Accessibility links

logo-print
“Ask a Woman, Who Knows” (ჰკითხეთ ქალს, რომელმაც იცის) ერთ-ერთი ის სიმღერაა, რომელსაც ჯაზის პოპულარული მომღერალი ნატალი კოული ასრულებს. სიმღერის სათაური ზუსტად შეესაბამება მისი შემსრულებლის ბუნებას.

ამ ქალმა, მართლაც, ბევრი რამ იცის. შემოქმედებითი კარიერის თავბრუდამხვევი დასაწყისი - ორი ოქროს ალბომი, “გრემის” ორი პრემია, Capitol Records-ის პროდიუსერ მარვინ იენსიზე გათხოვება - მწვავე კრიზისით შეიცვალა: ოთხმოციან წლებში მომღერლის ძმა, 36 წლის ასაკში, შიდსით გარდაიცვალა.

თვით ნატალი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების გამო სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა; იენსისთან, ერთი შეხედვით, ბედნიერი ცოლქმრობა კრახით დასრულდა. კრიზისის დაძლევა და ესტრადაზე დაბრუნება ნატალი კოულმა მხოლოდ 1985 წელს შეძლო.

ჯაზის კრიტიკოსების აზრით, ნატალი – ბოლო ორ-ნახევარი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული მომღერალია. მისთვის არ არსებობს პროფესიული შეზღუდვები - ის შესანიშნავად ასრულებს სხვადასხვა ჟანრის და სტილის სიმღერებს - იქნება ეს თანამედროვე პოპი, ჯაზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული თუ გოსპელი.

ამბობენ, რომ გამოჩენილი ადამიანების შვილებზე ბუნება ისვენებს, თუმცა არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ნატალი ლოს-ანჯელესში, ჯაზის ლეგენდარულ მომღერალ ნათ - მეტსახელად ”King” - კოულის ოჯახში 1950 წლის 6 თებერვალს დაიბადა.

სამი თვის წინ მას სამოცი წელი შეუსრულდა. ნატალის დედა, მარია, გათხოვებამდე დიუკ ელინგტონის ორკესტრის სოლისტი იყო. უკვე ექვსი წლის ასაკში, გოგონამ მონაწილეობა მიიღო ნათ “კინგ” კოულის საშობაო ალბომის ჩაწერაში.

სახელგანთქმული მამის გარდაცვალების დროს ნატალი მხოლოდ 15 წლის იყო. მამას ის აღმერთებდა. მაგალითად, ჯაზის მოყვარულთა კერპის, დიდი ფრენკ სინატრას შესახებ ნატალი ახლაც ამბობს: “ფრენკი, რა თქმა უნდა, მამაჩემის შემდეგ ყველაზე გამოჩენილი მომღერალიაო”.

1991 წელს, ნატალისა და მისი გარდაცვლილი მამის ხმის თანამედროვე ტექნოლოგიით ზედდების შედეგად, CD-ზე და Vuideo-ზე შესანიშნავი დუეტი “Unforgettable” (“დაუვიწყარი”) ჩაიწერა.

გამოგიტყდებით, რომ ნატალი კოული ჩემი საყვარელი მომღერალია. მისმა მულტიპლატინის ალბომმა “Unforgettable, With Love” შვიდი “Grammy” მოიპოვა, კიდევ ერთი “Grammy” ნატალიმ 1975 წელს მიიღო, კომპოზიცია “Wild Woman Do” კი პოპულარულ ფილმ “ლამაზმანის” საუნდტრექში შევიდა. მომღერალი სრულიად ახლებურად ასრულებს ჯაზის ძველ ჰიტებს.

საკუთარი შემოქმედებითი კრედო ნატალი კოულმა ცნობილ ჟურნალისტ დევიდ ჰორნსისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩამოაყალიბა:

“ძალიან საინტერესოა იმუშაო სიმღერაზე, რომელიც 40, 50, 60 წლის წინათ არის შექმნილი. ახლა ასეთ მუსიკას აღარ წერენ. ვცდილობ ძველი ჰიტები ახლებურად შევასრულო. რაც მთავარია, სიმღერის ფუძე უცვლელი რჩება. იმედი მაქვს, შევძლებ მსმენელთა იმ ნაწილის გადარწმუნებას, რომელიც ჯაზს ძველმოდურ ხელოვნებად აღიქვამს”.

დღევანდელი გადაცემა მინდა ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის სტატიიდან მოხმობილი ფრაზით დავასრულო - მით უფრო, რომ ის ჩემს საკუთარ ემოციას ზუსტად შეესაბამება: “მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც ნატალი კოული საოცრად მომხიბლავი ქალია, ის ნამდვილი “დივაა”!”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG