Accessibility links

logo-print

ბელგიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ისლამური ჩადრით საჯარო ადგილებში ყოფნის აკრძალვას


სელმა, 22 წლის ბელგიელი მუსულმანი

სელმა, 22 წლის ბელგიელი მუსულმანი

ბელგიის პარლამენტმა, ხმათა დიდი უმრავლესობით, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ისლამური ჩადრით სახის შებურვის აკრძალვას ქუჩებსა და საჯარო ადგილებში. იმისთვის, რათა კანონპროექტი ძალაში შევიდეს, იგი პარლამენტის ზედა პალატამაც უნდა მიიღოს. და თუ ასე მოხდა, ბელგია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ამგვარი კანონი იმოქმედებს.

ბელგიის პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, ორმა თავი შეიკავა; წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კანონპროექტით იკრძალება ისლამური ჩადრით სახის შებურვა ქუჩებსა და საჯარო ადგილებში: ეს ეხება როგორც ნიყაბს, რომელშიც თვალებისთვის ვიწრო ჭრილია დატოვებული, ისე ბურკას, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს. თუ ბელგიის სენატმა - ანუ პარლამენტის ზედა პალატამ - კანონპროექტი დაამტკიცა (რასაც მიმომხილველები სავარაუდოდ მიიჩნევენ), მაშინ აკრძალვის დამრღვევთ დაემუქრებათ პატიმრობა შვიდ დღემდე ვადით, ან ჯარიმა 15-დან 25 ევრომდე. და, როგორც უკვე აღინიშნა, ბელგია გახდება ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც ჩადრის ტარება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი თაოსანია ბელგიის ლიბერალური „მუვმან რეფორმატერის“ პარტიის თავმჯდომარე დანიელ ბაკლენი, რომლის მტკიცებით, აკრძალვა სულაც არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. ბურკა რელიგიურის კი არა, უწინარესად პოლიტიკური ნიშნის მატარებელიაო - დარწმუნებულია ბაკლენი. ის და მისი თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ჩადრის ტარების აკრძალვა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის სურვილით არის ნაკარნახევი; და ნაწილობრივ იმითაც, რომ, მათი აზრით, ბურკა ქალისთვის სხვა არაფერია, თუ არა „მოძრავი ციხე“.

„რელიგიასთან ამას არაფერი აქვს საერთო,“ - ამბობს დანიელ ბაკლენი. – „ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ რელიგიის თავისუფლებასა და მისი გამოხატვის თავისუფლებას. მაგრამ, ჩემი აზრით, ბურკა რელიგიური ნიშანი არ არის. უპირველეს ყოვლისა, ის პოლიტიკური ნიშანია, ის არის გამოხატულება ფასეულობებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ძირეულსა და საყოველთაო ფასეულობებს.“

ბუნებრივია, ბელგიაში ყველა როდი ეთანხმება პარლამენტარის ამ მოსაზრებას. კანონპროექტის ოპონენტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბურკით შემოსილი ყოფნა ხიფათს უქმნიდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა თუ წესრიგს. ხოლო ისინი, ვინც თავად ატარებს ბურკასა თუ ნიყაბს, სულაც არ ფიქრობს, რომ „მოძრავ ციხეში“ იმყოფება.

აი, რას ამბობს, მაგალითად, სელმა - 22 წლის ბრიუსელელი მუსულმანი, რომელმაც სულ ერთი თვის წინ გადაწყვიტა, საზოგადოებაში უჩადროდ აღარ იაროს: „ეს არამც და არამც არ არის ჩვენი პიროვნების, ან ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა. იმ ქალების უმრავლესობისთვის, ვინც ნიყაბს ატარებს (და ვისაც ვიცნობ), ეს გადაწყვეტილება სრულიად ნებაყოფლობითია. ამ ქალებს უნდათ ნიყაბის ტარება. ამ ხალხს ეს ვერა და ვერ შევაგნებინეთ. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არ არის.“

ასეა თუ ისე, თუ ბელგიის პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა - ჩადრის ტარების აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა, სელმას მოუწევს, დაემორჩილოს კანონს - ან ერთი კვირით ციხეში ჩაჯდეს. ნამდვილ ციხეში.

სულ კი, სპეციალისტთა შეფასებით, ბელგიაში რამდენიმე ასეული ქალია, რომელიც, სელმასავით, ჩადრით იბურავს სახეს. მუსულმანები ბელგიის მოსახლეობის სამ პროცენტს შეადგენენ, და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ატარებს ნიყაბს ან ბურკას.
XS
SM
MD
LG