Accessibility links

საქართველოზე შეყვარებული ამერიკელის გაკვეთილები


გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ცოტა ხნის წინ სტუმრობდა მისი პირველი დირექტორი დონალდ თომასი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აკადემიაში სემინარებსა და ტრენინგებს მართავდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დონალდ თომასი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც საქართველოში აკადემიის დასაფუძნებლად ჩამოვიდა. აკადემიის პედაგოგები და კურსდამთავრებულები კი ბატონი თომასის მიერ აკადემიის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე საუბრობენ.

ამერიკული აკადემიის პირველი დირექტორი დონალდ თომასი საქართველოში 1993 წელს, ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და ემიგრანტის გივი ზალდასტანიშვილის თხოვნით აღმოჩნდა. "ამას თხოვნაც არ ერქვა," - იხსენებს დონალდ თომასი. - "მაშინ ბოსტონის უნივერსიტეტის აკადემიის დეკანი ვიყავი. ერთ დღესაც კარი იღება, შემოდის მამაკაცი და მეუბნება, მე ვარ გივი ზალდასტანი, ქართველი, მინდა სამშობლოში წამომყვე და ბოსტონის ინივერსიტეტის აკადემიის მსგავსი სკოლის შექმნაში დამეხმაროო. მას ისეთი მუხტი და ენერგია ჰქონდა, რომ დიდხანს აღარ გვიფიქრია, მასთან ერთად თბილისში ჩამოვედი."

"ერთი კვირით ჩამოვედით, - განაგრძობს ჩვენი თანამოსაუბრე. - "შეხვედრები გვქონდა უამრავ ადამიანთან. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. სურვილი დიდი იყო, მაგრამ შესაძლებლობა - ნაკლები. საქართველო მაშინვე შემიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე, დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. 8 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ სკოლის დასაფინანსებლად თანხები მოგვეძიებინა. საბოლოოდ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხა გამოყო და ქართველ პედაგოგთა პირველი ნაკადი ამერიკაში სამაგისტრო კურსის მისაღებად გავუშვით. 2001-ში კი სკოლაც გავხსენით."

90-იან წლებში გაჩენილი იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2001 წელს, როდესაც შეიქმნა თანამედროვე, დასავლური ტიპის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, სადაც მთლიანად შენარჩუნდა ქართული კულტურული თვითმყოფადობა, ის, რაზეც გივი ზალდასტანიშვილი ოცნებობდა.

დონალდ თომასი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის პირველი დირექტორი
სწორედ გივი ზალდასტანიშვილისა და დონალდ თომასის ინიციატივა იყო ის, რომ თითოეულ პედაგოგს, რომელიც ამერიკულ აკადემიაში გადაწყვეტდა მუშაობას, ერთწლიანი სამაგისტრო კურსი ამერიკაში წამყვან უნივერსიტეტებში გაევლო. როგორც დონალდ თომასის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი თამარ გვარამაძე იხსენებს, ამერიკაში სასწავლებლად წასულ ყველა პედაგოგს მასპინძლობას დონალდის მეუღლე უწევდა: ”ჩვენ ყველანი მის სახლში ვცხოვრობდით, ის კი საქართველოდან გვამხნევებდა და ყველანაირად ცდილობდა გვერდში დაგვდგომოდა. როდესაც ამერიკაში ჩამოდიოდა, ათას ადგილას გვატარებდა, ქართველი ბაბუასავით გვივლიდა. არ ვიცი, რა შეიძლება ჰკითხო დონს განათლების შესახებ და ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეს, ყოველთვის შეუძლია რაღაც გირჩიოს. მართალია, ეს სკოლა გივი ზალდასტანიშვილის იდეით შეიქმნა, მაგრამ დონი რომ არ ყოფილიყო, ის, ალბათ, ვერ იარსებებდა.”

როგორც თამარი ჰყვება, იმ პედაგოგებსაც კი, რომლებიც სკოლაში სამუშაოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც დონალდ თომასი ამერიკაში დაბრუნდა, ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს მას პირადად იცნობენ:

ამჯერად დონალდ თომასი საქართველოში ამერიკული აკადემიის პედაგოგების მოწვევით ჩამოვიდა, ის მათთვის სხვადასხვა სახის სემინარებსა და ტრენინგებს ატარებს. ამბობს, რომ აკადემიის რეპუტაცია წლიდან წლამდე იზრდება, მოსწავლეთა მომზადების დონე კი უმაღლესია: ”ხალხი აკადემიას კიდევ უფრო დიდი ინტერესით უყურებს. ის მოსწავლეები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, უფრო მომზადებულები და მოტივირებულები არიან. პედაგოგებმა საუკეთესო გამოცდილება დაიგროვეს. მრგვალი მაგიდის მეთოდით სწავლა, მოსწავლეთა დიდი ჩართულობა, ინტერაქტიული მუშაობა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. როგორც პედაგოგები, ისევე მოსწავლეები საკმაოდ მაღალ დონეზე დგანან.”

თამუნა ლაცაბიძე ამერიკული აკადემიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულია. მან უმაღლესი განათლება მილანში მიიღო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ახლა აქ მუშაობს. ის დონალდ თომასის ერთ გამორჩეულ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას: ”როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მზე, წვიმა, ქარი, დილაადრიან მოდიოდა სკოლაში, შესასვლელში დგებოდა და თითოეულ ბავშვს სახელით მოგვმართავდა და გვესალმებოდა. დამამთავრებელ კლასში მქონდა ბედნიერება, მას ჩვენთბის ინგლისური ენა და ლიტერატურა წაეკითხა. თითოეულ ფრაზაში იგრძნობოდა, რომ ბატონი დონალდი ჩვენზე ზრუნავდა.”

დონალდი კი, თავის მხრივ, ქართველი მოსწავლეების განათლებისა და დისციპლინის შესახებ საუბრობს: ”აქაური მოსწავლეები ძალიან განათლებულები არიან და ეს მარტო ჩვენი სკოლის დამსახურება არ არის. აკადემიის შემდეგ ჩვენ მათ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ვგზავნით სასწავლებლად. ისინი იქ საკმაოდ წარმატებული სტუდენტები არიან. მიმაჩნია, რომ ამერიკული აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მომავალში უმაღლესი განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღო.”

დონალდ თომასი ის ერთ-ერთი უცხოელი ჩოხოსანია, რომელმაც ეს ტიტული ქართველი მოზარდების განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაიმსახურა. როგორც ამბობს, ჩოხოსნობა მისთვის დიდი პატივია და ამ ტიტულს ცხოვრების ბოლომდე სათანადოდ გაუფრთხილდება, მით უმეტეს, რომ, როგორც აღნიშნავს, საქართველო პირველი ნახვით შეუყვარდა და უკვე მის მეორე სამშობლოდ იქცა.
XS
SM
MD
LG