Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსი საქართველოსთვის” პროკურატურას მიმართავს


2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პოლიტიკური გაერთიანება ”ალიანსი საქართველოსთვის” რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. საუბარია პრობაციონერებისა და პატიმრების ოჯახის წევრების დაშანტაჟებაზე საპარლამენტო არჩევნებში, ერთი მხრივ, ხმა მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მიეცათ, მეორე მხრივ კი, ამავე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა სიები შეეგროვებინათ. იმის მთავარ მტკიცებულებად, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების აღნიშნული სქემა არსებობს, ”ალიანსი საქართველოსთვის” ტელეკომპანია ” კავკასიის” ეთერით ”კვირის რეპორტაჟში” გასულ სიუჟეტს მიიჩნევს.

”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ”კვირის რეპორტაჟში” გასული სიუჟეტი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს, კერძოდ, პრობაციონერებისა თუ პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს ართმევს ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არჩევანის თავისუფლების უფლებაა.

” ამ გადაცემამ ცხადყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა და ასევე პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელობა ერთობლივად ახდენდნენ ზეწოლას პრობაციონერებზე, პრობაციონერთა ოჯახებზე, პატიმრების ოჯახებზე, რათა მათ მოეპოვებინათ დამატებითი ხმები ზეწოლის მეშვეობით არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად. და ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურატურისგან, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.”

ირაკლი ალასანია შენიშნავს, რომ 2 წლის წინათ ჩატარებული არჩევნების ამ კონკრეტული სქემით გამყალბებელთა პასუხისმგებლობის დაყენება ერთგვარი პრევენცია იქნება კარს მომდგარი ადგილობრივი არჩევნების სამართლიანობისთვის. ამას გარდა, „ალიანსი“, ამ და სხვა ტიპის საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მიზნით, საქმის კურსში აყენებს როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. 3 მაისს, მაგალითად, ერთი ასეთი შეხვედრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ

პატიმრების ოჯახებსა და პრობაციონერებზე ზეწოლა ზემოხსენებული - უკვე აპრობირებული - მეთოდით დღესაც გრძელდება.

” ასეთი ინფორმაცია არა მაქვს და დარწმუნებული ვარ ასეთი რამ არ ხდება. თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი არის, სიამოვნებით მე თვითონვე ჩავერთვები, რათა ვნახოთ რეალურად რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. ერთი რამის თქმა შემიძლია - ისეთი სქემის მოფიქრება, რომ სია შევადგინო და შემდეგ გავაკონტროლო, ვინ ვის მისცა ხმა, შეუძლებელია”, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

სხვაგვარად ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელო დირექტორი გიორგი ჩხეიძე:

” როგორ არის შეუძლებელი?! ამის გაგება შეგიძლია, თუ გყავს საკმარისი რაოდენობის ადამიანური რესურსი, ანუ უბნის კოორდინატორები, კორპუსის კოორდინატორები, სადარბაზოს კოორდინატორები. თავისთავად ამ აღრიცხვაში არაფერი უკანონო არ არის, თუ ამას წინ არ უსწრებს ისეთი მაქინაციები, რაზეც საუბარია. კერძოდ, პრობაციის სიების გამოყენება, დაშინება და ასე შემდეგ.”

ამ ჩამონათვალში შეიძლება ჩაიწეროს ასევე პატიმრის ოჯახთან გარიგებაც, მხარდამჭერთა მობილიზების სანაცვლოდ, მსჯავრდებულის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შესახებ. გიორგი ჩხეიძისთვის უცნობია, რა ვითარებაა ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში. 2008 წელს კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახებზე ზეწოლის შესახებ განცხადებები შედიოდა, თუმცა განმცხადებლები უმეტესად ანონიმურად დარჩენას ამჯობინებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დარღვევების შესახებ მტკიცებულებების მოპოვება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენდა, მოგვიანებით ტენდენციები აისახა როგორც ახალგაზრდა იურისტთა, ასევე ეუთოს დასკვნებში. ”კვირის რეპორტაჟში” გასულმა სიუჟეტმა სწორედ მტკიცებულებების არარსებობის პრობლემა მოხსნა. შესაბამისად, გიორგი ჩხეიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ პროკურატურა საქმით უნდა დაინტერესდეს და პასუხი გაეცეს შეკითხვებს, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფო უწყებიდან პრობაციონერთა შესახებ ინფორმაციის გატანას და ამ ინფორმაციით მანიპულირებას.
XS
SM
MD
LG