Accessibility links

მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, ბაკურიანში, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა წაიკითხა მოხსენება საარჩევნო შეცდომებზე და, სხვა საკითხებთან ერთად, ქართული პოლიტიკის ერთი მავნე ტენდენცია ახსენა. ამ ტენდენციას შეიძლება დავარქვათ „ხელისუფლება შობს ხელისუფლებას“.

საკითხი სერიოზულ ფიქრს და ანალიზს იმსახურებს, რადგან ბევრ მტკივნეულ ქვეთემას მოიცავს. რას ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა ახერხებს, რომელიც თავად ხელისუფლების წიაღშია წარმოქმნილი? რატომ ხდება, რომ ხელისუფლების ხლეჩის შედეგად ჩამოყალიბებული ძალა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტია? და რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლების წიაღში დაბადებული ოპოზიცია, არჩევნების გზით მიიღოს ლეგიტიმური ძალაუფლება? რატომ ვითარდება „ძველების“ და მისი განაყოფი „ახლების“ ურთიერთობა მაინცდამაინც უმწვავესი დაპირისპირების, ომის და რევოლუციის გზით?

2013 წლის მოახლოებასთან ერთად, იზრდება საფრთხე, რომ ზემოთ აღწერილი ტენდენცია ახალი მაგალითებით გამყარდეს და კვლავ გადაუჭრელი დარჩეს ხელისუფლების მშვიდობიანად, საარჩევნო ვადებში შეცვლის ამოცანა. პირველი და ყველაზე მთავარი მექანიზმი, რაც სახელისუფლო პარტიას არსებითი ხლეჩისგან დაიცავს, რეალური ოპოზიციის გაძლიერებაა. როდესაც ოპოზიციაში არის თუნდაც ერთი პარტია, რომელსაც მოსახლეობაში ძლიერი დასაყრდენი აქვს, ხელისუფლებისგან წამოსულ ოპოზიციას გაცილებით ნაკლები შანსი რჩება, ხალხის ნდობა მოიპოვოს. მაგრამ როდესაც ოპოზიციური პარტიები და ლიდერები მეტისმეტად სუსტები არიან, პროტესტულად განწყობილ მოსახლეობას ცვლილებების მისაღწევად ერთადერთი გზა რჩება – ნდობა გამოუცხადოს ყოფილ ხელისუფალს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადამიანური და ფინანსური რესურსის შემოკრება შეუძლია.

ამიტომ, სახელისუფლო პარტიების ამოჩემებულ სტრატეგიას, რომ არ დაუშვან ოპოზიციური პარტიების გაძლიერება, საბოლოო ჯამში, მათთვისვე მოაქვს ვნება. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდშიც კი, როდესაც ფინანსური ნაკადები გაცილებით ნაკლებად ექვემდებარებოდა კონტროლს, ვიდრე დღეს, ვერც ერთი რეალურად ოპოზიციური პარტია ვერ განვითარდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ მიზანს პოლიტიკური ხერხით მიაღწია: 7%–მდე გაზრდილმა საარჩევნო ბარიერმა, ერთი მხრივ, მძიმე დარტყმა მიაყენა არსებულ პარტიებს და, მეორე მხრივ, კარგა ხნით შეაჩერა ახალი პარტიების წარმოქმნის პროცესი.

სამაგიეროდ, სახელისუფლო პარტიის ყოველმხრივი გაძლიერების პარალელურად, ედუარდ შევარდნაძემაც და მიხეილ სააკაშვილმაც ხელი შეუწყეს იმგვარი პარტიების შექმნას, რომლებიც დეკლარირებულად ოპოზიციურები არიან, ფაქტობრივად კი – პროსახელისუფლო. ამ ფაქტის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ზურაბ ჟვანიას პარლამენტში, სულ მცირე, ორი ოპოზიციური პარტია ეხმარებოდა ხელისუფლებას „მძიმე“ კენჭისყრებში, მაგალითად, ბიუჯეტის მიღების ან მისი შესრულების დამტკიცების დროს. დღევანდელ პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და კენჭისყრისას დახმარება აღარ სჭირდება. თუმცა, არჩევნებისთვის დემოკრატიული იმიჯის მინიჭება სჭირდება და საარჩევნო სპექტრთან დაკავშირებით ყოველთვის ისმის შეკითხვა: ესა თუ ის პარტია მართლა ოპოზიციურია, თუ ვითომ ოპოზიციური?

ხელოვნური ოპოზიცია, სინამდვილეში, ხელისუფლებას შიდა გაყოფისგან ვერ იცავს. და კრიტიკულად განწყობილი ელექტორატიც ხელისუფლების განაყოფ გაბრაზებულ ძალას გაცილებით მეტად ენდობა, ვიდრე ძლიერ სატელიტ ან სუსტ არასატელიტ პარტიებს. ყოფილ სახელისუფლო ლიდერებს კი, ტრადიციული ოპოზიციისგან განსხვავებით, ერთი თავისებურება ახასიათებთ: მათ მოცდა არ უყვართ. სწრაფად ქმნიან პარტიას, სწრაფად პოულობენ მოკავშირეებს და სწარაფადვე მოდიან ხელისუფლებაში ან – მარცხდებიან. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა ეს გზა წარმატებით გაიარა, ირაკლი ოქრუაშვილმა – წარუმატებლად. ხალხის მხარდაჭერა ორივეს ჰქონდა, მაგრამ პირველს გაცილებით უუნარო ხელისუფლებასთან მოუხდა დაპირისპირება, ვიდრე – მეორეს. შინაგანი რესურსიც პირველს მეტი აღმოაჩნდა, ვიდრე – მეორეს.

2013 წლამდე დარჩენილ დროში ხელისუფლების გარეთ არსებული რომელიმე პარტია ან კოალიცია ქმედით ოპოზიციად თუ არ ჩამოყალიბდა, თითქმის გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ სახელისუფლო პარტია საკუთარი წიაღიდან კიდევ ერთხელ გამოტყორცნის ძლიერი ოპოზიციური მუხტის მატარებელ ძალას. და, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დამტკიცდეს თუ განმტკიცდეს ალგორითმი: ხელისუფლება შობს ხელისუფლებას. როგორც ვხედავთ, ეს ტენდენცია ქვეყნის განვითარებას არათუ ვერ უზრუნველყოფს, არამედ – სერიოზულად აფერხებს.
XS
SM
MD
LG