Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სტალინს „არ შეიძლება ეპატიოს“ დანაშაულები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, სტალინს არ შეიძლება ეპატიოს დანაშაულები, რომლებიც მან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. „სტალინმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობით ქვეყანა წარმატებებს აღწევდა, არ შეიძლება ეპატიოს ის, რაც მან საკუთარ ხალხს გაუკეთა“, - განაცხადა მედვედევმა ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“. მედვედევი ამბობს აგრეთვე, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირი იყო „ტოტალიტარული“ რეჟიმი, რომელშიც „ელემენტარული უფლებები და თავისუფლებები“ ირღვეოდა. მედვედევის ამ განცხადებების ფონია დებატები სტალინის როლის გარშემო, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 65-ე წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით. 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადებამ რუსეთში კრიტიკა გამოიწვია გეგმის გამო, რომელიც სტალინის პლაკატების გამოფენას ითვალისწინებდა. ეს გეგმა ამასობაში გააუქმეს.
XS
SM
MD
LG