Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში თბილისში დასრულდა რეკლამის ფესტივალი ”ოქროს ვაშლი”, რომელზედაც 120-მდე სარეკლამო პროდუქტი 12 ნომინაციაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ფესტივალზე მუშაობდა ჟიური, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან იყო დაკომპლექტებული. გარდა ამისა, ყველა საკონკურსო ნამუშევარი GMC ჯგუფის ვებგვერდზე იყო განთავსებული... ინტერნეტის მომხმარებელს საშუალება ჰქონდა თავად აერჩია საუკეთესო რეკლამა.

”ოქროს ვაშლის” ორგანიზატორია კრეატიული სტრატეგიების კომპანია ”იდეა იმპერია”, მხარდამჭერი კი თბილისის მერია. ”ოქროს ვაშლის” დახურვის ცერემონიალზე უამრავი სარეკლამო კომპანია და რეკლამირებული ორგანიზაცია დასახელდა. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ჟიურის წევრი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონკურსი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა.

ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სტუდია მაესტროში დამზადებული ”თბს”-ის რეკლამა ”განახლებული სესხები” ფესტივალის უდავო ფავორიტი აღმოჩნდა და მოხვდა სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა ჟიურიმ რამდენიმე სხვა სარეკლამო რგოლიც გამოარჩია: საუკეთესო კრეატივის ნომინაციაში გაიმარჯვა კრეატივ-ბუტიკის რეკლამამ ”ვისოლის საწვავი”, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - უინდ ფორსის ”მწვანე ანაბარი”... ასეთი ნომინაციაც კი იყო - ”ყველაზე ქართული რეკლამა”, რომელშიც გაიმარჯვა სტუდია ”ლაივის” მიერ დამზადებულმა ნატახტრის რეკლამამ ”მერე რა, რომ ზამთარია”... ნომინაციების სიმრავლე და მრავალფეროვნება, თეო ხატიაშვილის თქმით, სარეკლამო საქმის პოპულარიზაციის სურვილმა განაპირობა.

ბევრ კომპანიას, როგორც აღმოჩნდა, ჰქონდა, თეო ხატიაშვილის თქმით, ”უსაფუძვლო ამბიცია”. მათ უარი თქვეს იმის გამო, რომ ფესტივალი არ იყო საერთაშორისო. არადა, ”ოქროს ვაშლი” წელს მეორედ ტარდება და საქართველოში არ არსებობს რეკლამის ამაზე უფრო ავტორიტეტული ფესტივალი - თავისი სპონსორებით, ჟიურით, საზეიმო გახსნა-დახურვით... თუმცა იმასაც გაგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს საქართველოში არაერთხელ უცდიათ რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაც... უბრალოდ, ქართული პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დასავლურისას.. თეო ხატიაშვილის თქმით, რეკლამის ავტორებმა ადგილობრივ ფესტივალს ბოიკოტი კი არ უნდა გამოუცხადონ, არამედ იმაზე უნდა იფიქრონ, რატომ არ ფასდება მათი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე, რა არის ქართული რეკლამის მთავარი ნაკლი - ტექნიკური ხარისხი, იდეების სიღარიბე?

თეო ხატიაშვილმა გვთხოვა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ფესტივალზე სულ რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესაძლებელია, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ერთფეროვნების მიზეზიო, გვითხრა თეო ხატიაშვილმა. ეს ეხება არა მარტო რეკლამის ტექნიკური დამზადების დონეს, არამედ დრამატურგიას, შესრულებას, ორიგინალურობას.

”ჟანრობრივადაც მწირი არჩევანია. მაგალითად, იყო ანიმაციური რეკლამის ნომინაცია.. და აქაც ძალიან გაგვიჭირდა გამორჩევა ერთი მარტივი მიზეზის გამო: სულ რაღაც სამი რეკლამა იყო წარმოდგენილი... არადა, ანიმაცია, როგორც მითხრეს ჩემზე უფრო გარკვეულმა ადამიანებმა, არც მაინცდამაინც ძვირი ჯდება და უფრო მეტ საშუალებას იძლევა წარმოაჩინო ორიგინალური იდეა”, - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.

მაგალითად, როცა ადვილად საცნობ პროდუქტს უკეთებენ რეკლამას, ურჩევნიათ თავად პროდუქტი გადაიღონ კარგად და არა ანიმაცია, - გვითხრა თეო ხატიაშვილმა. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვისაუბროთ მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულებაზეც - რეკლამის დამზადებისას საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ მაყურებელი ვერ იღებს პირობითობას, განზოგადებას. მასზე უფრო მეტად სწორხაზოვანი რეკლამა მოქმედებს... რეკლამის ბიზნესში ჩართული ხალხის დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ, - თეო ხატიაშვილის თქმით, - იმაშიც ჩანს, რომ სოციალური რეკლამა ვერაფრით გახდა პოპულარული - გავრცელებულია აზრი, რომ ქართველი მაყურებელი გულგრილია სოციალური პრობლემების მიმართ და, შესაბამისად, სოციალური რეკლამის მიმართაც.

მაგრამ ამ სფეროს განვითარება მაშინ მოხდება, როდესაც სოციალური პრობლემების მიმართ ინტერესი ქვეყანაში გაიზრდება და, რაც მთავარია, პროფესიონალი ქართველი კინორეჟისორები დაძლევენ ქედმაღლობას და გაიხსენებენ, რომ რეკლამის კეთებაზე უარი არ უთქვამთ მსოფლიოს სახელგანთქმულ რეჟისორებს, რადგანაც რეკლამა აზრის ლაკონიურად მოწოდების საშუალებას იძლევა და ძალიან ბევრ რეჟისორს მოსწონს ეს ექსპერიმენტი. ქედმაღლობას თუ დაძლევენ და ცნობილი რეჟისორებიც თუ ჩაერთვებიან სარეკლამო ბიზნესში, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება ქართული რეკლამის ხილვა საერთაშორისო ფესტივალებზეც. მაშინ უკვე შესაძლებელი გახდება ”ოქროს ვაშლი” საერთაშორისო ფორუმი გახდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG