Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგის გზა თბილისადან ცხინვალამდე და პირიქით


ჰამარბერგი ხვდება ცხინვალში დაკავებული ადამიანების ნათესავებს, ერგნეთი
ჰამარბერგი ხვდება ცხინვალში დაკავებული ადამიანების ნათესავებს, ერგნეთი
დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კოკოითის ხელისუფლების სახალხო დამცველს დავით სანაკოევს და უგზო-უკვლოდ დაკარგილი ოსი მოქალაქეების ნათესავებს შეხვდა.

აგვისტოს ომის შემდეგ ოსური მხარე სულ შვიდ უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებს და ჰამარბერგისგან პირველ რიგში მათ მოძებნას ითხოვს. ცხინვალში შეხვედრების შემდეგ ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობდა და ჩაშლის პირას იყო. თავადაც ფიქრობდა, რომ შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ბოლო შეხვედრებისას, როგორც ქართული, ისე ოსური მხარის მონდომებით, პროცესი ადგილიდან კვლავ დაიძრა.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ძალისხმევით ცხინვალის ციხიდან სამი ქართველი გუშინ გათავისუფლდა. ჯამლეთ ჯამრიშვილი, ლევან ბიგანიშვილი და გენადი წითლაური სამ თანასოფლელთან ერთად გასული წლის აგვისტოში სოფელ ლამისყანის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ჰამარბერგმა ერგნეთის საგუშაგოზე განაცხადა, რომ მან ცხინვალში პირობა მიიღო, რომ დარჩენილ სამ ლამისყანელსაც უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

ოსურმა მხარემ სამი დაკავებული ქართველის გათავისუფლება კეთილი ნების ნაბიჯად გამოაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა დავით სანაკოევმა აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობის გააქტიურება როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად, ისე დაკავებულთა გასათავისუფლებლად. ცნობილია, რომ ოსური მხარე მოითხოვს ყველა დაკავებულის გათავისუფლებას პრინციპით –ყველა ყველაზე.

ჰამარბერგმა ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველები მოინახულა, სამი მათგანი კი ერგნეთში გადმოიყვანა. იქ შეკრებილი დაკავებულების ნათესავების ნაწილი მას მადლობას ეუბნებოდა, მეორე ნაწილი კი აღშფოთებას იმის გამო ვერ მალავდა, რომ მათი ოჯახის წევრების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ცხინვალის ციხეში აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფება სამხედრო ტყვე ზვიად კობალაძე. მისი ძმის, გიორგი კობალაძის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ერგნეთში იმყოფებოდა ფრონეს ხეობის გამგებელი გიორგი კაპანაძე, რომელიც ჟენევის დისკუსიებში ქართული დელეგაციის წევრია. მის ძმას დავით კაპანაძეს ოსურმა მართლმსაჯულებამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ გიორგი კაპანაძეს არ სჯერა, რომ მისი ძმა ვადის გასვლის შემდეგ მაინც გათავისუფლდება, რადგან მისი აზრით ოსური მხარე ვაჭრობს და მშვიდობიანი მძევლების სანაცვლოდ ცნობილ ოს კრიმინალებს ითხოვს.

სამი ლამისყანელის გათავისუფლებამდე ქართულმა მხარემ ექვსი ოსი ეროვნების პირი გაათავისუფლა. ეს ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდის მიმდინარეობისას მოხდა. ქართველმა სამართალდამცავებმა ამ აქტს კეთილი ნების ნაბიჯი უწოდეს. იგივე შეფასება მისცეს კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვირას სამი ქართველის გათავისუფლებას. მართალია, გაცვლაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტია, რომ თითოეული დაკავებულის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ხანგრძლივად მიმდინარეობს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში კიდევ 11 დაკავებული რჩება. ქართული მხარე მათ გათავისუფლებას მოითხოვს. ოსური მხარის მოთხოვნა კი ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულის მოძიება და ყველა დაკავებულის გათავისუფლებაა პრინციპით – ყველა ყველაზე. ”ყველაში” ოსური მხარე აგვისტოს ომამდე დაკავებულ იმ ოსი ეროვნების მოქალაქეებს გულისხმობს, რომლებიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულის, მათ შორის - გორის ტერაქტის მოწყობისთვის - არიან მსჯავრდებულები.
XS
SM
MD
LG