Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 მაისი 2010


Georgia -- Newspapers. undated
Georgia -- Newspapers. undated
დღევანდელი პრესა 6 მაისის მოვლენებს ეხმაურება. წერენ როგორც პოლიციის აღლუმზე, ისე საპროტესტო აქციის დეტალების შესახებ. ”აღლუმი ქვების სროლისა...”, ”უზნეობის აღლუმი”, ”ხელისუფლებამ ოპოზიცია გიორგობას კიდევ ერთხელ დაარბია”, ”ხალხის და პოლიციის ერთად ზეიმი”, ”ქუჩა და მისი წესები” - ასეა დასათაურებული სტატიები.

”ახალი თაობა” აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების წინა ვითარებას ასე აღწერს: ”სპეცრაზმის მოთხოვნა ოპოზიციამ არ შეასრულა და ისინი კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მათთან. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. დაძაბულობა უკვე აშკარად შეიმჩნეოდა. ყველა იმის მოლოდინში იყო, რომ რაღაცა მოხდებოდა. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. საპასუხოდ მან პოლიციელს საღებავი შეასხა. ამის შემდეგ კი უკვე დიდი ამბები დატრიალდა”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ვერსიის” ავტორი დაწვრილებით აღწერს 6 მაისის საპროტესტო აქციას და მის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებას. ”დიახ, ჩვენ ყველანი გავუყევით იმ პატარა გზას, რომელიც ”უცნობმა” აღმოაჩინა, და მივედით იქ, სადაც მისასვლელი იყო - პირდაპირ სპეცრაზმელების კორდონთან, მატარებლის ლიანდაგების გავლით. გია გაჩეჩილაძეს კი ეკუთვნის ამ გზის აღმოჩენა, მაგრამ ოპოზიციის დანარჩენი ლიდერები როდის აღმოაჩენენ, რომ გაიზარდნენ, გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ და იმ ”უცნობსა” თუ გია გაჩეჩილაძეს ხრამში თავქვე არ უნდა გადაჰყვნენ? ბოლო-ბოლო, საერთო ლიდერად დაასახელონ ან, თუნდაც, ბელადად შერაცხონ და ასე იარონ, ხელიხელჩაკიდებულებმა, მის მიერ აღმოჩენილ გზებზე”, - წერს ”ვერსიის” ავტორი.

”ვერსიაშივე” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ, როგორც ავტორი წერს, ”ქვეყნიდან ქვეყანაში ‘მოხეტიალე’ ” ვალერი გელბახიანთან, რომელიც, როგორც თავადვე აღნიშნავს, ნაწყენია ქართველ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური გახადეს: ”საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, ჩვენი ოპოზიციონერების მსგავსი პოლიტიკოსები პოლიტიკას საერთოდ ჩამოაშორონ.”

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს: ”რა განსხვავებაა ამ ოპოზიციასა და სააკაშვილს შორის? სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მან რუსებს ომი მოუგო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მან აიძულა სააკაშვილი გადამდგარიყო და ის დაამარცხა.”

”რეზონანსი” ინტერესდება, რატომ გადადგა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვატო მაკარიძე. ავტორის თანახმად, მაკარიძის გადადგომას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა მიზეზს არ აზუსტებენ. ტექსტში გაეცნობით სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის კომენტარსაც, რომელსაც უთქვამს: ”ის იყო მინისტრის მოადგილე და 2 თვის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. თუ რატომ დატოვა თანამდებობა, ეს ჩემთვის უცნობია”. ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აღნიშნავს, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის გელა ბერძენიშვილის დაკავება და მაკარიძის მიერ პოსტის დატოვება. გაზეთის ცნობით, ორივე ფინანსურ სფეროს კურირებდა სამინისტროში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG