ პარლამენტარები მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებენ.

უმოქმედოდ არც ვადიმ ბროვცევია, იგი მოსკოვში გაემგზავრა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა. რუსული და ოსური მედია ამ შეხვედრების შესახებ მხოლოდ იმას იუწყება, რომ საუბარი სარეაბილიტაციო პროცესის გაგრძელებას შეეხებოდა, თუმცა რთული მისახვედრი არ არის, რომ აზრთა გაზიარება დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ კრემლში ვადიმ ბროვცევის მფარველად რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს რომან პანოვს ასახელებენ, ამიტომ მოსკოვში მყოფი ბროვცევი კონსულტაციებს საკუთარ ლობისტებთანაც გამართავდა.

მოსკოვში ბროვცევის გამგზავრებას საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმმა გაქცევა უწოდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა კოსტა კოშტემ კი კიდევ ერთი გადაცემა მოამზადა სახელწოდებით „ქურდი რუსეთში არ უნდა გაიქცეს“. წინა გადაცემის სათაური იყო „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“. კოშტემ საკუთარ გადაცემაში მარტო ბროვცევის მთავრობის კი არა, ცხინვალში მათი თანამოაზრეების დასჯაც მოითხოვა.

ექსპერტები კოკოითისა და ბროვცევის კონფლიქტის მიზეზად რუსული ფინანსების კონტროლს ასახელებენ. ბროვცევის დანიშვნამდე რუსული ფული პირდაპირ კოკოითის მოხელეებთან ხვდებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი ინფორმაცია ნახევარი მილიარდი რუბლის დაკარგვის თაობაზე. ამის შემდეგ კრემლმა ცხინვალში ჩელიაბინსკელი მოხეელები გააგზავნა, რომლებიც რუსულ ფინანსურ დახმარებას ეგრეთწოდებული სამხრეთის განყოფილებიდან იღებდნენ და შესაბამისად, მთელ ფინანსურ რესურს თვითონ აკონტროლებდნენ. კოკოითიმ ფინანსებისგან ჩამოცილება ვერ აიტანა და რუს მოხელეებს ბრძოლა ჯერ მის მიერ კონტროლირებული მედიით, შემდეგ კი პარლამენტიდან დაუწყო.

დე ფექტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი მიიჩნევს, რომ მთავრობის უმექმედობამ, შესაძლოა, ვითარების უკიდურესი დაძაბვა და სოციალური აფეთქება გამოიწვიოს.

გუშინ რუსული და ბროვცევის მხარდამჭერი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატივისა და ღირსების შელახვისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოსურ სააგენტო ოსინფორმსა და რუსულ სააგენტო რეეგნუმს სასამართლოში უჩივლა. ბროვცევი დეპუტატ ამირან დიაკონოვსაც უჩივის ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. საქმე სამხრეთის დირექციას ეხება, რომელიც თითქოს ბროვცევის თქმით, პუტინის მიერ შეიქმნა. ბროვცევი ამ ყველაფერს დიაკონოვისა და ოსური მედიის გამოგონილს უწოდებს.

ცხინვალში კომპრომატების მედიაომი გრძელდება. ოსინფორმი ბროვცევს, ერსეოინფორმი კი კოკოითის აკრიტიკებს. ამ ომში რუსული მედიაც ჩაერთო, სადაც კოკოითისა და ბროვცევის კონფლიქტზე სულ უფრო მეტი პუბლიკაცია ჩნდება. ოსური მედიისგან განსხვავებით, ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამ პირდაპირ აღნიშნა, რომ მათ შორის დაპირისპირების მიზეზე რუსული ფინანსების გაკონტროლება გახდა. ამ კონფლიქტთან დაკავშირებით კი კრემლი გადაწყვეტილებას აჭიანურებს.
XS
SM
MD
LG