Accessibility links

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ამომრჩეველს, რომელსაც ამა თუ იმ მისამართზე რეგისტრაცია მესაკუთრის განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, კვლავაც ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს 30 მაისის არჩევნებში. ამომრჩევლის უფლებას ისინი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუკი უახლოეს დღეებში შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართავენ საოლქო საარჩევნო კომისიებს. კერძოდ, რა კატეგორიის პირებზეა ლაპარაკი და რატომ არის სადავო არჩევნებში მათი მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი?

პოტენციური ამომრჩევლები, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2 მაისის დადგენილება ეხებათ, ამ ეტაპისთვის, ასე ვთქვათ, ”უმისამართო მოქალაქეები” არიან. ისინი აღარც ძველ საცხოვრებელ ადგილზე ირიცხებიან და ჯერჯერობით - არც ახალზე. თუმცა ამ კატეგორიის პირებს, როგორც ცესკოს სპიკერი ჯული გიორგაძე განმარტავს, ერთგვარი უკანასკნელი შანსი ეძლევათ:

”ცენტრალურმა სააჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ ხმის მიცემის უფლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან 14 მაისის ჩათვლით მათი უკანასკნელი რეგისტრაციის საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათ უნდა წარადგინონ განაცხადი და, შესაბამისად, უნდა მიიტანონ პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც უნდა დაერთოს განაცხადს.”

როგორც მოვისმინეთ, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ ამა თუ იმ პირს (დაახლოებით 12 200 ადამიანს) ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვედრის შანსი ”ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით” ექნებათ. ბოლო რეგისტრაციის ადგილი კი სწორედ ის ადგილია, საიდანაც ესა თუ ის პირი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე მოიხსნა. ეს ლოგიკა აბსოლუტურად გაუგებარია თინა ხიდაშელისთვის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის, რომელიც ცესკოს 2 მაისის გადაწყვეტილებას კანონის დარღვევად მიიჩნევს:

”საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლში შავით თეთრზე ცალსახად წერია, რომ ადამიანები ხმას აძლევენ მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ცესკომ 2 მაისს დაადგინა განსხვავებული წესი... ცესკომ თქვა, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კი არ აძლევენ ხმას, არამედ რაღაცა ვირტუალური მისამართებით აძლევენ ხმას... ეს არის უკანონო. აღმოჩნდა დარღვევები, დადასტურდა დარღვევები ერთი სახელმწიფო უწყების მიერ და, ამასობაში, ეს დარღვევები ისევ სიაში დაბრუნდა... სრულიად გაუგებარია, აბსოლუტურად გაოგნებული ვარ...”

დარღვევები, რომლებზეც თინა ხიდაშელი ლაპარაკობს, რესპუბლიკურმა პარტიამ თავადაც გამოავლინა პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული სიების მონიტორინგის პროცესში. იყო ფაქტები, როდესაც, მაგალითად, ამა თუ იმ მისამართზე ბინის მფლობელისთვის უცნობი სხვადასხვა გვარის ათზე მეტი პირი იყო მიწერილი. საერთო ანგარიშით, მონიტორინგის პროცესში რესპუბლიკურმა პარტიამ ”მიწერილ პირებთან” დაკავშირებული 23 ათასი დარღვევა აღმოაჩინა. აქედან დაახლოებით 9 ათასი, თინა ხიდაშელის თქმით, დოკუმენტურად დადასტურებული იყო, დანარჩენ შემთხვევებში კი, მესაკუთრეებმა ”შიშის ან სხვა მიზეზის გამო განცხადება არ დაწერეს.” რესპუბლიკურმა პარტიამ საქმეების შესწავლის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა არანაირი პასუხი არ მიუღია.

ხიდაშელი წინა წლების გამოცდილებას იხსენებს - მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნებს - და ამბობს, რომ ამა თუ იმ მისამართზე მიწერილი პირების პირადობის მოწმობები გაყალბებული იყო და რომ ეს ყველაფერი არჩევნების გასაყალბებლად კეთდებოდა.

გაყალბებაზე არაფერს ამბობს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე. ის, უბრალოდ, განმარტავს, რომ ეგრეთ წოდებული მიწერილი და შემდგომ - მესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე - ამა თუ იმ მისამართიდან მოხსნილი პირები ასეთ მდგომარეობაში კანონის მოთხოვნათა იგნორირების გამო აღმოჩნდნენ:

”ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აღარ ცხოვრობენ იმ მისამართებზე, სადაც ცხოვრობდნენ და, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, რომელიც ყველა მოქალაქეს ავალდებულებს 6 თვის ვადაში, როდესაც საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის, შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილიც (ანუ პირადობის მოწმობა გამოცვალოს და ახალ მისამართზე დარეგისტრირდეს), არ ასრულებენ კანონის ამ მოთხოვნას... და მესაკუთრეთა განცხადებათა საფუძველზე მოიხსნა ეს ხალხი რეგისტრაციიდან.”

გიორგი ვაშაძის განმარტებით, ამ კატეგორიის ადამიანებს პირადობის მოწმობები ამჟამად მხოლოდ მისამართის ნაწილში აქვთ გაუქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არც ერთ მისამართზე არ ირიცხებიან. შესაბამისად, ბევრისთვის გაუგებარია როგორ დააკმაყოფილებენ ასეთი პირები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას და როგორ მისცემენ არჩევნებზე ხმას - რეგისტრაციის არარსებული ადგილის მიხედვით?
XS
SM
MD
LG