Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი


დღეს ბრიუსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” წარმოადგინა ანგარიში, სადაც განხილულია, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შედეგები. ანგარიში, ძირითადად, მოიცავს სასამართლო და საჯარო სამსახურის მუშაობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შეფასებას. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, საქართველოში კვლავაც ბევრი პრობლემაა სამივე მიმართულებით. ისინი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების საკმაოდ გრძელ ნუსხას აწვდიან. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ერთობლივად შეთანხმებულ სამოქმედო გეგმაში შესულია ისეთი პრიორიტეტები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომ დაახლოებას.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ანგარიშის ავტორებმა გამოავლინეს, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაა. კვლავაც ბევრია გასაკეთებელი საჯარო სამსახურებში გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ამაღლების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის მიერ მიწოდებული რეკომენდაციები, მართალია, სანახევროდ, მაგრამ მაინც შესრულებულია.

როგორც ანგარიშის ავტორები სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით წერენ, საქართველოს მოქალაქეთა აზრით, სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდო სახელმწიფო ინსტიტუტია საქართველოში. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ანა ნაცვლიშვილი ლაპარაკობს სასამართლო სისტემაში რეფორმის შედეგად გაჩენილ პოზიტიურ ძვრებზე, თუმცა, მისი სიტყვებით, დადებითს ნეგატიური სჭარბობს:

”სასამართლო ოთახები უკეთ აღიჭურვა, მოსამართლეებს ხელფასები გაეზარდათ და ა.შ., მაგრამ რეალურად რაზე პოვა ამ ყველაფერმა ასახვა? სასამართლოების მუშაობა ნამდვილად არ გაუმჯობესებულა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, არც უფრო მეტად კვალიფიციური გადაწყვეტილებები გამოაქვთ მოსამართლეებს. ძალიან ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი. და, მართალია, ხელისუფლება ამას არასდროს აღიარებს, მაგრამ ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ დღეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა რომ გადაშალოთ, ყველგან ამოიკითხავთ, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი”, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სასამართლო სისტემაში არსებულმა პრობლემებმა პოლიტიკაშიც პოვა ასახვა, წერენ ანგარიშის ავტორები. მათ ამის საილუსტრაციოდ მოჰყავთ 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ისინი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მონიტორინგის მისიის განცხადებას ეყრდნობიან. როგორც აღნიშნავენ, არჩევნების პერიოდში სასამართლო ნაკლებ ინტერესს იჩენდა ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სარჩელების მიმართ. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ სასამართლო და პროკურატურა კვალავაც რჩება მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება საჯარო სექტორში მიმდინარე მოვლენები იყო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში, სასამართლოს მსგავსად, არც საჯარო სამსახურების დამოუკიდებლობაა უზრუნველყოფილი, რაც, მათივე დასკვნით, გამოწვეულია მინისტრების დიდი გავლენით საჯარო მოსამსახურეების დაქირავების ან სამსახურიდან დათხოვნის პროცესზე. ანგარიშის ავტორები იმასაც მიუთითებენ, რომ საქართველოში კვლავაც დამახასიათებელია ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, მისივე მოთხოვნით, შტატების სრული ცვლა. საუბარია იმაზეც, რომ ხშირად საჯარო მოხელეები მმართველი პარტიის წევრები არიან, რაც ხელისუფლების ინტერესების გატარებას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა.

პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის შესახებ კონცეფცია არ არსებობს. ასევე ამახვილებს ის ყურადღებას საჯარო სამსახურში პოლიტიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭების ნეგატიურ შედეგებზე:

”ბუნებრივია, როდესაც შენ თანამშრომელს არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ ლოიალურობის პრინციპით ირჩევ, ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ფიგურები არიან მინისტრები, ხშირ შემთხვევაში - მათი მოადგილეები, ხოლო რაც შეეხება რიგით თანამშრომლებს, ისინი აუცილებლად დარგის პროფესიონალები უნდა იყვნენ და არა პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანები, თორემ ამ შემთხვევაში ეფექტი, რა თქმა უნდა, დაბალი იქნება და ამას არანაირი კონცეფცია არ სჭირდება”, - ამბობს მარგველაშვილი.

როგორც „საერთაშიროსი გამჭვირვალობა“ აღნიშნას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულებას საკმაოდ დადებითად აფასებს. მათ საკუთარი შეფასებები 2009 წლის ანგარიშში წარმოადგინესო, წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. იმ 14 რეკომენდაციიდან, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფმა საქართველოს 2006-07 წლებში მიაწოდა, რვა მთლიანად შესრულდა, ექვსი კი - სანახევროდ. მათი განცხადებით, კონტროლის პალატაში არსებული სისუსტეები ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტორია. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია კონტროლის პალატის რამდენიმე ფუნქციაზე საუბრობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში კონტროლის პალატის მუშაობის ეფექტურობა გაიზრდება:

”კონტროლის პალატას უნდა ჰქონდეს პრევენციის ფუნქცია, ანუ, დარღვევების შემთხვევაში, კონტროლის პალატამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატამ, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამოასწორონ საჯარო სამსახურებმა აღმოჩენილი ხარვეზები, და ასევე უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის შემოწმება”, - ამბობს დავით ნარმანია.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში - მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა გამოირიცხოს მმართველი პარტიის ზეგავლენის ფაქტორი და ნეპოტიზმის შემთხვევები; სასამართლო მოსმენათა გადადების შემთხვევების შემცირება; საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნისა და დათხოვნის ტრანსპარენტულობა; საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; საჯარო სამსახურების წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის შეზღუდვების დაწესება; საჯარო ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - ეს იმ 21 რეკომენდაციის არასრული ჩამონათვალია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა.
XS
SM
MD
LG