Accessibility links

logo-print

სამართალი ”კორტების ტრაგედიიდან” ოთხი წლის თავზე


კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი

კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი

გახმაურებული სპეცოპერაციის დღიდან, რომელიც ”კორტების ტრაგედიით” არის ცნობილი, ოთხი წელი გავიდა, მაგრამ, როგორც მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, მკვლელები არათუ არ დასჯილან, ისინი მაღალ თანამდებობებზე აგრძელებენ “მოღვაწეობას”. 5 მაისს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა დამნაშავეების დასჯისაკენ იქამდე, ვიდრე ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში განიხილავენ, სადაც, საიას ღრმა რწმენით, საქართველო ამ საქმეს წააგებს.

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის სამართლებრივი ექსპერტიზა სხვა იურისტებთან ერთად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ ჩაატარა. ექსპერტიზამ საქმეში არსებული არაერთი დარღვევა გამოავლინა, თუმცა ყველაზე მთავარი, რაც კორტების ტრაგედიის შესახებ შეიძლება ითქვას, ისაა, რომ ოთხი წლის შემდეგაც დამნაშავე დასჯილი არ არის:

”დღემდე პასუხისგებაში არ მიცემულან შსს-ს ის თანამშრომლები, რომლებსაც ევალებოდათ, რომ ეს სპეცოპერაცია მშვიდობიანად დამთავრებულიყო. სწორედ იმის გამო, რომ მსგავსი ფაქტები დღემდე გაუხსნელია, სამართალდამცავ სტრუქტურებში დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი, რასაც მოჰყვა კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერი, შემდეგ - 2009 წლის 6 მაისი, 2009 წლის 15 ივნისი და ა.შ.“, - აღნიშნავს საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.

მისი თქმით, 2007 წელს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაიგზავნა და მას პრიორიტეტი უკვე მინიჭებულია აქვს. თუმცა მანამდე საქართველოს ხელისუფლებას, ხიდაშელის აზრით, კიდევ აქვს დრო გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული და კონკრეტულად პროკურატურამ შესაბამისი ზომები მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთ საქმეს წააგებს.

თამარ ხიდაშელი საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი თვითმხილველისა, რომლებმაც ნახეს როგორ ჩატარდა ე.წ. სპეცოპერაცია, მათით არავინ დაინტერესულა, ისინი გამოძიებას არ დაუკითხავს. გამოძიებამ დაკითხა და, შესაბმისად, დაეყრდნო იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ საქმე დაიხურა. რამდენიმეწლიანი ბრძოლა დასჭირდა იმასაც, რომ ვაზაგაშვილების ოჯახი დაზარალებულად ეცნოთ. მოგვიანებით კი ეს დადგენილებაც გაუქმდა.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელმაც საქმე სტრასბურგში წაიღო, ამბობს, რომ დღეს ყველა მტკიცებულება არსებობს იმის ნათელსაყოფად, რომ კორტების სპეცოპერაცია განზრახ მკვლელობა იყო:

”მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, თორემ საქმე კარგა ხანია გახსნილია და მკვლელების გვარები ზეპირად ვიცი. ყველა მკვლელი დაზარალებულად ცნეს, ყველა დააწინაურეს, დღესაც უმაღლეს თანამდებობებზე არიან ქადაგიძე, ხიზანიშვილი, ფირცხალავა.. 25 ადამიანზე მეტია და ყველა პოლიციაში მუშაობს. მკვლელმა როგორ უნდა დაიცვას ჩვენი სიცოცხლე? რატომ არ სჯიან ამ ადამიანებს? ეტყობა ხელისუფლების უამრავი შეკვეთა შეასრულეს”...

საქმის ძიება დღეს შეწყვეტილია, თუმცა სახალხო დამცველმა 2009 წლის სექტემბერში პროკურატურას ხელახლა გადაუგზავნა მასალები და საქმის თავიდან აღძვრაც მოითხოვა სწორედ იმ ახალი მტკიცებულებების გამო, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდა და რასაც გამოძიებამ ყურადღება არ მიაქცია. სახალხო დამცველს მოთხოვნაზე პროკურატურიდან პასუხი არ მიუღია, თუმცა თავის დროზე ამ სპეცოპერაციას მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სახალხო დახვრეტა უწოდა. მოლოდინის რეჟიმშია ამჟამინდელი ომბუდსმენი გიორგი ტუღუშიც:

”ამ კონკრეტულ რეკომენდაციაზე პროკურატურას ჩემთვის პასუხი არ მოუწერია. არადა, 2010 წელსაც გამოვითხოვე ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ არ არსებობს, უბრალოდ, ნება იმისა, რომ შესრულდეს ეს კონკრეტული რეკომენდაცია და საქმის გამოძიება განახლდეს.”

სახალხო დამცველს სხვა სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია. ტუღუშის აზრით, ახლა ერთადერთი ადგილი, სადაც სიმართლის ძებნა შეიძლება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოა.
XS
SM
MD
LG