Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ნანგრევებში მოძიებული ფაქტები


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის ანგარიში
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის ანგარიში
5 მაისს ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. „აგვისტოს ნანგრევებში“ ვრცელი, 200 გვერდიანი ნაშრომია, რომელიც უხვი ფოტო და ვიდეომასალითაა გამაგრებული და 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახის ჩვენებას ეფუძნება. ანგარიშის სამუშაო ვერსია უკვე გადაეგზავნა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. რა ფაქტობრივ მასალას ეფუძნება ანგარიში და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის გამოქვეყნებას?

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, ანგარიშზე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, კავშირი „21-ე საუკუნე“ და „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ანგარიში, ძირითადად, დევნილთა მონათხრობებს ეფუძნება და საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილ სასტიკ და არაჰუმანურ ქმედებას ასახავს.

„ეს არის ინდივუდუმების მონათხრობი, ადამიანური ტრაგედიები. თითოეული ეს ისტორია გადამოწმებულია შეპირისპირების მეთოდით, გადამოწმებულია როგორც თავად მოწმეთა მონათხრობები, ასევე შეპირისპირებულია ეს ფოტომასალასთან, რომელიც არსებობს ინტერნეტ-რესურსებში, ვიდეომასალასთან, რომელიც ასევე მოვიპოვეთ. ამიტომ თითოეული ისტორია არის გადამოწმებული, დადასტურებული ფაქტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთი ხუციშვილმა.

ანგარიში სავსეა ამგვარი დადასტურებული, ტრაგიკული ისტორიებით. ომს გადარჩენილი ადამიანები დეტალურად აღწერენ ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეზობლების მკვლელობის ფაქტებს. ვასიკო მექარიშვილი სოფელ დვანში 2008 წლის 13 აგვისტოს მოკლეს. ამონარიდი მოწმის, გიორგი მექარიშვილის, ჩვენებიდან:

„სამხედროფორმიანები გადმოვიდნენ მანქანიდან. ერთ-ერთს გულზე სამი ჯვარი ეკიდა: თეთრი, წითელი და შავი. ქართულად გველაპარაკებოდა, მაგრამ ოსური აქცენტით. ვასიკოს მიადგა და ჯვრებზე კოცნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ვასიკო სულიერად ავადმყოფი იყო და კოცნის ნაცვლად ფეხზე ადგა, შეაგინა და ხელი ჰკრა. სამხედრომ პასუხად იარაღი ყელზე დაადო და ესროლა. იმწამსვე გათავდა.“

თვითმხილველთა ჩვენებების გარდა, ანგარიშს, სახელწოდებით „აგვისტოს ნანრგევებში“, რომელსაც სქელტანიანი წიგნის ფორმა აქვს, თან ახლავს ფოტო, აუდიო და ვიდეომასალა. ნაშრომი სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი: პირველი - სიცოცხლის უფლება, მეორე - ეთნიკური წმენდა და მესამე - ტყვეობა. განსაკუთრებით შემზარავია მესამე ნაწილში შესული, ტყვეობის ამსახველი ვიდეოკადრები. მაგალითად, ერთგან მხედრულის ცეცხლოვან მუსიკაზე ნაწამებ ქართველ სამხედრო ტყვეებს ძირს გაფენილ საქართველოს დროშაზე ცეკვას აიძულებენ. სხვა კადრში ჩანს დაჩოქილი, ხელებშეკრული სამხედრო ტყვე გიორგი ა., რომელსაც სახე მთლიანად სისხლში აქვს ამოსვრილი და თავს ძლივს იკავებს. სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იარაღმომარჯვებული რამდენიმე მამაკაცი მას ფეხით კისერზე აწვება, სახით მიწაზე აჭყლეტს და „ოსური მიწის“ კოცნას აიძულებს.

კადრში ასევე ჩნდებიან დატყვევებული ქართველი სამხედროები კახაბერ ხუბულოვი და უშანგი სოფრომაძე, რომლებსაც მოგვიანებით სიცოცხლეს გამოასალმებენ. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი, ანგარიშის ყველაზე დიდ ღირსებად მდიდარ ფაქტობრივ მასალას მიიჩნევს:

„მაქსიმალურად ვეცადეთ მოგვეკრიბა ის მასალები, რომლებიც შეაგროვეს ჟურნალისტებმა თუ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. ანგარიშში შევიდა მობილურით გადაღებული კადრებიც. ანუ ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რომელიც მოგვცემდა იმის შესაძლებლობას, მაქსიმალურად დაგვეფიქსირებინა ადამიანის უფლებათა დარღვევები.“

ანგარიშის სამუშაო ვერსია მიმდინარე წლის თებერვალში ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ ლუის მორენო-ოკამპოს გადაეგზავნა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ ანგარიში, სახელწოდებით „აგვისტოს ნანგრევებში“, საერთაშორისო სასამართლოს გულგრილს ვერ დატოვებს.

„გადავეცით მტკიცებულებები იმ მიზნით, რომ საერთაშორისო სისხლის სასამართლოში პირველადი გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლომ რაც შეიძლება ეფექტურად უნდა განახორციელოს გამოძიება. ვფიქრობთ, რომ ამ ანგარიშში არის არაერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს მძიმე საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე“, უთხრა გიორგი ჩხეიძემ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, ანგარიშის ავტორები დაზარალებულთა ჩვენებების, ფოტო და ვიდეომასალის, დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების საფუძველზე ასკვნიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მკაფიოდ გამოკვეთილი გეგმით მოქმედებდნენ:

„ეს იყო მიზანმიმართული და დაგეგმილი ეთნიკური წმენდა - წმენდა, რომელიც, სამწუხაროდ, წარმატებით დამთავრდა.“

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა მსვლელობა მიეცემა ანგარიშში შესულ ფაქტობრივ მასალას, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი მიიღებს, თუმცა კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო სამართალი თანაბრად იმოქმედებს, იმისდა მიუხედავად, თუ რა სიდიდის ან გავლენისაა ეჭვმიტანილი სახელმწიფო და რამდენ ხანს გაგრძელდა ომი. ქეთი ხუციშვილის თქმით, ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველო“ იზრუნებს იმაზე, რომ ანგარიშს დეტალურად გაეცნონ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG