Accessibility links

logo-print

ზვიად ძიძიგური: იარაღი ოჯახის დაცვის მიზნით გამოვიყენე


“კონსერვატიული პარტიის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 6 მაისს მან მართლაც გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. ძიძიგურის განმარტებით, გასროლა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო, რადგანაც ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე აქტივისტი მის ოჯახს დაესხა თავს. მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, მეზობლებსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის შემდეგაც ის ქუჩაში გავიდა და თავდასხმაც სწორედ იმ დროს მოხდა. ”ამოვიღე იარაღი და გავისროლე რამდენჯერმე... 3-ჯერ, იმისათვის რომ განმემუხტა ეს მდგომარეობა. და მე გაფრთხილებთ ყველას, დაანებეთ თავი ჩემს ოჯახს. ასეთი პროვოკაციების განმეორების შემთხვევაში გავიმეორებ იგივეს”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, მას იარაღის ტარების უფლება აქვს და თავდაცვის შემთხვევაში გამოყენებაც შეუძლია. სკანდალური ინცინდენტი ზვიად ძიძიგურის სახლთან 6 მაისს გვიან ღამით მოხდა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, ყვებიან, რომ ზვიად ძიძიგურმა, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც იარაღიდან გასროლაც მოჰყვა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ”წინასწარი გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე. მიმდინარეობს ინცინდენტის მონაწილეებისა და თვითმხილველების დაკითხვა.”
XS
SM
MD
LG