Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფოდ! სასწრაფო


სასწრაფო დახმარების სამსახური 033
სასწრაფო დახმარების სამსახური 033
რა ღირს საქართველოში სასწრაფო დახმარების გამოძახება, ვინ და როგორ ემსახურება პაციენტებს?

033-ის 908-ე ბრიგადა მორიგ გამოძახებაზე გადის. ეს თბილისში ერთადერთი უფასო სამედიცინო დახმარების სამსახურია - ყოფილი 03-ის მოდერნიზებული ვარიანტი - 650 ექიმით, 75 მანქანით, 15 დისლოკაციის ადგილით. ჩვენ მათ პირველივე გამოძახებულ მისამართზე მივყვებით, იქ კი გვხვდება 14 წლის ნინი, რომელსაც სპაზმური ხველა აქვს. ის უკვე ერთი კვირაა ავადაა. ექიმი აქამდე არ გამოუძახებიათ.

უფროსი ექიმი პაციენტს ფილტვების ანთებას უდგენს და ამბობს, რომ ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ უახლოეს საავადმყოფოში...

ბავშვის გლდანულადან დიღომში, ჟვანიას კლინიკაში, გადაყვანა გადაწყდა, რაც ოჯახისათვის მოულოდნელი ამბავი აღმოჩნდა.

ბავშვის დედა: ” პირველად მიმყავს საავადმყოფოში. არ მეგონა, თუ ასე სერიოზულად იქნებოდა საქმე. ეკონომიურად, ვერ ვიტყვი, რომ გადამდის, მაგრამ არც ხელგაწვდილი ვდგავარ. ვნახოთ. რაც ნაკლები ხარჯი იქნება, მით უკეთესი.”

დაახლოებით ათ წუთში სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოს ეზოში შედის. პირველივე კითხვა, რომელსაც პაციენტის დედას უსვამენ, დაზღვევას უკავშირდება.

ექიმი: ”დაზღვევა გაქვთ”? არც პოლისი? არავითარი დაზღვევა არა გაქვთ? არა, უბარლოდ, გამოკვლევა დასჭირდება ბავშვს და ეს ყველაფერი გარკვეულ თანხასთანაა დაკავშირებული”...

სასწრაფო დახმარების უფასო მომსახურება აქ სრულდება. საავადმყოფოს ხარჯები, პირობები, დაზღვევა უკვე საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტის მოსაგვარებელია. უფასო სასწრაფო დახმარებაში კი, როგორც 033-ის ხელმძღვანელი სოსო მამულაშვილი გვიხსნის, შედის ყველაფერი, რასაც პირველადი სამედიცინო დახმარება ითვალისწინებს:

033-ის ხელმძღვანელი სოსო მამულაშვილი
”საავადმყოფოში ჩვენ მიერ მიყვანილი პაციენტი უკვე რაღაც ეტაპამდე მომზადებულია. მას უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, იქნება ეს კარდიოგრამა, არტერიული წნევის გაზომვა თუ ა.შ. ”

უფასო სამედიცინო დახმარება, გემახსოვრებათ, პრეზიდენტის პროგრამის ნაწილია, 033 კი სახელმწიფოს მიერ 100%იანი წილით დაფუძნებული შპს, რომლის ბიუჯეტი 11 ნახევარი მილიონი ლარია. მისი მომსახურება რეგიონებზე არ ვრცელდება. იქ კვლავ ძველი 03 მუშაობს, ხოლო თუ როგორ, ეს ცალკე სიუჟეტის თემაა. აქ კი, თბილისში, 033-ის საოპერატოროში მთელი დღის განმავლობაში ათასზე მეტი ზარი შედის.

”საშუალოდ 1000-1100 რეალურად შესრულებული მისამართი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, უამრავი მანიაკია, რომელიც 033-ზე დარეკვით ერთობა... და ბევრი რეკავს ისეთი, რომელიც გვეკითხება, ხომ უფასოა თქვენი მომსახურებაო”, - გვიხსნის საოპერატოროს ხელმძღვანელი კახი კარიაული. ის გვეუბნება, რომ პაციენტი, როგორც წესი, უახლოეს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ჯერ კიდევ 03-ის დროიდან ბევრი ადამიანი ფიქრობს და ზოგს ასეთი გამოცდილებაც აქვს, რომ უფასო სასწრაფო მომსახურებას აქვს თავისი ნაკლი - მაგალითად, რადგან უფასოა, შესაძლოა არ ჰქონდეთ საჭირო მედიკამენტები ან ვერ ჩაატარონ ყველა საჭირო პროცედურა. კახი კარიაული ამბობს, რომ სასწრაფოს დღეს აქვს ყველა ის მედიკამენტი, რაც მათ სჭირდებათ. უფრო ძვირიანი მომსახურება - მედიკამენტებით იქნება ეს თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობით - სასწრაფოს ფუნქციებში, უბრალოდ, აღარ შედის. ამასვე ამბობს ფასიანი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების, „ემერჯენსი სერვისის“, მთავარი ექიმი სამკურნალო დარგში, ოთარ საჯაია:

სასწრაფო სამედიცინო დახმარება 033
”ეს არის პირველადი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები. აქ ლაპარაკი არ არის თერაპიული დოზებით მკურნალობაზე და ძვირად ღირებულ ანტიბიოტიკურ თერაპიაზე. ამას არც ერთი სასწრაფო დახმარება არ უზრუნველყოფს მთელ მსოფლიოში. პრეჰოსპიტალურ ეტაპზე კი ყველა მედიკამენტი, რაც, როგორც წესი, საჭიროა, გვაქვს. ჩვენი მომსახურება 50 ლარი ღირს და, გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და საპროვაიდერო ფასი კონფიდენციალურია.”

50 ლარი ღირს კიდევ ერთი კერძო სასწრაფო დახმარება - კარდიოექსპრესის გამოძახებაც. როგორც ერთ, ისე მეორე კერძო სასწრაფოს სამ-სამი მანქანა და ექიმების მცირე შემადგენლობა ემსახურება. გამოძახებებიც მათთან ფასის გამო ნაკლებია. მაგალითად, კარდიოექსპრესის ერთ-ერთმა ოპერატორმა გვითხრა, რომ ხშირად რეკავენ, მაგრამ 50 ლარის გადახდის შესაძლებლობა ყველას არა აქვს, თუმცა არიან გამონაკლისებიცო:

”ისეც ხდება, რომ ადამიანს უჭირს, მაგრამ ჩვენი პაციენტია და სხვა გზა არა აქვს, უნდა იშოვოს ფული და გადაიხადოს. ბევრი რეკავს, მაგრამ თანხას რომ იგებენ, აღარ გვიძახებენ.”

კერძო სასწრაფოები, ძირითადად, კონკრეტულ კლინიკებს ემსახურება. პაციენტსაც საავადმყოფოს ტერიტორიული ნიშნით, ანუ სიახლოვით არ ურჩევენ, თუმცა როგორც კერძო, ისე უფასო სასწრაფო დახმარება დანიშნულების ადგილზე, იდეალურ შემთხვევში, ათ წუთში უნდა მივიდეს, თუ, რა თქმა უნდა, მის სირენას დანარჩენი მძღოლები ყურადღების თხოვნად მიიჩნევენ და გზას დაუთმობენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG