Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 5 მაისი 2010


დღევანდელი ”რეზონანსი” დაწვრილებით აღწერს 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოწყობილ აქციასა და დაპირისპირებას. სტატიის სათაურია ”მსოფლმხედველური დაპირისპირება ილიაუნთან - აყალმაყალის ფონზე ”სადავო” წიგნის ლამის მთელი ტირაჟი ორიოდ დღეში გასაღდა”.

”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დაძაბულობის ზრდის შესახებ. ავტორის თანახმად, ”საკონსტიტუციო კომისია დღემდე ვერ ახერხებს იმაზე შეთანხმებას, საკონსტიტუციო პროექტი სახელმწიფო მოწყობის რა სქემაზე უნდა იქნეს აგებული”. ამავე სტატიაში წაიკითხავთ კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის კომენტარსაც: ”თუკი ჩემი პროექტი არ იქნება განხილული, ვერ წარმომიდგენია ამის მერე ამ თანამდებობაზე როგორ უნდა დავრჩე, ვინაიდან არ ვიცი, ექნება აზრი ჩემს თავმჯდომარედ დარჩენას თუ არა. წევრად დავრჩები, მაგრამ თავმჯდომარედ აღარ დავრჩები”, - განუცხადებია ავთანდილ დემეტრაშვილს ”რეზონანსისთვის”. კორესპონდენტის ინფორმაციით, ”ავთანდილ დემეტრაშვილის მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც სწორედ ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა რეალურ დაბალანსებას ითვალისწინებს, არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლებამ დაიწუნა”.

”საქართველოს რესპუბლიკა” მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან ინტერვიუს აქვეყნებს. კორესპონდენტი ნოღაიდელს ნათქვამს შეახსენებს, რომ ის არჩევნებს სამართლიანად არ ჩათვლის, თუკი საქართველოში ერთი უკანონო პატიმარი მაინც იქნება. ნოღაიდელი უდასტურებს ამ პოზიციას და ამბობს: ”იმის გამო, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, ბევრი ჩვენი თანამოაზრე პოზიციის ღიად დაფიქსირებას ერიდება და, ცხადია, მე ამას არ შევეგუები. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს წავიკითხავ!” - ამბობს ნოღაიდელი.

”ვერსიის” პირველ გვერდზე სათაურია: ”მერაბიშვილს აღლუმზე სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი ბიჭები ”გამოეცხადებიან”. ”რატომ” და ”7 ნოემბერი” ”ვერსიას” 6 მაისის გეგმებს ექსკლუზიურად უმხელს”. ”რატომის” წარმომადგენელი მერაბ ჭიქაშვილი ”ვერსიას” ეუბნება: ”ყველა გარდაცვლილი ბიჭის გადიდებულ ფოტოს ჩვენს სახეებზე აფარებულს იხილავთ! მაგრამ ყველამ იცოდეს, იმისთვის ვიბრძვით, რომ ქვეყანაში შემდეგი გირგვლიანი და ვაზაგაშვილი არ გვყავდეს.” მოძრაობა ”7 ნოემბრის” ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი კი დაგეგმილ აქციასა და პოლიციაზე ამბობს: ”ისინი ცუციკი ძაღლები არიან. ხელში ”დუბინკას” რომ აიღებ და მშვიდობიან მოსახლეობაზე აღმართავ, მართლაც ცუციკი ძაღლი უნდა იყო. ამჯერადაც ვინმეს გალახავენ და თვითონაც გაილახებიან. თავის დაცვა მეც ვიცი და ისიც ვიცი, ამერიკის დეპარტამენტის განცხადება ჰაერზე გაკეთებული რომ არ იქნება. მალე ვნახავთ, რომ მერაბიშვილი გეგმავს სისხლიან, კრიმინალურ ქმედებასა და უსამართლობის მთელ კასკადს ჩვენი დაჯგუფებების მიმართ.” - ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან ჯაბა ჯიშკარიანთან, რომელიც ”ვერსიაში” ქვეყნდება.

6 მაისს დაგეგმილ აქციებზე ”ახალ თაობას” ლევან გაჩეჩილაძე ესაუბრება. ის ამბობს, რომ ამ დღეს ორი აქცია იგეგმება, რომელთაგან ერთი პოლიციის დღისა და აღლუმისადმი პროტესტისთვის, მეორე კი პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობისთვის იმართება. იქვე გაჩეჩილაძე ამბობს: ”ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით და თუ წავლენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ერთხელ და ორჯერ არ წასულან, ბევრჯერ წასულან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG