Accessibility links

აქცენტები NDI-ს გამოკვლევაში


ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკვლევა წარმოადგინა. გამოკვლევაში აისახა როგორც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება, ზოგადად, პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოსადმი, ისე კონკრეტულად წინასაარჩევნო პროცესებისა და ტენდენციებისადმი. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური გარემო მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია.

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ”სწორი” ან ”ძირითადად სწორი” მიმართულებით ვითარდება. პირველი რიგის პრობლემები კი, რომლებიც განსაკუთრებით აწუხებს მოსახლეობას, არის დასაქმება და მაღალი კომუნალური და სატრანსპორტო გადასახადები. გამოკითხულთა 55 პროცენტის შეფასებით, პოლიტიკოსები დასაქმებაზე, ანუ მოსახლეობის უმთავრეს პრიორიტეტზე, არასაკმარისად საუბრობენ, მაშინ როცა არჩევნებში მონაწილე პარტიებს ამომრჩეველი უმთავრეს ამოცანად სწორედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო გარემოზე ზრუნვას უსახავს.

რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს: ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის - 76 პროცენტის - აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის, თუმცა დემოკრატიული კურსი მაინც შეუქცევადია. კონკრეტული რეფორმები კი, რომელთა გატარებაც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში იქნებოდა სასურველი, სასამართლო სისტემას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს შეეხება. ზემოხსენებული სამი მიმართულებიდან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შედარებით ფართომასშტაბიანი კვლევის საგანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევნები - კერძოდ, ადგილობრივი არჩევნები - იყო.

"ჩვენი ინფორმაციით, მოქალაქეთა დახლოებით 60 %-ს სჯერა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას სწორედ არჩევნებში მონაწილეობის გზით მოახდენს, რაც, თავის მხრივ, ზოგადად არჩევნებისადმი ნდობას ნიშნავს. აქვე გამოვყოფდი, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარს საარჩევნო სიის სიზუსტე ისევ აეჭვებს. ოთხიდან ყოველი სამი, ანუ 75 პროცენტი კი, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, საარჩევნო უბნებზე სამეთვალყურეო კამერების დაყენების მომხრეა”, - გვითხრა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ. მისივე განმარტებით, კვლევა, რომლის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური გარემოს შეფასება იყო, ამა წლის 11-26 აპრილს ჩატარდა. მასში, საქართველოს მასშტაბით, 2 378 მოქალაქე მონაწილეობდა.

ლუის ნავაროს აზრით, კვლევის საფუძველზე სამი ძირითადი დასკვნის გამოტანა შეიძლება: "პირველია დასაქმება, სამუშაო ადგილები და გადასახადები, როგორც მოსახლეობის უმთავრესი მოთხოვნა; მეორეა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მიმართულებით კონსტრუქციულ ცვლილებებს ემხრობა, მაგრამ კრიტიკულად აფასებს მოლაპარაკებების წარმოებას ქვეყნის მთავრობის გვერდის ავლით. დაბოლოს, მედიაგამოკითხულთა უმრავლესობა ახალი პოლიტიკური არხის - საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის -ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობას უჭერს მხარს და მოელის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ პასუხს აგებს 13 მარტს მომზადებული ”სპეციალური რეპორტაჟის” გამო."

ლუის ნავაროს განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების ასახვა და ხელისუფლებისთვის მიწოდებაა სწორი და ადეკვატური ნაბიჯების გადასადგმელად. იგივე შეიძლება ითქვას არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართაც. მათ კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი, კვლევაში ასახული სოციალური დაკვეთების შესაბამისად, საარჩევნოდ პოლიტიკური მესიჯების დრამატულ შეცვლას არ ურჩევს:

"გამოკვლევები უფრო პოლიტიკოსებისთვისაა, რათა თავიანთი რესურსის შესაბამისად დასვან სწორი აქცენტები. მაგრამ პოლიტიკოსს გააჩნია: ზოგი პოპულიზმის გზით მიდის, ვიღაცა რეალურად თავისი რესურსის შეფასებებს ახდენს და ისე აკეთებს აქცენტებს."

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ზემოთ მოყვანილი კვლევის მიზანი იყო ასევე საქართველოს მოქალაქეთა მგრძნობელობის შეფასება დემოკრატიის მოთხოვნების მიმართ. კვლავ საარჩევნო პროცესს თუ დავუბრუნდებით, კვლევამ აჩვენა, მაგალითად, რომ გამოკითხულთა 55 პროცენტი მზად არის დარღვევების შემთხვევაში საჩივრით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას, მხარს უჭერს თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატების მოწყობას და ასე შემდეგ. აქვე შევნიშნავთ, რომ კითხვაზე, გსურთ თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, პოზიტიურად გამოკითხულთა 62-მა პროცენტმა უპასუხა. კვლევის ცდომილების ზღვარს მკვლევარები პლუს-მინუს სამი პროცენტის ფარგლებში განიხილავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG