Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმია იდეალსა და რეალობაში


30 აპრილს საქართველოს არმია 19 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა გადაიტანეს ოთხი სხვადასხვა ინტენსივობის შიდა კონფლიქტი, პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის არმიასთან, საქართველოს ქვედანაყოფებმა საბრძოლო ამოცანები შეასრულეს კოსოვოში, ერაყში და ასრულებენ ავღანეთში. ახალგაზრდა არმიის ისტორიამ იცის სასახელო საბრძოლო ოპერაციებიც და წარუმატებელი ბრძოლებიც. ამ 19 წლის განმავლობაში სამხედრო ძალებმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად და, ალბათ, გაიღებენ მომავალშიც. და მიუხედავად ყველაფრისა, არმია მაღალი ნდობით სარგებლობს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის და კვლავაც იზიდავს ახალგაზრდებს საკუთარ რიგებში.

ნებისმიერი - თუნდაც ყველაზე დამშვიდებულ და უსაფრთხო გარემოში მყოფი - ქვეყნის არმია ბრძოლისათვის, მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად და მის გასანადგურებლად ემზადება. საქართველოს არმიასაც იგივე ამოცანა აქვს, ოღონდ გაცილებით უფრო რთულ, სტრატეგიულად წამგებიან პოზიციაში. უკვე ორი წელი შესრულდება, რაც მოწინააღმდეგის არმია იმყოფება დედაქალაქიდან 35 კილომეტრში და, ომის განახლების შემთხვევაში, რამდენიმე წუთში შეუძლია ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა და შორსმსროლელი არტილერიის რამდენიმე ზალპით პანიკისა და არეულობის გამოწვევა დედაქალაქის მოსახლეობაში. ასეთ ვითარებაში ძალიან თავზე ხელაღებული უნდა იყო ახალგაზრდა, რომ ისურვო ჯარისკაცობა, გაატარო ახალგაზრდობის საუკეთესო წუთები ყაზარმებში და მომქანცველი ვარჯიშის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე იყო:

„მარჯვენა მხარეს! ერთი, ორი! შეწყვიტე მოძრაობა! ასე მტერი დაგეღალოს!“ „თქვენც ასევე, ბატონო სერჟანტო!“

მთელი 19 წლის განმავლობაში, ყველა თაობის ქართველ მებრძოლებს სჯეროდათ, რომ მოქანცავდნენ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე. ამ რწმენის გარეშე ჯარისკაცი არაფერია. გამარჯვების სჯეროდათ ცუდად აღჭურვილ და ცუდად ორგანიზებულ ქართველ მეომრებს 1992-93 წლებში გაგრაში, სოხუმში, ოჩამჩირესა და ტამიშში. ამ რწმენით მიდიოდნენ კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარისკაცები 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებისაკენ.

„იმ შემართებით იყვნენ ბიჭები, რომ მე მჯეროდა იმ მომენტში, ნაღდად მჯეროდა, რომ ჩვენ, შეიძლება ძალიან ისეთ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ცხინვალსაც დავიბრუნებდით ამ შემართებით, ამ თავდადებით. დასაბრუნებელს დავიბრუნებდით.“

ეს ხმა რადიო თავისუფლების არქივიდანაა. ისევე როგორც სხვა, უფრო მძიმედ მოსასმენი ხმები, რომლებიც ომის ცვალებად და ტრაგიკულ სურათს ასახავენ. ცხინვალის შუაგულამდე მისულმა ქართულმა არმიამ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის ავიაციის თავდასხმების შედეგად, მძიმე დანაკარგებით დაიწყო უკან დახევა. საბრძოლო სულისკვეთება ნელ-ნელა ეცემოდა. რუსული ავიაცია კი უფრო ღრმა რეიდებს ახორციელებდა და უკვე დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ორმა რუსულმა ბომდამშენმა გორის შესასვლელში მდგარი სამხედრო ბაზა და საცხოვრებელი სახლები დაბომბა.

„ მიშველეთ, ხალხო! გიაა! არა, არა! „

2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს არმიამ დატოვა გორი, დატოვა კოდორის ხეობა, დიდი და პატარა ლიახვის ქართული სოფლები. რუსეთის არმიამ დაიკავა ახალგორი და გავიდა ბაზალეთის ტბამდე. ქართული ჯარის დიდი ნაწილისა და მისი საბრძოლო ტექნიკის გადარჩენა მოხერხდა. ბრძოლის ველზე მოკლული დარჩა 170 ჯარისკაცი და ოფიცერი. ათეულობით მძიმე ტექნიკა, რამდენიმე ერთეული თვითმფრინავი და მცურავი საშუალება განადგურდა. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო 3000 ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ერთეული საარტილერიო დანადგარი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. თავის მე-18 წლისთავს საქართველოს არმია დემორალიზებული შეხვდა. 2009 წლის 5 მაისს საქართველომ შეიტყო მორიგი სამხედრო ამბოხის შესახებ მუხროვანის სამხედრო ნაწილში. 2001 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს, სწორედ იმავე მუხროვანში გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა ეროვნული გვარდიის ნაწილებმა.

“ამ ამბოხის ორგანიზატორებად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვევლინებოდნენ ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. ამბოხებულების ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მოყვანილია, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში.”

ამ ამბოხის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 41 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. მათგან ორი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკები კახა კობაიძე და დავით სულხანიშვილი მე-3 და პირველი ბრიგადის მეთაურები იყვნენ; ლევან ამირიძე „რეინჯერთა“ ბატალიონის, ხოლო შოთა გორგიაშვილი - ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაური. წარსულში ნაბრძოლი და ხელისუფლების მიერ არაერთხელ დაჯილდოებული ოფიცრები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდა.

საქართველოში აზრი ორად არის გაყოფილი: იყო ეს სამხედრო ამბოხი, ხელისუფლების დამხობის მიზნით, თუ სამხედროების მხრიდან ეს იყო დაუმორჩილებლობა ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი, ჩაეტარებინა ომში დამარცხებული არმიის პომპეზური სამხედრო აღლუმი?

“მე რომ ხელისუფლების ჩამოგდების გეგმა მქონოდა, ამის განსახორციელებლად და სამხედრო ნაწილის თბილისისკენ დასაძვრელად საკმარისი დროც მქონდა და შეიარაღებაც. ნაწილში 70 ერთეული ჯავშანტექნიკა მყავდა. მაგრამ მე მხოლოდ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების წინააღმდეგი ვიყავიო ”, – განაცხადა თავის ბოლო სიტყვაში ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა გორიგაშვილმა, რომელსაც მოსამართლემ 19 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა.

ღმერთო, რატომ არიან ქართველი სამხედროები ასეთი მიამიტები?!

ბრძანებას შეგიძლია არ დაემორჩილო და გააპროტესტო, მაგრამ სამხედრო მეთაურმა პროტესტი შესაბამისი ფორმით უნდა გამოხატოს ან სამხედრო ფორმის გახდით და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებით. თანაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელმაც 1991-92 წლების საშინელი სამოქალაქო ომი და სამხედრო გადატრიალება გადაიტანა, ვერ დააჯერებ, რომ 5 მაისს, როდესაც ოპოზიცია თბილისის შემოსასვლელების გადაკეტვას აპირებდა, მის ერთ-ერთ შემოსასვლელთან ახლოს მდგარ მუხროვანის სატანკო ნაწილში რამდენიმე მეთაური მხოლოდ დაუმორჩილებლობისთვის შეიკრიბა - მათ შორის, პროფესიონალი “მეამბოხე” კობა ოთანაძე, რომელმაც 2001 წლის მაისში, პოლკოვნიკ გია კრიალაშვილთან ერთად, ერთხელ უკვე მოაწყო “მშიერი ბუნტი” მუხროვანის სამხედრო ბაზაზე.

გია კრიალაშვილი მოკლულია. კობა ოთანაძე კი – დუმს.

არმიამ კი მალე მოიშუშა კიდევ ერთი ჭრილობა. ესეც სამხედრო სტრუქტურის თავისებურებაა - მიწას მიაბაროს და გამოიტიროს დაღუპულები, დაივიწყოს „პოლიტიკურად არასაიმედო“ თანამებრძოლები, შეივსოს დანაკარგები და მოემზადოს ახალი ოპერაციებისათვის. მით უფრო, რომ 19 წლის ქართულ არმიას „ვეფხვის წელიწადში“ დიდი გამოცდის ჩაბარება ელოდება.

„ეს არის წელი ძალების მოკრეფის, მერე შემდგომი ნახტომისთვის გამზადების და ჩვენ ამ ნახტომს სწორი მიმართულებით აუცილებლად გავაკეთებთ.“

2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს მთავარსარდლის ამ სიტყვებისა, შესაძლოა, ბევრს არ სჯეროდეს, თუმცა შეიძლება, პირიქით, ბევრს სჯეროდეს, მაგრამ მხოლოდ სასურველი შედეგის მოლოდინში იყოს. მაგრამ ძალიან ცოტანი არიან ისინი, ვინც პოლიტიკოსების ნახტომის აცილების შემთხვევაში პირველ დარტყმას საკუთარ თავზე მიიღებენ. დღეს 19 წლის ქართულ არმიის რიგებში სწორედ ასეთი თავზეხელაღებული, მამაცი, ბრძოლის ჟინით შეპყრობილი ადამიანები დგანან და, როგორც ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა, „სხვანაირად არ ძალუძთ“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG