Accessibility links

logo-print
გამოთქმა „ეჭვიანობა აბრმავებს“ მხოლოდ მეტაფორა არ გახლავთ. თურმე ეჭვიანობას მართლაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის მხედველობაზე. ამას ადასტურებს ახალი გამოკვლევა, რომელიც ჰეტეროსექსუალურ წყვილებს ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგები ჟურნალ „ემოშენშია“ გამოქვეყნებული.

ექსპერიმენტში, რომელიც დელავერის უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტივენ მოსტისა და ჟან-ფილიპ ლორენსოს ხელმძღვანელობით ჩატარდა, მონაწილეობდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც წყვილები იყვნენ. ქალები ეკრანის წინ დასხეს და სთხოვეს, ფოტოების ნაკადში, რომელიც მათ წინ ჩაივლიდა, ლანდშაფტების სურათები აღმოეჩინათ. სურათებს შორის იყო უსიამოვნო სურათებიც. ცდის მონაწილე ქალები უნდა ცდილიყვნენ, რომ ამ უსიამოვნო სურათებს მათი ყურადღება არ გაეფანტა.

მამაკაცებს კი ეს ლანდშაფტების სურათები უნდა შეეფასებინათ. მაგრამ შუა ექსპერიმენტში გაისმა ახალი მითითება: მამაკაცებს უნდა შეეფასებინათ სხვა ქალების ფოტოები, რომლებიც აგრეთვე იმყოფებოდა ფოტოების ნაკადში.

ექსპერიმენტის ბოლოს მეცნიერთა ჯგუფმა გამოკითხა ქალები, რამდენად შეაწუხა ისინი ეჭვიანობამ, როცა მათი პარტნიორი მამაკაცები უცხო ქალების სურათებს აფასებდნენ. შემდეგ შეადარეს ქალების ეჭვიანობის ხარისხი და მათ მიერ ლანდშაფტების პოვნის მაჩვენებელი.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტად გრძნობდა ქალი ეჭვიანობას, ლანდშაფტების ფოტოების ძიებაში მას უფრო მეტად უშლიდა ხელს უსიამოვნო შინაარსის სურათები. მაგრამ უსიამოვნო სურათებს ეს ხელის შემშლელი ეფექტი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა მამაკაცები უცხო ქალებს აფასებდნენ.

მომდევნო ექსპერიმენტში მეცნიერები როლების შეცვლას აპირებენ და სურთ დაადგინონ - ასევე ეჭვიანები არიან მამაკაცები, როცა მათი პარტნიორი ქალები უცხო მამაკაცების სურათებს აფასებენ?
XS
SM
MD
LG