Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის თავისუფლების დღე საქართველოში


3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. საქართველო ამ დღეს ხვდება ”ნახევრად თავისუფალის” სტატუსით, როგორც ეს ”ფრიდომ ჰაუსის” სულ ბოლო ანგარიშშია აღნიშნული. როგორ აფასებენ დღეს პრესაში არსებულ ვითარებას მოქმედი თუ დამწყები ჟურნალისტები და რას სთავაზობს მედიას არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”?

შეფასება - ”ნაწილობრივ თავისუფალი”, 126-ე ადგილი, 59 ქულით - ”ფრიდომ ჰაუსის” ბოლო ანგარიშში ”პრესის თავისუფლება 2010”; რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ქართული რეგიონალური გაზეთების მიმართვა, სათაურით „მოგვეცით საჯარო ინფორმაცია“; ორიოდე თვის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული ე.წ. მოდელირებული ქრონიკა - ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ამბებისა, რომლებიც 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საქართველოში შეიძლება გავიხსენოთ. ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლებას საფრთხე არ ექმნება. ამის დასტურია 27 აპრილს ლოს ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში, გამართული კონფერენცია, სადაც საუბარს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი უძღვებოდა. ჯეფრი გედმინმა საქართველოს პრეზიდენტს სთხოვა შეეფასებინა მისი ოპონენტების აზრი მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებული ხარვეზების შესახებ. მიხეულ სააკაშვილის პასუხი ასეთი იყო:

„პრესას რაც შეეხება, ეს სრული სისულელეა. ამას ოპოზიცია მიამიტ უცხოელებს მიასაღებს ხოლმე, სხვათა შორის, თქვენს რადიოსადგურსაც, მაგალითად. ხშირად მესმის კრიტიკა, აქაოდა ტელევიზია არ არის თავისუფალიო. საქართველოში არის ტელეარხები, რომლებიც მთავრობას ემხრობიან, მაგრამ არის სადგურები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან მთავრობას, სძულთ მთავრობა, მაგრამ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილნიც კი მაინც ნაკლებად კეთილი თვალით გვიყურებენ, ვიდრე, ვთქვათ, CNN-ი -დემოკრატიულ პარტიას. საქართველოში ბეჭდვითი მედიის 95 პროცენტი მთავრობის წინააღმდეგია.“
ამ დროს კი ”ახალი გაზეთის”, ”გურია ნიუსის”, ”ბათუმელების”, ”კახეთის ხმის”, ”თავისუფალი სიტყვის” და კიდევ არაერთი რეგიონალური გაზეთის ჟურნალისტები მიმართავენ სწორედ საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის მთავრობას, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეების თვითნებობა, მოხელეებისა, რომლებიც ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციას უმალავენ. როდესაც ამ უკანასკნელ ხანებში ჟურნალისტები, მედიაკრიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პრესის თავისუფლების ხარისხზე ლაპარაკობენ, მედიის მდგომარეობის შეფასებას მუდამ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდიდან იწყებენ.

მანანა კობახიძე
”2004 წლიდან თავისუფალი პრესის მდგომაროება მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში. ჩვენ წინ ვუსწრებთ მხოლოდ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანას ან შუა აზიის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით კი, ჩვენ ვართ საკმაოდ უარყოფით ვითარებაში და, მართალია, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიუთითებს, რომ საქართველოში ჟურნალისტებს არ კლავენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტების საქართველოში დაცულნი არიან”, - განაცხადა 3 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ, რომელმაც ყველა ჟურნალისტს, რომელთა საქმიანობაშიც უხეშად ჩაერევა ხელისუფება, მოუწოდა დაიცვან საკუთარი უფლებები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ევროპულ სასმართლოშიც. ეს იქნება მოგებული საქმე საქართველოს წინააღმდეგ, თქვა კობახიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის არც ერთი საქმე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშიც შევიდა, დღემდე გამოძიებული არ არის: სწორედ ამ საქმეების გამოძიებისაკენ მოუწოდა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პროკურატურას 3 მაისს საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე.

კახეთი ერთ-ერთი ის რეგიონია, სადაც ჟურნალისტებს ხშირად ავიწროებენ. მაგალითად, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მასზე 2005 წლიდან დღემდე არაერთი თავდასხმა განხორციელდა. თუმცა, მისი თქმით, არც ერთი ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის:

”სისხლის სამართლის საქმეები სხვადასხვა მუხლებითაა აღძრული - ბოროტი ხულიგნობის, განზრახ მკვლელობის, ცემის და ა.შ., მაგრამ ამაოდ. არც ერთი საქმე არ გამოიძიეს. უფრო მეტიც, შს სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გოჩა თედიაშვილმა, მაშინ მითხრა, საერთოდ იქნებ შეეშვა ჟურნალისტურ საქმიანობას, მაინცდამაინც ხომ არ უნდა მოგკლანო?”

მინიმუმამდე დასული სარედაქციო დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ხელისუფლების გაზდრილი გავლენა ელექტრონულ მედიაზე, მედიის მფლობელების და მთავრობის ახლომეგობრული ურთიერთობები, სამართალდამცველების სრული ინდიფერენტიზმი ჟურნალისტების უფლებების დარღვევის მიმართ, ოპოზიციურად განწყობილი გაზეთების დახურვის თუ მათზე ზეწოლის ფაქტები - ეს არის საკითხები, რომელთაც გვერდს ვერავინ უვლის, როდესაც პრესის თავისუფლებაზეა ლაპარაკი. მაგალითად, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბოლო წლების მუდმივ და მთავარ პრობლემად ასახელებს სარედაქციო თავისუფლების უზრუნველყოფას, მედიამფლობელების გასაიდუმლოებულ ვინაობას და ბუნდოვან ფინანსურ დინებებს.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ელისო ჩაფიძე, ერთ საინტერესო ტენდენციაზე ლაპარაკობს: განსხვავებით რამდენიმე წლის წინანდელი სიტუაციისგან, დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს თანამშრომლობა ბეჭდვით და ელექტრონულ მედიას შორის - თუ ადრე გაზეთი დაწერდა საინტერესო თემაზე, შემდეგ, როგორც წესი, ამ თემას დანარჩენი მედიაც აიტაცებდა, მთელი მედია მსჯელობდა, რაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ეს ხიდი დღეს აღარ არსებობს. სამაგიეროდ, როგორც ჩაფიძე ამბობს, ვეღარ შუქდება სასამართლოს სხდომები, ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო აღარ არის, მაგალითად, რომელიმე ჩინოვნიკმა რა რაოდენობის პრემია მიიღო და ა.შ...

რადიო თავისუფლებამ აზრი დამწყებ ჟურნალისტებსაც ჰკითხა - მათ, ვინც ახლა ეუფლება რეპორტიორის პროფესიას. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ვკითხეთ, არის თუ არა, მათი აზრით, პრესა საქართველოში თავისუფალი და როგორ ხედავენ ისინი ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები: ზურაბ ბალანჩივაძე, ანი ბერუკაშვილი და ირინა ალიაშვილი.
ზურაბ ბალანჩივაძე: ”ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თუ რამე მაინტერესებს, ინტერნეტით ვიგებ. საერთოდ, მგონია, რომ რაც უფრო პოპულარულია, ხელისუფლება მას უფრო აკონტროლებს და ამის მაგალითია ტელევიზიები. რადიო და პრესა არ არის ისე გავლენიანი საქართველოში და მათ მიმართ ყურადღებაც ნაკლებია.”

ირინა ალიაშვილი: „თუ ჟურნალისტს უნდა რაღაცის თქმა, აუცილებლად იტყვის, რადგან არის იმდენი მედიასაშუალება საიმისოდ, რომ ბევრ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, მაგრამ მეორე პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ნებისმიერ საჯარო ინფორმაციაზე დიდი ბრძოლა გჭირდება, რომ გამოითხოვო.”

ანი ბერუკაშვილი: ”ჩემი აზრით, თუნდაც ტელევიზიაში ვინც მუშაობს, არავინ არ აღიარებს, რომ ვიღაც აიძულებს რაღაცის კეთებას. ისინი ამბობენ, რომ მათ ასე სწამთ. ამიტომ ეს უკვე ინდივიდუალური არჩევანია. თუ ისე არ გწამს, წახვალ და სხვაგან გააშუქებ, სადაც ამის მეტი შესაძლებლობაა.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG