Accessibility links

logo-print

„პოტენციურად უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა“


მექსიკის ყურეში სულ უფრო იზრდება ნავთობის ლაქა

მექსიკის ყურეში სულ უფრო იზრდება ნავთობის ლაქა

„პოტენციურად უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა“ - ასე მოიხსენია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნავთობის უზარმაზარი ლაქა, რომელიც სულ უფრო ფართოვდება წყლის ზედაპირზე მექსიკის ყურეში. წყალში ნავთობის ჩაღვრის მიზეზად ასახელებენ ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე წყალქვეშა დანადგარის გასკდომას. შედეგია მწვავე ეკოლოგიური პრობლემები, რომელთა წინაშეც რამდენიმე შტატი აღმოჩნდა. ერთ-ერთში - ლუიზიანის შტატში - პრეზიდენტი ობამა ჩავიდა დაღვრილი ნავთობით მიყენებული ზარალის სანახავად.

შტატში, რომელსაც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შედეგად განსაკუთრებით მძიმე ზარალი ემუქრება, პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ მთავრობა ყველა შესაძლო ზომას მიმართავს ნავთობის გასაწმენდად.

ლუიზიანის სანაპიროზე, სამაშველო ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრში გამოსვლისას, ობამამ განაცხადა ასევე, რომ კომპანია British Petroleum-ს (BP) ეკისრება პასუხისმგებლობა ნავთობის გაჟონვის გამო და, შესაბამისად, მან უნდა დააფინანსოს გაწმენდის სამუშაოები.

„BP-ის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ გაჟონვისთვის. ფული BP-იმ უნდა გადაიხადოს. მაგრამ, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ძალას არ დავიშურებ კრიზისის მოგვარებისკენ მიმართული ზომების მისაღებად, სანამ კრიზისი გრძელდება. გაჟონვით გამოწვეული დაბინძურების გასაწმენდად არც ფინანსურ რესურსებს დავიშურებთ. საიმისოდ, რათა მომხდარი სრულად იქნეს გამოძიებული და დამნაშავე მხარეებმა პასუხი აგონ, დრო დაგვჭირდება; ახლა კი ჩვენი ყურადღების ცენტრშია კოორდინირებული, დაუღალავი ძალისხმევა გაჟონვის შესაჩერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მექსიკის ყურეს კიდევ უფრო მეტი ზარალი ავარიდოთ,“ განაცხადა ობამამ.

მექსიკის ყურეში British Petroleum-ის მიერ ოპერირებული, ნავთობის მოსაპოვებელი სადგური 22 აპრილს ჩაიძირა - ორ დღეში მას შემდეგ, რაც ძლიერმა აფეთქებამ სადგურზე დასაქმებული 11 ადამიანი მოკლა და წყალში, ბოლო ინფორმაციით, დღეში 5 000-მდე ბარელი ნავთობის ჩაღვრა გამოიწვია.

არადა, ნავთობის გაჟონვის შესაჩერებელი სამუშაოები ზღვის ღელვისა და ძლიერი ქარის გამო ფერხდება და, როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, შესაძლოა „სერიოზული ზარალი მიადგეს“ მექსიკის ყურესთან მდებარე შტატების ეკონომიკასა და გარემოს.

BP-ი, მისი ხელმძღვანელობის განცხადებით, თანახმაა, დააკმაყოფილოს გამოწვეული ზარალის გამო კომპანიისთვის წაყენებული, კანონიერი მოთხოვნები. ამასთან, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც არის საჭირო საგანგებო, დროებითი ზომებისთვის გაჟონვის შესაჩერებლად. კომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენელ ლამარ მაკკეის განმარტებით, აპირებენ სახელდახელოდ დამზადებული ხუფის ჩატანას წყლის ზედაპირიდან დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრის სიღრმეში და მის ჩამოცმას იმ ადგილას, საიდანაც გაჟონვა ხდება. ეს, BP-ის ვარაუდით, 6-დან 8 დღემდე პერიოდში გაკეთდება.

მაგრამ შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრი, კენ სალასარი შიშობს, რომ შესაძლოა, სამ თვემდე იყოს საჭირო საგანგებო ჭების გასაბურღად, რაც მთლიანად შეაჩერებდა ნავთობის გაჟონვას. „მოვლენათა ასეთი განვითარება უაღრესად მძიმე სურათს გვიხატავს“, ამბობს სალასარი. „შესაძლოა, საჭირო გახდეს 90 დღე, ვიდრე პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებოდეს; უნდა გაკეთდეს დამხმარე ჭაბურღილი, რომელიც ოკეანის ფსკერიდან დაახლოებით 5,5-6 კილომეტრის სიღრმეში უნდა გაიბურღოს. და სანამ ჭას ბურღავ, შესაძლოა, წყალში კიდევ დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვაროს.“

უკვე არაერთხელ გამოთქმული ვარაუდით, თუ ნავთობის გაჟონვა ვერ შეჩერდა, რამდენიმე კვირაში ვითარება კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 1989 წელს, Exxon Valdez-ის კატასტროფის დროს, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში უმიძმესად არის მიჩნეული.

ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტატის გუბერნატორი, ბობი ჯინდელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ნავთობის ლაქა საფრთხეს უქმნის შტატის „ ცხოვრების წესს“ და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა ქარიშხალ „კატრინას“ მიერ 2005 წელს მიყენებული ზარალი. ლუიზიანის ადგილობრივი მრეწველობის ერთ-ერთი მთავარი დარგია თევზჭერა და გადამუშავება: საქმე მრავალმილიარდიან ბიზნესს ეხება.
XS
SM
MD
LG