Accessibility links

logo-print

კომპანია BP მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაზე პასუხისმგებლობას კისრულობს


კომპანია British Petroleum-ის (BP) აღმასრულებელი დირექტორის, ტონი ჰეიუორდის განცხადებით, კომპანია მზად არის, გაიღოს ყველა ხარჯი, რომელსაც მისგან კანონიერად მოითხოვენ მექსიკის ყურეში დიდი რაოდენობით ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ ჰეიუორდმა შეერთებული შტატების მედიას განუცხადა. აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში მან აღიარა კომპანიის პაუსიმგებლობა წყალში ნავთობის ჩაღვრაზე. ხოლო ტელეკომპანია NBC-თან საუბრისას, ჰეიუორდმა განაცხადა, რომ კომპანიამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ნავთობის ლაქის გაწმენდაზე. როგორც BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, კომპანია ემზადება „შესაძლო სცენარებიდან ყველაზე უარესისთვის“, როცა შესაძლოა, ორი-სამი თვე იყოს აუცილებელი დაღვრილი ნავთობის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე ზრუნვა. მექსიკის ყურეში British Petroleum-ის მიერ ოპერირებული, ნავთობის მოსაპოვებელი სადგური 22 აპრილს ჩაიძირა - ორ დღეში მას შემდეგ, რაც ძლიერმა აფეთქებამ სადგურზე დასაქმებული 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და წყალში, ბოლო ინფორმაციით, დღეში 5 000-მდე ბარელი ნავთობის ჩაღვრა გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც 2 მაისს ჩავიდა ლუიზიანაში, მომხდარს „პოტენციურად უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა“ უწოდა. მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა British Petroleum-ს ეკისრება და მანვე უნდა დააფინანსოს ნავთობის გაწმენდა.
XS
SM
MD
LG