Accessibility links

logo-print

ბროზ ტიტო ისტორიასა და ბალკანელთა გულებში


ტიტოს გამოსახულება მაისურზე.

ტიტოს გამოსახულება მაისურზე.

4 მაისს 30 წელი შესრულდა ყოფილი იუგოსლავიის კომპარტიისა და ქვეყნის ლიდერის იოსიპ ბროზ ტიტოს გარდაცვალებიდან. და მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავია 20 წელია აღარ არსებობს, - ერთიანი ქვეყანა რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა, ბალკანეთში კი სრულიად ახალი პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდნენ, - ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ძლიერდება ნოსტალგია იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც კომუნისტი ლიდერის, ბროზ ტიტოს ხელმძღვანელობით მიედინებოდა.

ხორვატიის ჩრდილოეთში, ქალაქ სპლიტში მდებარე ბაზრობაზე ხანდაზმული მოქალაქეები მსჯელობენ იმაზე, უნდა აღიმართოს თუ არა ძეგლი პრეზიდენტ ფრანიო ტუჯმანის პატივსაცემად, ტუჯმანისა, რომელიც ხორვატიას ხელმძღვანელობდა მაშინ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობისათვის ომში იყო ყოფილ იუგოსლავიასთან. მაგრამ კამათი დიდხანს არ გრძელდება. ადამიანები, რომლებსაც კარგად ახსოვთ იუგოსლავია, ბროზ ტიტოს მმართველობისდროინდელი, სწრაფად მიდიან შეთანხმებამდე, ოღონდ ნაცვლად ტუჯმანისა, ისინი ამჯობინებენ იხილონ ქანდაკება ბროზ ტიტოსი, იმავე იოზოსი, როგორც მას მოიხსენიებენ დღემდე.

„არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში იქნება იოსიპ ბროზ ტიტოს მსგავსი ვინმე. იგი მართალი კაცი იყო. უწინ მუშებს ხელფასი ჰქონდათ, დღეს კი არა აქვთ", უთხრა ჩვენს რადიოს ერთმა გამვლელმა სპლიტის ქუჩაში.

ბროზ ტიტო, იუგოსლავიის კომპარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შემდგომ კი პრეზიდენტი, ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას. ბალკანეთში ბევრი ტიტოს მიიჩნევს განმათავისუფლებლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავიის პარტიზანულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ. ომის შემდეგ ტიტომ გადამწყვეტი როლი ითამაშა მრავალეთნიკური ფედერაციის შექმნაში, ფედერაციისა, რომელიც აერთიანებდა სერბიას, ჩერნოგორიას, ხორვატიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სლოვენიას, მაკედონიასა და კოსოვოს. „ერთობა და ძმობა“ - ერთგვარი ჰიმნი იყო, რომელსაც ბროზ ტიტო ხშირად იმეორებდა თავის გამოსვლებში:

„ჩვენ ზღვა სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმობისა და ერთობისათვის და არავის მივცემთ უფლებას, შიგნიდან შეარყიოს და დაანგრიოს იგი.“

დასავლეთში ბროზ ტიტოს პატივს სცემდნენ იმის გამო, რომ არ აღიარა მოსკოვის ჰეგემონია და წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა ლიდერ იოსებ სტალინს. მეტიც, ზოგიერთი ის ადამიანი, ვინც ტიტოს მმართველობის დროს პოლიტიკურ დევნას განიცდიდა, დღეს მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მის პოზიტიურ გავლენას აღიარებს. მას ნოსტალგიით იხსენებენ როგორც „რბილ დიქტატორს“, რეფორმატორს, რომელმაც იუგოსლავია ჩამორჩენილი აგრარული სახელმწიფოდან განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად აქცია. ბოსნიელი იმამი ჯემალ გადარა კი ამბობს, ბროზ ტიტოს დროს იუგოსლავია იყო სანიმუშო ქვეყანა რელიგიის თავისუფლების მხრივო:

„იუგოსლავია ყველაზე უკეთესი სახელმწიფო იყო. მე ამას ღიად ვამბობ. ხოლო ტიტო იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე. მე მსოფლიო მოვიარე და მსგავსი თავისუფლება არსად მინახავს. ასეთი თავისუფლება, ღმერთმა იცის, კიდევ როდის იქნება.“

ბროზ ტიტოს მიმართ თითქოსდა უარყოფითი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო იმ ქვეყნებში, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იუგოსლავიიდან გამოყოფისათვის იბრძოდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი დღეს მიიჩნევს, რომ ტიტოს დრო ოქროს ხანა იყო მისი სიკვდილის შემდგომ ათწლეულებთან შედარებით. ხორვატიასა და ბოსნიაში აღმოცენდა ათზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც ბროზ ტიტოს ხსოვნას ინახავს. სლოვენიის ახალგაზრდობაში პოპულარულია მაისურები და ბენდენები ტიტოს გამოსახულებით. ყოველი წლის 4 მაისს, ტიტოს გარდაცვალების წლისთავზე, ყოფილი იუგოსლავიის ყველა კუთხიდან ათასობით ადამიანი იკრიბება ხორვატიაში, ტიტოს მშობლიურ სოფელ კუმროვეცში, რათა პატივი მიაგონ იუგოსლავიის შემქმნელის - როგორც ხალხში უწოდებენ, იოზოს - ხსოვნას.
XS
SM
MD
LG