Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგის მორიგი ვიზიტი


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ტომას ჰამარბერგი კიდევ ერთხელ ესტუმრა საქართველოს. ვიზიტის მიზანია დაკავებულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საკითხებზე კონფლიქტის ორივე მხარესთან შეხვედრების გამართვა. ჰამარბერგი, ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, ცხინვალსაც ეწვევა.

როგორც ყოველთვის, ტომას ჰამარბერგის ვიზიტი ჩამოფრენისთანავე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პირველი კომენტარი მან აეროპორტშივე გააკეთა, სადაც გეგმებზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე გაიმართება შეხვედრები:

„საქართველოში იმის გამო ჩამოვედი, რომ აქ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები - ადამიანებს კვლავ აკავებენ, ზოგი კი საერთოდ გაუჩინარებულია. მათი ოჯახები საკითხის გადაწყვეტას ელოდებიან. ჩამოვედი იმისათვის, რომ ვნახო, რისი გაკეთება შემიძლია. პროგრამა ბოლომდე გაწერილი არ მაქვს, მაგრამ ხალხს, ალბათ, ორივე მხარეს შევხვდები, იმისათვის რომ ჰუმანიტარული ვითარება განვიხილოთ. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ცხინვალშიც ვაპირებ ჩასვლას.“

ჰამარბერგის ინიციატივით, დაახლოებით ორი თვის წინ საქართველოში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კონფლიქტის ზონაში გაუჩინარებული ადამიანების კვალს ეძებს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჯგუფის მიზანი კონკრეტულად სამი დაკარგული ოსი ახალგაზრდის კვალის მიგნებაა:

„როგორც ცნობილია, მან ჩამოიყვანა საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის ორი გამომძიებელი, რომლებიც იკვლევენ სამი ეთნიკური ოსის ბედს. ისინი,ოსური მხარის მტკიცებით, დაიკარგნენ საომარი მოქმედების შემდეგ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა.“

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ჯგუფი მუშაობას კონფლიქტის ორივე მხარეს აწარმოებს და დღეისთვის დაკითხულები არიან დაკარგულ ახალგაზრდათა მშობლები და ოჯახის წევრები. ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის აზრით, მსგავსი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა ჰამარბერგის მიუკერძოებელი მუშაობისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია. ის ცდილობს ადამიანთა უფლებები პოლიტიკური მიუკერძოებლობის გარეშე, კონკრეტული ფაქტების მოძიებით დაიცვას:

„მე პირადად არც მახსენდება შემთხვევა, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მსგავსი კომისია შეექმნა.“

ჰამარბერგს მუშაობის ასეთი სტილის გამო საქართველოში ხშირად კონფლიქტის ორივე მხარე აკრიტიკებს. საქართველოს პარლამენტში ერთ ამგვარ კრიტიკას ჰამარბერგმა თავის დროზე ასე უპასუხა:

„ჩემი მისამართით კრიტიკა იყო რეაქცია ჩვენი მიუკერძოებელი მუშაობისა და წესიერების მიმართ. მე ორივე მხარის ოჯახების დახმარებით ვარ დაინტერესებული.“

ჰამარბერგი ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისრად 2005 წელს აირჩიეს. მანამდე ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას, „ამნესტი ინტერნეიშენალს“, ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1977 წელს ჰამარბერგს, ამ ორგანიზაციის სახელით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვს მიღებული. საქართველოში მისი ვიზიტი, სავარაუდოდ, სამ დღეს გასტანს.
XS
SM
MD
LG