Accessibility links

logo-print
ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების გეგმის ფარგლებში სახე იცვალა ”ასი ახალი საავადმყოფოს” განუხორციელებელმა პროექტმა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სამკურნალო დაწესებულებების დათვლას სახელმწიფო ამიერიდან განსხვავებული სისტემით აპირებს. იმედი მიმართულია ახალი და ძველი ინვესტორებისკენ. ახალი ობიექტების მშენებლობა ასევე დაევალათ ტენდერში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ პირებს მოემსახურებიან.

ტენდერში გამარჯვებული 10 სადაზღვევო კომპანია საქართველოს რეგიონებში 46 ახალ საავადმყოფოს ააშენებს - ეს ვალდებულება მკაცრად არის გაწერილი ჯანდაცვის სფეროს რეფორმირების ახალ სამოქმედო გეგმაში, რომლის პრეზენტაციაც 30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დიღომში, იაშვილის სახელობის კლინიკაში, გამართა:

”ჩვენ გვექნება 46 ახალი საავადმყოფო (ჯამში, 1100 საწოლზე მეტი), ახალთახალი საავადმყოფო. მშენებლობა დაიწყება უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში...”

2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ყველა იმ საავადმყოფოს მშენებლობა, რომლებიც 70-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, ხოლო, 70-საწოლიანის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებს ვადა 2012 წლის 31 მარტამდე მიეცემათ.
ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ევალებათ, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა 30 აპრილს მაინც დააკონკრეტა ზოგიერთი მათგანის ვალდებულება. მაგალითად, "იმედი L" თელავის, ახმეტისა და ყვარლის რაიონებში მოემსახურება სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ადამიანებს და, იმავდროულად, აიღებს ვალდებულებას ააშენოს 70-საწოლიანი საავადმყოფო თელავში, 15 საწოლიანი საავადმყოფო ახმეტაში და ასევე 15 საწოლიანი საავადმყოფო ყვარლის რაიონში.

გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის ლოტი მოიგო "GPI ჰოლდინგმა". შესაბამისად, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეული პირების მომსახურების გარდა, კომპანია უზრუნველყოფს 15-საწოლიანი საავადმყოფოების მშენებლობას ყაზბეგში, მცხეთაში, დუშეთსა და თიანეთში.

სადაზღვევო კომპანიების ახალ ვალდებულებებს მომსახურების დონის ამაღლების კონტექსტში განიხილავს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი:

”სადაზღვევო ელემენტში შემოდის ვალდებულება, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზღვეული ადამიანი მიიყვანოს ნორმალურ დაწესებულებაში, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი საავადმყოფოს აშენებას.”

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2011 წლის 31 დეკემბრიდან ვერც ერთი ის საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ვერ მოემსახურება სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს. გადაწყვეტილია, რომ მომსახურების ხარისხს მთავრობის ინიციატივით გაძლიერებული მედიატორის ინსტიტუტი გააკონტროლებს.

რაც შეეხება სხვა ახალი სამკურნალო დაწესებულებების პერსპექტივას, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ამ დღეებში ისრაელის სამედიცინო საინვესტიციო კომპანია "აიჰოპი" ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს 27 რაიონში ააშენებს საავადმყოფოების დაახლოებით 1000 საწოლზე გათვლილ ქსელს.
რაც შეეხება ჩეხურ კომპანია ”ბლოკ ჯორჯიას”, ძირითადად რომელთანაც არის დაკავშირებული ”ასი ახალი საავადმყოფოს” განუხორციელებელი პროექტი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომპანიამ აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. მთავრობა ”ბლოკ ჯორჯიასთან” ხელშეკრულებას წყვეტს და მას შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დააჯარიმებს კიდეც. კომპანიას ჩამოერთმევა მართვაში გადაცემული საავადმყოფოები, თუმცა მის მართვაში დარჩება ზუგდიდის საავადმყოფო, სადაც შეასრულა პირობები. ”ბლოკ ჯორჯიას” ასევე ექნება ვალდებულება, ბანკის ფინანსური რესურსის ფარგლებში, ააშენოს ახალი საავადმყოფოები მესტიაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, აბაშაში, მარტვილსა და წყალტუბოში. დასახელებულ რაიონებში მშენებლობა 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ახალი სამკურნალო დაწესებულებების პერსპექტივასთან მიმართებით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ასევე მოიხსენიებს, მაგალითად, ახალ საავადმყოფოს ამბროლაურში, რომლის მშენებლობაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს. ამავე ჩამონათვალშია USAID-ის მიერ დაფინანსებული მშენებლობა ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში.

რაც შეეხება თბილისს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დედაქალაქში ამოქმედდება რამდენიმე ჰოსპიტალური ცენტრი, რომლებიც სახელმწიფო თუ კერძო ინვესტიციებით დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG