Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის განვითარების გენგეგმა ქალაქის სახის გაქრობას მოასწავებს


გენგეგმის მოწინააღმდეგეთა აქცია მოსკოვში
გენგეგმის მოწინააღმდეგეთა აქცია მოსკოვში
მოსკოვის ქალაქის საბჭომ მესამე მოსმენით დაამტკიცა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც 2025 წლამდეა გაწერილი. სხდომის დროს შენობის გარეთ საპროტესტო აქციას მართავდნენ გეგმის მოწინააღმდეგეები - მათ ხელში შავად შეღებილი პლაკატები ეჭირათ, როგორც გენგეგმის სიმბოლო. პოლიციამ აქციის 25-ზე მეტი მონაწილე დააკავა. გენგეგმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ ის მხოლოდ ქალაქის არქიტექტურული ისტორიის ნგრევას გამოიწვევს.

სოფია 89 წლის პენსიონერია და მოსკოვის ისტორიულ „ჩისტიე პრუდის“ უბანში ცხოვრობს. ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ადგილია.

სოფია, რომელმაც ჩვენს რადიოს გვარი არ გაუმხილა, ამბობს, რომ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე გახდა მოწმე ქალაქის სახეცვლილებისა. პოლიტიკური ლიდერების ყოველ თაობას მოსკოვზე თავისი ანაბეჭდის დატოვება სურდა.

სოფიას ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ცარიზმის პერიოდის მაცხოვრის ტაძრის დანგრევა 1931 წელს. 2000 წელს იმ ადგილას ახალი ტაძარი აშენდა, მაგრამ სოფიას გულდაწყვეტა არ განელებია:

„მე ვტირი იმ შენობების გამო, რომლებიც სტალინმა დაანგრია - იმ მონასტრებისა და ეკლესიების გამო. კინაღამ გული წამივიდა, მაცხოვრის ტაძარი როცა დაანგრიეს. რა თქმა უნდა, მაცხოვრის ეს ახალი ტაძარი ლამაზია, მაგრამ ეს მაინც ის არ არის“, - გვითხრა მოსკოველმა პენსიონერმა.

მოსკოვის ბევრი მცხოვრები ახლა ასევე შეშფოთებულია იმ გრძელვადიანი გენერალური გეგმის გამო, რომელიც ოთხშაბათს დაამტკიცა ქალაქის საბჭომ. გეგმის ოპონენტების მტკიცებით, მისი სისრულეში მოყვანა ქალაქის ისტორიული უბნების იერსახეს წაშლის, არსებულ ინფრასტრუქტურას კი მძიმე ტვირთად დააწვება.

მოსკოვის განვითარების გეგმა 2025 წლამდე, ანუ „გენგეგმა“, როგორც მას უწოდებენ, მასშტაბურ, 15 წლიან სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს. დაინგრევა 2,5 მილიონ კვადრატულ მეტრზე განლაგებული შენობები, მათ ნაცვლად კი ნაგებობები 14 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზე აღიმართება.

გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მოსკოვს ბევრი ახალი მანქანის სადგომი ექნება, ისევე როგორც 50 ათასი შენობა, ყველა 70 მეტრზე მეტი სიმაღლის.

გენგეგმას მწვავედ ეწინააღმდეგებიან ქალაქის იერსახის შენარჩუნების მომხრეები - მათ შორის, ალექსეი კლიმენკო, რომელიც აცხადებს, რომ ეს გეგმა, მზარდი ქალაქის აუცილებელი საჭიროებების გაუთვალისწინებლად, ნგრევას გამოიწვევს:

„ეს გენგეგმა მოსკოვისთვის სასიკვდილო განაჩენია. ამ დოკუმენტს არა აქვს მორალური უფლება, გენერალური გეგმა ერქვას, იმიტომ რომ ეს არ არის სტრატეგიული დოკუმენტი, მასში არ არის ასახული იმ კრიზისიდან გამოსვლის გზები, რომელშიც ახლა დედაქალაქი იმყოფება“, - ამბობს კლიმენკო.

თუმცა კრიტიკოსებს ყურს ნაკლებად უგდებენ მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ გეგმამ მკაცრი შემოწმება გაიარა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მოსკოვის მცხოვრებთაც მიეცათ. ქალაქის მთავარი არქიტექტორი ალექსანდრ კუზმინი ამბობს, რომ შარშან საჯაროდ გამოფენილი გეგმა 160,000-ზე მეტმა მოსკოველმა იხილა და მის ირგვლივ ათიათასობით რჩევა თუ წინადადება გამოითქვა.

თუმცა ბევრს მაინც მიაჩნია, რომ ამგვარი ჟესტები გეგმას თვისებრივად არ ცვლის - გეგმით კვლავ გაგრძელდება ქალაქის უსწრაფესი განვითარება, რამაც სტარტი იური ლუჟკოვის მერად გახდომის შემდეგ აიღო. ლუჟკოვი ქალაქს თითქმის 20 წელიწადია განაგებს და ამ დროის განმავლობაში მოსკოვში ნგრევის და შენების პროცესებმა უპრეცედენტო ინტენსივობას მიაღწია.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აკავებენ აქციის მონაწილეს, მემარცხენე ფრონტის ლიდერს სერგეი უდალცოვს

როგორც რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ არქიტექტურული საკითხების კორესპონდენტმა გრიგორი რევზინმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, ლუჟკოვის გავლენა ქალაქის იერსახეზე განუზომელია:

„ქალაქის განაშენიანებაზე ლუჟკოვის გავლენა უზომოა. საქმე საკმაოდ უნიკალურ ვითარებასთან გვაქვს: არსებობს ბრეჟნევისეული არქიტექტურა, ხრუშჩოვისეული, სტალინისეული - შემდეგ კი ლუჟკოვისეული არქიტექტურა მოდის. არა ელცინის, არა პუტინის, არამედ ლუჟკოვის“, - ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტი და დასძენს: „პირველად ხდება, რომ მერი ასეთ განმსაზღვრელ ფიგურად იქცევაო.“

ლუჟკოვის მოკავშირეებად მიჩნეულ პირთა შორის პირველია მისი ცოლი, ელენა ბატურინა. ის სამშენებლო ბიზნესის გავლენიანი ფიგურაა, რუსეთში ყველაზე მდიდარი ქალი - ერთადერთი ქალი, რომელიც მილიარდერის სტატუსს ატარებს. ლუჟკოვს ხშირად სდებენ ბრალს, რომ ცოლის კომპანიას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების კონტრაქტებით ამარაგებს, თუმცა თავად მერი ამ ბრალდებას ყოველთვის გულმხურვალედ უარყოფს.

ქალაქის დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებისთვის ქრონიკულ პრობლემას სამანქანო ხერგილები წარმოადგენს. კიდევ ერთ პერმანენტულად გადატვირთულ ქალაქში - ნიუ-იორკში - მანქანების საშუალო სიჩქარე 38 კილომეტრია საათში, მოსკოვში კი ეს მაჩვენებელი 21-ს უტოლდება. მალე, სავარაუდოდ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ვარაუდით, 2015 წლისთვის მოსკოვში მანქანების რაოდენობა გაორმაგდება და 8 მილიონს მიაღწევს.

გენგეგმა ითვალისწინებს მანქანების სადგომების გაშენებას და სამანქანო მოძრაობის გაუმჯობესებას, თუმცა გეგმის მიმართ სკეპტიკურად განწყობილები - მაგალითად, ავტოსამანქანო მოძრაობის ექსპერტი მიხაილ ბლინკინი - ამბობენ, რომ ნაგებობების ნგრევა და შემდეგ უფრო დიდი შენობების აშენება მოსკოვის საგზაო მოძრაობის კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას იწვევს:

„ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ვანგრევთ საბჭოთა დროის ხუთსართულიანი სახლებისგან შემდგარ კვარტალს და მათ ადგილას 30 სართულიან სახლებს ვაშენებთ. ამ დროს კი უცვლელად ვტოვებთ გარშემო არსებულ როგორც კერძო მანქანების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოქმედ საგზაო ქსელს. სამლიტრიანი ქილა რომ ავიღოთ და შიგნით 5 ლიტრი წყალი ჩავასხათ, ხომ გადაივსება და გადმოიღვრება? სწორედ ამას ვაკეთებთ ყოველდღე“, - ამბობს ბლინკინი.

გასულ თვეში გენგეგმის ირგვლივ იშვიათი კონფრონტაცია მოხდა ქალაქის მერიასა და საზოგადოებრივ პალატას შორის, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ინსტიტუტია. პალატის წარმომადგენლებმა გეგმა გააკრიტიკეს, რის შემდეგაც მერიის თანამშრობლებმა შეხვედრა დატოვეს.

შეხვედრის შემდეგ გავლენიანმა გალერისტმა მარატ გელმანმა თქვა, ეს გეგმა სიხარბის და გულგრილობის ნიმუშიაო. „ჩვენთვის მოსკოვი სიყვარულია“, - განაცხადა მან და დასძინა: „ლუჟკოვისთვის კი ბოსტანი, საიდანაც მოსავალი უნდა მიიღოსო.“

კრიტიკოსების თქმით, გენგეგმის მთავარი ნაკლი და საშიშროება ის არის, რომ ის ქალაქის ისტორიულ იერსახეს უქმნის საფრთხეს.

დამოუკიდებელმა არქიტექტურულმა სადამკვირვებლო კომპანია „არხნადზორმა“ ქალაქის მესვეურებთან იმუშავა, რათა გენგეგმაში მოსკოვის ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები შედეგით უკმაყოფილონი არიან. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქის მესვეურებმა ასობით მნიშვნელოვანი შენობა პრეზერვაციის პროგრამაში არ შეიტანეს და ამით მათ პოტენციური საფრთხე შეუქმნეს.

„ჩისტიე პრუდის“ მცხოვრებ პენსიონერ სოფიას გენგეგმის შესახებ არაფერი სმენია, თუმცა აცხადებს, რომ გული სწყდება იმ ბედის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ბევრ ძველ ნაგებობას მოელის:

„გული მწყდება ამ ძველ ნაგებობებზე. მივეჩვიე მათ. ეს ძველი მოსკოვია ჩემი მოსკოვი“, - ამბობს სოფია.
XS
SM
MD
LG