Accessibility links

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 6 მაისი ქართული პოლიციის დღედ გამოცხადდება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინიციატივით 6 მაისი ქართული პოლიციის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ მინისტრი საზოგადოებას 4 მაისს გამოქვეყნებული საგაზეთო წერილის საშუალებით ატყობინებს. ვანო მერაბიშვილის განმარტებით, მანამდე მოქმედი თარიღები საბჭოთა წარსულთან ასოცირდებოდა და ამიტომ საჭირო გახდა ახალი თარიღის შერჩევა. ”6 მაისი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთი, გიორგობაა და, ამასთან ერთად, ეს არის დღე, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისგან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ 6 მაისი ავირჩიოთ”, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი. მის მიერ პოლიციის ყველაზე დიდ მიღწევად შეფასებულია ის გარემოება, რომ პოლიციელებმა სიმპათია დაიმსახურეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში. ”იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი მომავალშიც შეინარჩუნონ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია ყოველთვის დარჩეს პოლიტიკისგან შორის”, - აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 4 მაისს გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილში. საქართველოს პოლიციის დღედ 6 მაისის დაკანონების ინიციატივას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. 5 მაისის პლენარულ სხდომაზე უარყოფითი პოზიცია გამოხატეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ჯონდი ბაღათურიამ და გურამ ჩახვაძემ. მაგალითად, ლორთქიფანიძის აზრით, არ შეიძლება პროფესიული დღესასწაულებით ისეთი დიდი რელიგიური დღესასწაულის გადაფარვა, როგორიც გიორგობაა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიციონერი დეპუტატები საკითხის პოლიტიზების მცდელობაში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG