Accessibility links

logo-print
ევროპის კავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიაღწიეს საბერძნეთისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებას. ისინი სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად 110 მილიარდ ევროს გაიღებენ. საპასუხოდ, ათენს მოუწევს მომჭირნეობის მტკივნეულ ზომებს მიმართოს.

გადაწყვეტილება ამ მსხვილი კრედიტის შესახებ ევროპის კავშირის ფინანსთა მინისტრებმა და სავალუტო ფონდმა ბრიუსელში მიიღეს. ის ეხება ერთ ქვეყანას და, ამდენად, უპრეცედენტოა ევროს ზონის 16-წევრიანი გაერთიანებისთვის. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იურკერმა, ევროს ზონის ჯგუფის თავმჯდომარემ, თქვა:

„საბერძნეთის ხელისულების თხოვნით, ევროპელმა მინისტრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი იმ გეგმის ამოქმედებას, რომელიც, ბილატერალური სესხის სახით, საბერძნეთისთვის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ევროკომისია მას ცენტრალიზებული ფორმით გაიღებს, 11 აპრილს დადგენილი პირობების მიხედვით.“

სესხმა უნდა იხსნას საბერძნეთი გადახდისუუნარობისგან და ამავე აქტმა სხვა წევრებს - საერთოდ, ბაზარს - სიმყარე უნდა მოუტანოს. საერთო თანხიდან 80 მილიარდის გაღებას ევროს ზონის 16 ქვეყანა იკისრებს, დანარჩენი 30 მილიარდისას კი - სავალუტო ფონდი. პირველი გადარიცხვა უკვე მაისის პირველ ნახევარში მოხდება. ათენს უკვე არსებული ვალები აქვს დაუყოვნებლივ გადასახდელი. ზემოთ ითქვა, რომ საბერძნეთს საკმაოდ მძიმე პირობების შესრულება მოუწევს. პირველი ისაა, რომ ასამოქმედებელია მომჭირნეობის პროგრამა და უნდა გაიზარდოს გადასახადები. ამ ნაბიჯებმა მომავალ სამ წელიწადში 30 მილიარდი უნდა მოიტანოს. ამავე პერიოდში უნდა გაიყინოს საჯარო სექტორის ხელფასები და პენსიები. ბერძენმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ ამ ზომებს ხალხის უკმაყოფილება მოჰყვება, რაც უკვე გამოხატეს საბერძნეთის მოქალაქეებმა გასულ თვეებში. შაბათს კი, როცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრა იმართებოდა, ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი გეორგიოს პაპაკონსტანტინუ ფიქრობს, რომ მისმა ქვეყანამ არჩევანი უნდა გააკეთოს „დანგრევასა და გადარჩენას“ შორის:

„უდავოა, ძალიან მკაცრი ზომებია. უდავოა, ამას მოჰყვება პროტესტი, ეს იქნება დიდი დარტყმა ხალხისთვის და ის წყენასა და იმედგაცრუებას გამოხატავს. უდავოა, ასე იქნება. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გაითვალიწინებთ და თუ გრძნობთ, მართლაც, რა ხდება ჩემს ქვეყანაში, დარწმუნდებით, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია.“

ახლა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ ის მაისში საქმეში ჩართული ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი, 7 მაისს, ევროზონის სამიტი გაიმართება და მასზე ოფიციალურად გამოაცხადებენ, რომ დახმარების პროგრამა ამოქმედებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ დომინიკ სტროს-კანმა იმედი გამოთქვა, რომ ფონდის საბჭო თავის 30 მილიარდიან წილს დაამტკიცებს. ლომის წილი საბერძნეთისთვის დახმარებაში მოდის ევროზონის უდიდეს ეკონომიკაზე, გერმანიაზე - ბერლინი ამ საქმეში 22 მილიონს ჩადებს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პაკეტს - მან თქვა, რომ ეს დახმარებაა არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ მთელი ზონისათვის. ევროკომისარმა ეკონომიკის და სავალუტო საკითხებში ოლი რენმა პროგრამა ასე დაახასიათა:

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პროგრამა ერთობ სისტემურია, სპეციფიკურია და, პირობების თვალსაზრისით, მკაცრია. თითოეული გადარიცხვის წინ ის გულისხმობს ყოველკვარტალურ განხილვას საკითხებისა, თუ რისი გაკეთებაა საჭირო და რა გაკეთდა და რა ზომები გატარდა ამ განხილვის შემდეგ.“

რენმავე განმარტა, რომ გარიგება სასარგებლოა ორივესთვის - ვალის ამღებისა და მიმცემისთვის. საბერნეთი გადაიხდის სესხის 5 პროცენტიან განაკვეთს, ანუ ნახევარს იმისა, რასაც აღელვებული ინვესტორები მოითხოვენ საბერძნეთის სესხის ყიდვისას. მისივე თქმით, ისინი, როგორც მაშველები, თანხებს მიიღებენ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით საჭირო ფულის სასესხებლად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG