Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ქართველი შრომითი მიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება


საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის უკიდურესი გამწვავების გამო ქართველი შრომითი მიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. კრიზისის გამო საბერძნეთში საწარმოები იხურება და იქ დასაქმებულები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები უმუშევრები რჩებიან. სამუშაოს საერთოდ კარგავენ ან ხელფასები უნახევრებენ ოჯახებში დამლაგებლებად, მომვლელებად და შინამოსამსახურეებად მომუშავე მიგრანტებსაც, უპირატესად ქალებს. ცნობისათვის: მაგალითად, წლევანდელ მარტში საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ საზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანსფერების მთელი ოდენობის 7%-ზე მეტი შეადგინა და რუსეთისა და ამერიკის შემდეგ მესამე მაჩვენებელი იყო. თუმცა, საბერძნეთში კრიზისის გაღრმავების კვალობაზე ამ პოზიციის მნიშვნელოვან გაუარესებას მოელიან. საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად წასულ შრომით მიგრანტთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, არაოფიციალური სტატისტიკით კი საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების ოდენობა დაახლოებით 150 ათას ადამიანს შეადგენს.
XS
SM
MD
LG