Accessibility links

logo-print
გორში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. 30 მაისს ამომრჩეველი მუნიციპალიტეტის 31 კაციან საკრებულოს აირჩევს. აქედან 21 მაჟორიტარული ოლქიდან, 10 კი პარტიული სიით იქნება არჩეული. არჩევნებში სულ 7 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას. პარტიული სია მხოლოდ 6–მა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა. „მრეწველებს“ და „საქართველოს მომავლის პარტიას“ მხოლოდ თითო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლებათ.

ოცდაერთივე თემში მაჟორიტარი კანდიდატები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ეროვნულ საბჭოს“ ეყოლება. ქრისტიან–დემოკრატებმა და „ალიანსმა საქართველოსთვის“ ყველა სათემო საარჩევნო ოლქი კანდიდატებით ვერ დაფარა. ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის ზურაბ როსებაშვილის თქმით, მისმა პარტიამ კანდიდატები პარტიული ნიშნით არ შეარჩია და აქცენტი პროფესიონალიზმზე გააკეთა.

„ალიანსის“ ლიდერი დავით რაზმაძე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას ასახელებს იმის მიზეზად, რომ ყველა სათემო ოლქში კანდიდატი არ ჰყავთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თათია ცხადაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას არც პარტიული სიის შერჩევა გასჭირვებია და არც მაჟორიტარი კანდიდატებისა.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ხორბალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა საარჩევნო ოლქში კონკურენცია მაღალია, რადგან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა თითქმის ყველა თემში წარადგინეს კანდიდატები.

კანდიდატებმა და ადგილობრივმა პარტიულმა ლიდერებმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლებთან შეხვედრით დაიწყეს. ყველაზე დიდი კონკურენცია ქალაქშია, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მანდატისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს. ექსპერტების ვარაუდით, მთავარი ბრძოლა ორ კანდიდატს შორის გაიმართება. ფავორიტებად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და „ალიანსის“ ლიდერი, საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე ითვლებიან.
XS
SM
MD
LG