Accessibility links

ვიქტორ იუშჩნენკომ თებერვალში დატოვა უკრაინის პრეზიდენტის სავარძელი. მან ხუთ წელიწადს გაუძლო ქვეყანაში პოლიტიკურ ინტრიგებს, მოსკოვთან ჭიდილს, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს თანამებრძოლ იულია ტიმოშენკოსთან ცხარე ბრძოლას. ახლა მისი მემკვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩი იუშჩენკოს პროდასავლურ რეფორმებს ენერგიულად ებრძვის. ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრინულ სამსახურს.

ვიქტორ იუშჩენკოს არა აქვს იმედი, რომ ახალი მთავრობის ხელში უკრაინა გადაიქცევა ცივილიზებულ ქვეყნად, სადაც ცხოვრება და მუშაობა სასიამოვნო პირობებში იქნება შესაძლებელი. კორესპონდენტის შეკითხვას, რა კურსს ადგას უკრაინა, ის მოკლედ უპასუხებს, რომ ეს რუსეთის გავლენის სფეროსკენ მიმავალი კურსია. ის ამბობს, რომ გააოცა ახალი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მოქმედების ერთმა მხარემ:

„სისწრაფემ. მან დაიწყო იმის კეთება, რასაც საარჩევნო ლოზუნგებში ამბობდა: ერთი ქვეყანა - ორი ენა, ერთი ქვეყანა - ოთხი რელიგია, ერთი ქვეყანა - ისტორიის ექვსი თუ შვიდი ვერსია, თვით დონეცკის ისტორიის ჩათვლით, და სხვა.“

როცა პრეზიდენტობა ჩააბარეთ, იანუკოვიჩთან შეხვედრა გქონდათ, რა უთხარით, რისი გაკეთება გსურდათ თქვენ და რა სურვილი გადაეცით მას? - ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა იუშჩენკოს. იუშჩეკნოს თანახმად, მან იანუკოვიჩს უთხრა, რომ პრეზიდენტისთვის - და არა მხოლოდ იანუკოვიჩისთვის - უპირველესი უნდა იყოს უკრაინა, არ უნდა გვეშინოდეს უკრაინელობისა, მოდით, გავიმეოროთ ეს სიტყვა მილიონჯერო, უთქვამს ყოფილ პრეზიდენტს ახლისთვის.

„მეორე და მეტად მნიშვნელოვანი, რაც იანუკოვიჩს ვუთხარი, ეს იყო: ვიქტორ თედორეს ძევ, უმნიშვნელოვანესი ამოცანა პრეზიდენტისთვის ქვეყნის ერთიანობის პოლიტიკის გატარებაა. ესაა ჩვენი პირველი ამოცანა - სახელმწიფოს ერთიანობა. და ქვეყნის ამ ერთიანობისკენ უნდა იყოს მიმართული თქვენი საგარეო პოლიტიკა, თქვენი საშინაო, ეკონომიკური პოლიტიკა, ყველაფერი, რაც ქვეყანას გააერთიანებს. და თუ დავაკვირდებით, რა გაკეთდა ბოლო 50 დღეში, დავინახავთ, რომ ერთიანობის საქმეში 15 წლით უკან დავიხიეთ.“

იუშჩენკო ამ ინტერვიუში ბევრს ლაპარაკობს უკრაინის ერთიანობაზე. ამის გამოც იყო, რომ ჟურნალისტმა ჰკითხა: ახალი მთავრობის ბოლო ნაბიჯების შემდეგ როგორი შანსი აქვს უკრაინას იყოს ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი ოჯახი?

„რამ უნდა გაგვაერთიანოს? რამაც უნდა გაგვაერთიანოს, ჩვენი სახელმწიფო პრიორიტეტებია. შესაბამისად, ვფიქრობ, დღეს უძნელესი ამოცანაა გამაერთიანებელი პრიორიტეტების შემუშავება, კერძოდ, დემოკრატიული ძალებისა და პატრიოტული ორგანიზაციებისთვის. ქვეყანამ უნდა გაიგოს, რომ იყო ხალხი და გახდე სახელმწიფო - ეს არის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. შენი არჩევანი უნდა უკავშირდებოდეს შენს მეხსიერებას, შენს ენას, შენს ისტორიას. პრეზიდენტი მხოლოდ რაღაც იდეების გამტარებელი არ უნდა იყოს. თუ ეს ფასეულობები არ გაგაჩნია, თუ არ განაღვლებს ენა, რომელიც გესმის, ვერასოდეს მიაღწევ სახელმწიფოებრიობას.“

იუშჩენკო ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის 19 წელი არაფერია 300-წლიან კოლონიალიზმთან შედარებით. რა თქმა უნდა, დავკარგეთ მთავარი რამ - იმუნიტეტიო, ამბობს ის. მისი აზრით, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ერთიანობას ემხრობიან, არ უნდა დაუშვან ამ გაერთიანების შემდეგ რუსეთთან გაზზე ისეთი შეთანხმება, რომელიც უკრაინას დააჩოქებს მომავალი ათი წლით.

უკრაინის ახალი მთავრობის მიერ რუსეთთან დადებულ შეთანხმებაზე, რომ ყირიმში 2042 წლამდე დარჩება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა, ჩვენმა კორესპონდენტმა ასევე ჰკითხა იუშჩენკოს და დაინტერესდა, თუ მოიპოვება ამ გარიგების ბათილად გამოცხადების იურიდიული შესაძლებლობა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სწრაფად ეს ვერ მოხერხდება. მისი თქმით, რაც უკრაინის პარლამენტში მოხდა ამ თემაზე დაპირისპირებისას, როცა დეპუტატებმა ცემა-ტყება გამართეს რადაში, „პოლიტიკური ჩერნობილია“. ამ შეთანხმების მომხრეებს უმრავლესობა ჰყავთ პარლამენტში, ჩვენი პოტენციური ძალები კი საზოგადოებაში უმრავლესობააო, ამბობს იუშჩენკო და დასძენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა, საერთოდ წინაამდეგობის ძალებმა უნდა იკისრონ ამ ამოცანის შესრულება, რაც, მისი აზრით, სწორი გზაა. როგორია ახლანდელი მმართველობის ფორმა?

„ეს ტოტალიტარული მოდელია, როცა ერთი პირის ხელშია სამი ორგანო: საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობა და პრეზიდენტის ოფისი.“

ვიქტორ იუშჩენკომ, ერთ დროს მოკავშირეზე, შემდეგ მოქიშპე იულია ტიმოშენკოზე შეკითხვას, რას გააკეთებდა ტიმოშენკო, პრეზიდენტი რომ გამხდარიყო, უპასუხებს, რომ ტიმოშენკოს და იანუკოვიჩს ერთი და იგივე იდეოლოგია აქვთ. მისი თქმით, იანუკოვიჩი და ტიმოშენკო ბოლო ას წელიწადში მოსკოვის საუკეთესო პროექტია. ამ აზრთა თანხვედრას ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის ის ხედავს ყველასფეროში - რუსეთთან ურთიერთობის, რუსეთის სამხედრო ბაზის დატოვების, ნატოსთან დაახლოების და სხვა სფეროებში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ იუშჩენკო ვერ ხედავს შესაძლებლობას, შეუკავშირდეს ტიმოშენკოს?
„თუ საქმე გვაქვს უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შექმნილ საფრთხესთან, კონსოლიდაცია გვჭირდება ყველასთან. მაგრამ თუ ხელისუფლებაში ტიმოშენკოს დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ, ღრმად მჯერა, რომ მის მომხრე ძალებს არ შევუერთდები, “- უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG