Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის ლუდის ქარხანას ძებნილი ხელმძღვანელობდა


ახალგორის ლუდის ქარხანა
ახალგორის ლუდის ქარხანა
რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალგორის ლუდის ქარხნის „ალუტონის“, ყოფილი „ლომისის“ ქარხნის ხელმძღვანელი, რუსლან შარიპოვი, 1998 წლიდან რუსი სამართალდამცავების მიერ ქურდობისთვის იძებნება.

1981 წელს დაბადებული რუსლან შარიპოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 158-ე მუხლით, ქურდობის ნაწილით არის აღძრული. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 1998 წლის 26 სექტემბერს ჩელიაბინსკშია დარეგისტრირებული,- განაცხადეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მონაცემებით კი, 2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის აპრილამდე ქარხანა ლიცენზიის გარეშე საქმიანობდა. ამ პერიოდში 160 ტონა ლუდი ჩამოისხა და პროდუქციის ნახევარი გაიყიდა. გაყიდვიდან შესული თანხა კი, დაახლოებით 800 000 რუბლი, საბუღალტრო აღრიცხვაში შეტანილი არ არის.

პროკურატურის ინფორმაციით, "ალუტონის" საწესდებო ფონდის 5 მილიონ 500 ათასი რუბლიდან, რომელიც მას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაეცა, მხოლოდ 17 000 რუბლია დარჩენილი, ხოლო დახარჯული თანხის შესახებ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. ქარხნის ხელმძღვანელობას არც 2010 წლის მარტისა და აპრილის ხელფასები გადაუხდია თანამშრომლებისთვის.

პროკურატურის მონაცემებით, ქარხნის გენერალური დირექტორი რუსლან შარიპოვი, წარმოების დირექტორი დიმიტრი ლაზარევი და მთავარი ბუღალტერი ანა გალკინა, ამჟამად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან და გამოძიების გამოძახების მიუხედავად, შესაბამის უწყებებში არ ცხადდებიან.

ქარხანა "ალუტონში" ფინანსური შემოწმება აპრილის დასაწყისში დაიწყო. ამ დროისთვის ქარხნის ქონება დაყადაღებულია. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაბეჭდეს ოსურმა საინფორმაციო სააგენტოებმა სათაურით „ბროვცევის გუნდის წევრი ძებნილი აღმოჩნდა“. შარიპოვის შესახებ ის არის ცნობილი, რომ იგი პრემიერ-მინისტრის თანაქალაქელია და ცხინვალში ჩელიაბინსკიდან ჩავიდა.

ახალგორელი თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, თავიდან ქარხანა ნორმალურად მუშაობდა და რამდენიმე სახის პროდუქციასაც აწარმოებდა. მმართველად ადგილობრივი მაცხოვრებელი ვაჟა კოზაევი იყო დანიშნული. ქარხანაში დასაქმებული იყო დაახლოებით 120 ადამიანი, რომლებსაც ხელფასს ხან უწყისებიდან უწერდნენ, ხან - მათ გარეშე.

ქარხანა 6 თვეზე მეტხანს მუშაობდა და მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ იქ სერიოზული დარღვევები იყო. ეს ყველაფერი კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების ფონზე ამოტივტივდა. ამჟამად, ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ შვიდ პირზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. უმრავლესობამ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქი უკვე დატოვა, ნაწილს კი გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დადებული. კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას დაავალა, რომ ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ფინანსების მითვისებაში კოკოითისა და ბროვცევის გუნდის წევრები ერთმანეთს ადანაშაულებენ და ამისთვის მათ მიერ კონტროლირებულ მედიასაშუალებებს იყენებენ. ოსური მედია ბოლო პერიოდში მხოლოდ მაკომპრომეტირებელი მასალების ბეჭდვით არის დაკავებული. და, არც ერთ ჟურნალისტს არ უჩნდება კითხვა - როგორ მოხვდა რუსეთში ქურდობისთვის ძებნილი ადამიანი ახალგორში მაღალ თანამდებობაზე, ვისი ხელშეწყობით დაინიშნა იგი, და საერთოდ, როგორ გადმოკვეთა ძებნილმა რუსეთის საზღვარი?

შარიპოვმა, როგორც გადმოკვეთა, ისე უკან გადაკვეთა რუსეთის საზღვარი ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ოსურ გამოძიებას დაემალა. გამოძიების ცნობით, მან დე ფაქტო რესპუბლიკიდან მილიონობით რუბლი გაიტანა.
XS
SM
MD
LG