Accessibility links

logo-print

ცესკოსთან მემორანდუმს რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა


ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომლის არსი, ერთი მხრივ, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობაა, მეორე მხრივ კი, საარჩევნო დავების სასამართლო და ადმინისტრაციული განხილვების ერთიანი სტანდარტის ამოქმედება, 12 პოლიტიკურ პარტიასთან გაფორმდა. პირველი, ვინც აღნიშნულ მემორანდუმს მოაწერა ხელი,საარჩევნო მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. მოგვიანებით მათ მმართველი „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდა. მემორანდუმის გაფართოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა 7 მაისი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მემორანდუმის ხელმომწერთა რიცხვის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, გაფართოების ახალ ტალღაში თითქმის არ აღმოჩნდნენ 30 მაისის არჩევნების ეგრეთ წოდებული ძირითადი მოთამაშეები. კრიტიკოსთა ამგვარ შეფასებას, ანუ საარჩევნო სუბიექტების დახარისხებას, არ ეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, რომელსაც მემორანდუმის მნიშვნელობისა და დანიშნულების განმარტების მიზნით დავუკავშირდით:

”ეს მემორანდუმი განსაზღვრავს იმ ძირითად მომენტებს, თუ როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ჩვენ ყველანი კანონის იმ მუხლებს, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, და ვიღებთ ვალდებულებას, რომ სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოების დროს მუხლების ინტერპრეტაციას გავაკეთებთ ერთგვარად. ჩვენ პრინციპულ საკითხებზე აღარ ვიდავებთ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც დროს, ისევე ენერგიას.”

მემორანდუმის ხელმომწერი ერთ-ერთი პარტიის - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის - პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი, ამას გარდა, მემორანდუმის გრძელვადიან, არჩევნებისშემდგომ პერსპექტივასაც ხედავს:

”ძალიან ბევრი ჩვენი წინადადება არ გავიდა, რაღაც ნაწილი გაიზიარეს. შესაბამისად, იმას, რაც გაიზიარეს, შენარჩუნება უნდა. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ გადავწყვიტეთ ხელი მოვაწეროთ ამ მემორანდუმს. ეს წაგვადგება შემდგომში იმაში, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, სადაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მაქსიმალურად იქნება შეზღუდული ერთი კონკრეტული პარტიის მხრიდან.”

გოგა გოგნიაშვილი ვარაუდობს, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც გაგრძელდება. არჩევნებამდე კი, ისევე როგორც არჩევნების შემდეგ, მემორანდუმი ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა. მათ შორის კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მაგრამ მემორანდუმზე ხელმოწერის აზრს ვერ ხედავს, არიან „ეროვნული საბჭოს“ პარტიები, „მრეწველები“, ”ალიანსი საქართველოსთვის” სუბიექტები და სხვა.

”ალიანსმა საქართველოსთვის“, როგორც არანაირი რესურსის არმქონემ, -ადმინისტრაციულ რესურსს ვგულისხმობ, -თქვა, რომ არასამთავრობოებისგან გასაგებია ამ ტიპის მემორანდუმის გაფორმება, ცესკოსგანაც გასაგებია, ხელისუფლების შეერთებაც ახსნადია, მაგრამ პარტია, რომელსაც ამ მიმართულებით არანაირი პოზიტიური ან ნეგატიური მოქმედების საშუალება არა აქვს, რატომ უნდა შეუერთდეს მემორანდუმს ხელის მოწერით?” - აღნიშნავს მამუკა კაციტაძე.

მემორანდუმი კი, თავის მხრივ, განმარტავს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის თანაბრად გამოყენების იმ წესებს, რომლებითაც ხელმომწერებმა საარჩევნო დავების სასამართლო და ადმინისტრაციული განხილვების დროს უნდა იხელმძღვანელონ.

”გასაჩივრების შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ კანონით და იმ მუხლებით, რომლებიც კანონშია მოცემული და ახლა მე მანდ მემორანდუმზე მოვაწერ თუ არ მოვაწერ ხელს, რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გავიგე.“

ამ შეკითხვას კი უკვე „მრეწველთა“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, სვამს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ნინო ლომჯარია კითხვის პასუხად განმარტავს:

”საარჩევნო დავები პირველად ყოველთვის განიხილება ცესკოში. ანუ თუ ცესკო დაეთანხმება მემორანდუმის ნორმებს, მაშინ სასამართლოში წასვლა უკვე აღარ იქნება საჭირო. ანუ, გარკვეულწილად, უფრო პროგრესულად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო თუ სასამართლოში წავალთ, ბუნებრივია, სასამართლოსთვის ეს ინტერპრეტაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ ცესკო იქნება მეორე მხარე და, როგორც წესი, სასამართლო ემხრობა ხოლმე ცესკოს პოზიციას. ”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის თანახმად, მოლაპარაკებები და დებატები საარჩევნო კოდექსის გაცილებით მეტი მუხლის განმარტებისთვის მიმდინარეობდა, ვიდრე მემორანდუმში აისახა. ამის მიუხედავად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ის, რაზე შეთანხმებაც არასამთავრობოებმა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ამჯერად უკვე პარტიებმა შეძლეს, მხოლოდ წაადგება ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების იმ ტენდენციის რღვევას, რომელიც ლამის ტრადიციად იქცა. მაგალითად, მემორანდუმის ერთ-ერთი განმარტების თანახმად, საარჩევნო მიზნებისათვის სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობების, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
XS
SM
MD
LG