Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი


შაბათს საღამოს ნიუ-იორკის ტაიმს სკვერი პოლიციამ გადაკეტა
შაბათს საღამოს ნიუ-იორკის ტაიმს სკვერი პოლიციამ გადაკეტა
ორშაბათს, გვიან საღამოს, ქვეყნის დატოვების მცდელობისას, დააკავეს პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე - ტაიმს სკვერზე - აფეთქების მოწყობის მცდელობა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 30 წლის ფაისალ შაჰზადი, ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დააპატიმრეს, როცა ის დუბაიში მიმავალ თვითმფრინავში აპირებდა შესვლას. ჰოლდერის თქმით, ტაიმს სკვერზე აფეთქება რომ მომხდარიყო, ის გამანადგურებელი ძალისა იქნებოდა: „მიმდინარეობს გამოძიება, ისევე როგორც ჩვენი მცდელობა მოვიპოვოთ გამოსადეგი სადაზვერვო ინფორმაცია, და მივყვებით რამდენიმე კვალს. მაგრამ ცხადია, რომ ამ ტერორისტული აქტის მიზანი ამერიკელების დახოცვა იყო“, - აღნიშნა ჰოლდერმა.

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ ეჭვმიტანილი კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს და იქ ახლახან დაბრუნდა პაკისტანში ხუთთვიანი მოგზაურობიდან. იუწყებიან, აგრეთვე, რომ მან ამას წინათ შეიძინა მანქანა, რომელიც შაბათ საღამოს ტაიმს სკვერზე აღმოაჩინეს, შიგნით ჩამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით. ბომბის გაუვნებელყოფა დროულად მოხერხდა.

ტაიმს სკვერი სავსე იყო ტურისტებით და თეატრებში მიმავალი ხალხით, როცა საეჭვო მანქანა ქუჩაში მომუშავე გამყიდველმა შეამჩნია და პოლიციას უხმო.

„ემირატების ავიახაზების“ ინფორმაციით, ნიუ-იორკიდან დუბაიში მიმავალი თვითმფრინავის სამი მგზავრი დააკავეს. ავიახაზების ცნობით, რეისი გაფრენამდე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა რეი კელიმ განაცხადა, რომ საქმეში, შესაძლოა, ერთზე მეტი პირი იყოს ჩარეული, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის თქმით, შესაძლოა, კიდევ სხვა ეჭვმიტანილების ძიებაც მიმდინარეობდეს. პროკურორი ამერიკელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

კვირას, 2 მაისს, პაკისტანის თალიბანმა განაცხადა, რომ ტაიმს სკვერზე ბომბი მან ჩადო, ალ-ყაიდის ორი მეთაურის მოკვლის გამო შურის საძიებლად.

ორშაბათს ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ეს განცხადება საფუძველსაა მოკლებული.

თუმცა უკვე სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტერ კინგმა განაცხადა, გამოძიება გადაჭრით შებრუნდა „საერთაშორისო ტერორიზმის“ მიმართულებითო.

პაკისტანის მთავრობა აშშ-ს საქმის გამოძიებასა და დამნაშავეთა დაპატიმრებაში დახმარებას ჰპირდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG