Accessibility links

logo-print

დღეს ბათუმის ”ინტურისტს” საჯარო აუქციონზე გამოიტანენ


დღეს აჭარის სააღსრულებო ბიურო ბათუმის სასტუმრო "ინტურისტის" გაყიდვას შეეცდება. ამჟამად უკვე „ინტურისტ პალასად“ წოდებული კომპლექსის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება იძულებითი საჯარო აუქციონით იყიდება, მიზეზი კი ის დავალიანებაა, რაც სასტუმროს დაუგროვდა. ზუსტად რა ოდენობისაა ეს დავალიანება, საჯაროდ არ სახელდება. ის კი ცნობილია, რომ „ინტურისტ პალასის“ საწყისი გასაყიდი ფასი 35 მილიონ ლარს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის "ინტურისტი" პირველი ობიექტი იყო, რომელიც აჭარაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. მაშინ მის მფლობელად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლევან თურმანიძე გამოცხადდა. მოგვიანებით, ხელოვნებათმცოდნეებთან და ურბანისტებთან დიდი დაპირისპირების ფონზე, სასტუმროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მეხუთე სართულად საპრეზიდენტო აპარტამენტებიც დააშენეს. ბოლო დროს „ინტურისტ პალასს“ უკვე ებრაული კომპანია მართავდა და მის 148 ნომერს დღეში 100-დან 360 დოლარამდე ფასად აქირავებდა, თუმცა ამ მაღალმა ფასებმაც ვერ უზრუნველყო სასტუმროს გადამხდელუნარიანობა.
XS
SM
MD
LG