Accessibility links

logo-print

საქართველოს „კულტურათა ომები“


დაპირისპირება ”ილიას უნივერსიტეტთან” მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და „ლიბერალებად“ იდენტიფიცირებულ ჯგუფებს შორის

დაპირისპირება ”ილიას უნივერსიტეტთან” მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და „ლიბერალებად“ იდენტიფიცირებულ ჯგუფებს შორის

„კულტურათა ომი“ - ბევრმა ასეთი შეფასება მისცა თბილისში ახლახან გამძაფრებულ დაპირისპირებას მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და „ლიბერალებად“ იდენტიფიცირებულ ჯგუფებს შორის.

ამჯერად კონფლიქტის საბაბი გახდა ახალგაზრდა ავტორის, ერეკლე დეისაძის წიგნი სახელწოდებით „საიდუმლო სირობა“. რელიგიურმა ორგანიზაციებმა ეს ტექსტი შეურაცხყოფად და პროვოკაციად შეაფასეს; თავად ავტორის მტკიცებით, მის წინააღმდეგ არაერთი მუქარაც გამოითქვა. ლიბერალებმა კი ეს ნაბიჯები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვეს და გააპროტესტეს.

თავისთავად, ამ შემთხვევაში ახალი და საკვირველი ალბათ არაფერია. ბევრ, მით უმეტეს, გამიზნულად პროვოკაციულ კულტურულ მოვლენას აქამდეც ხშირად მოჰყოლია კონსერვატული ჯგუფების პროტესტი - საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. მაგრამ საქართველოში ამ პროცესებს სულ მცირე ორი, ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი ართულებს.

პირველია სამართალდამცავი ინსტიტუტების ფუნქცია თუ უფუნქციობა. ორი წლის წინ პოლიცია უმოქმედოდ უყურებდა მართლმადიდებელი ჯგუფების ძალადობრივ თავდასხმას „ჰელოუინის“ აღნიშვნის მოსურნე ახალგაზრდებზე და რელიგიის სახელით მოძალადეთა ქმედებებში ეს ჩაურევლობის პოლიტიკა კვლავაც დიდწილად გრძელდება.

მეორე კი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში რელიგიური ეთნო-ნაციონალიზმის გაძლიერებაა - თავისი თანმდევი შეუწყნარებლობით, მითებითა და ირაციონალიზმით.

ეს იდეოლოგია პოსტ-საბჭოთა პერიოდის საქართველოში ყოველთვის ძლიერი იყო, თუმცა დღეს ალბათ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მისი გავლენისა და კონსოლიდაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. „რომ გაძლიერდა, ეს ნათელია. ორგანიზაციები შეიქმნა. შეიძლება ითქვას კონსოლიდაცია მოხდა“, - ამბობს ანთროპოლოგი მიხეილ სვანიძე. „უფრო კარგად ორგანიზებული არიან ეს ძალები, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს ქმნიან და გარკვეულ აქციებს ატარებენ. ღიად არიან ასეთ ეთნო-რელიგიურ, ნაციონალისტურ ტალღაზე.“

მაგალითად, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“ ცოტა ხნის წინ შეემატა „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში მართლმადიდებელი მრევლი „ფსევდოლიბერალების“ შეტევის ქვეშაა. ახლახან ამ მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც ვიხილეთ თავიანთი კვაზი-ფაშისტური სამოსით, ჟესტებითა და განცხადებებით.

ყოველივე ეს კი შოვინისტურ, ანტი-ლიბერალურ და ანტი-დასავლურ განწყობებს აძლიერებს, რაც, საქართველოს რეალობაში, ხშირად „ერთმორწმუნე რუსეთის“ დადებითი სტერეოტიპის გააქტიურებასაც ნიშნავს. მიხეილ სვანიძე ამას მოძრაობის სიმბოლიკაშიც ხედავს: “პირველ რიგში, მე ვუყურებ მათ გერბს - „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისას“. არის ორთავიანი არწივი, რომელიც ჰგავს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გერბის არწივს, ხოლო ორთავიანობა რუსეთის ალუზიაა. მე რაღაც ინტერვიუში ვნახე, რომ გულაშვილი ამბობს, თითქოს ეს ძველშუმერული, პროტოქართული სიმბოლოა, მაგრამ ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს, როცა პირველი ასოციაცია, რაც ორთავიან არწივზე ჩნდება, ნათელია, რომ რუსეთია,” - ამბობს მიხეილ სვანიძე.

შეკითხვას, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია ამგვარი განწყობების გაძლიერება, ცხადია, მარტივი პასუხი არ აქვს. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამას ასე ხსნის:

„ამის ძირითადი მამოძრავებელი ძალა თუ ფუნქცია არის თავდაცვითი. ის, რომ ბევრი რამე ცუდად არის - ეკონომიკა, უმუშევრობა და ასე შემდეგ, ბევრი პრობლემაა. მაგრამ გვაქვს ზეციური საქართველო, სადაც ყველანი ერთად მოვხვდებით და კარგ დროს გავატარებთ,“ - ამბობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და დასძენს: „როდესაც მე მჯერა, რომ ვარ რჩეული ერი, რჩეული სარწმუნოების წარმომადგენელი - უფრო სწორად, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების წარმომადგენელი - ეს ფსიქოლოგიურ კომფორტს მაძლევს ისეთ გარემოში, რომელიც არ არის კომფორტული.“

ასეთ ვითარებაში სიძულვილის გაღვივებაც ადვილია - იქნება ეს რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების, განსხვავებულად მოაზროვნეების, თუ ლიბერალური პრინციპების მიმართ. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიური ყოფა კვლავაც ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული რჩება, თუმცა სოციალური უსამართლობის გამომწვევი სისტემის მწყობრი კრიტიკით საქართველოში არც ერთი ძალა არ გამოდის. სამაგიეროდ, ცხოვრებით უკმაყოფილება ხშირად მითიურ „ანტიქართულ“ ძალებს ბრალდება და სიძულვილის გაღვივებასაც სწორედ ეს იწვევს.

ფსიქოლოგიურის გარდა, ამგვარი განწყობების გამძაფრებას სხვა, უფრო ფართო მიზეზებიც აქვს. ფილოსოფოსი გიგა ზედანია, მაგალითად, ამას თანამედროვეობასთან დაპირისპირებით ხსნის. გლობალიზაციის და მასობრივი კომუნიკაციების ეპოქაში მცხოვრები საქართველო თანამედროვეობის - ან, უფრო სპეციფიური ტერმინით რომ ვთქვათ, მოდერნულობის - მდგომარეობაში გადადის, რასაც გარკვეული ძალები „ტრადიციების დაკარგვის“ საფრთხის სახელით უპირისპირდებიან. თუმცა, გიგა ზედანია გვაფრთხილებს, რომ ეს „ტრადიციებიც“ დიდწილად მოჩვენებით ცნებას წარმოადგენს, ვინაიდან საბჭოთა წარსულის გამოვლის შემდეგ საქართველოში შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა წარმოადგენს ჭეშმარიტ „ტრადიციას“:

„ამას ობიექტური მიზეზი აქვს. რასაკვირველია, ძალიან ნელა, - მე არ მინდა ვთქვა, რომ ოპტიმისტი ვარ - მაგრამ რაც უფრო ვხდებით თანამედროვე საზოგადოების მსგავსი წარმონაქმნი, მით უფრო ძლიერდება უკუდარტყმა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ უნდათ და შეიძლება არც შეუძლიათ ამ თანამედროვე საზოგადოებაში ჩართვა“, - ამბობს ზედანია. „რაც ხდება, ძალიან საინტერესო პროცესია - ეს უკუდარტყმა ხორციელდება არა ტრადიციული საზოგადოების მიერ, არამედ პირიქით, ამ ტრადიციული საზოგადოების გამოგონება ხდება აქ და ამ წუთში.“

ასეა თუ ისე, “ტრადიციების, ეროვნულობის თუ მართლმადიდებლობის წართმევის” თემის აქტუალიზებით საქართველოში არაერთი ძალა ცდილობს დასაყრდენის მოპოვებას და, სავარაუდოდ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამას წარმატებითაც ახერხებს. უკვე ერთგვარ კლიშეებადაც კი იქცა ფრაზები „ტრადიციებს გვართმევენ“ და „ეკლესიებს გვინგრევენ“ რომლებსაც პოლიტიკური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უკვე წლებია, იყენებს ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ჯგუფების წინააღმდეგ.

ხელისუფლება კი - რომელმაც უკვე დიდი ხანია, დაკარგა უწინდელი პოპულარობა და ნდობა - ამგვარი კრიტიკის მოგერიებას არა მისი რაციონალური გაბათილებით, არამედ ნაციონალისტური განწყობების გამოყენებით და ხშირად კიდევ უფრო გამძაფრებითაც ცდილობს. სწორედ ამით აიხსნება რელიგიურ ექსტრემიზმთან მიმართებით პოლიციის უმოქმედობის პრობლემაც - გვეუბნება გიგა ზედანია და 2 წლის წინანდელ შემთხვევას იხსენებს:

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი არბევს ჰელოუინის შეკრებას, და პოლიცია არაფერს აკეთებს. რატომ არ აკეთებს ამას? იმიტომ კი არა, რომ არ იცის, რომ უნდა გააკეთოს ან რომ ჩვეულებრივად არ ჩაერეოდა. ძალიანაც ჩაერეოდა. ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ბასილ მკალავრიშვილის სექტის გაქრობა ძალიან ძალადობრივი მეთოდით - რაც, ჩემი აზრით, გამართლებული იყო. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღეს ხელისუფლებას ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ეშინია ისეთი ნაბიჯების გადადგმის, რომლებიც არაპოპულარული იქნებოდა.”

მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ რადიკალურ საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაპირისპირებას “არაპოპულარულ ნაბიჯად” ის ფაქტორიც აქცევს, რომ საქართველოს ეკლესია ამ ორგანიზაციებს არ ემიჯნება. ეს კი, ალბათ, აჩენს ვარაუდს, რომ ეკლესის და ამ ჯგუფების პოზიციებს შორის გარკვეული თანხვედრა არსებობს - მით უფრო, რომ ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრების გვერდით მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც ხშირად ჩნდებიან. შესაბამისად, იმ მაღალი ავტორიტეტით, რომლითაც ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში სარგებლობს, ეს ჯგუფებიც ნახულობენ სარგებელს.

არადა რელიგიის სახელით მოქმედი ამ ინდივიდების თუ ჯგუფების რიტორიკა და ქმედებები სულ უფრო აგრესიული ხდება. “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი, მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით ოპონენტებს ასე დაემუქრა:

"მე ვაფრთხილებ ამ [ანტი-]საზოგადოებას, ან დააყენონ ერთი ადგილი, ან არადა მათი ადგილი იქნება იქ, სადაც იქნება."

ყველაფერზე მეტად კი ვითარებას ალბათ ის ართულებს, რომ მათ, ვისაც მართლმადიდებლობის სახელით „ერთი ადგილის დაყენებისკენ“ მოუწოდებენ, ხშირად უჭირთ საზოგადოებას მწყობრად და მკაფიოდ აუხსნან თავიანთი შეხედულებების ხიბლი. ოპონენტების მგზნებარე და ხშირად სიძულვილით განმსჭვალული ნაციონალისტური პოპულიზმის ფონზე, „ლიბერალების“ გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლებისა და სეკულარიზმის არსის შესახებ მშრალად და ზედაპირულად გამოიყურება.

ამ, „ლიბერალებად“ წოდებულ ჯგუფს მცირერიცხოვანს და ერთგვარად „ელიტისტურს“ უწოდებს მიხეილ სვანიძე, რომელიც ამავდროულად მათ მრავალფეროვნებაზეც საუბრობს. „მათ შორის მემარცხენეებიც არიან და მემარჯვენეებიც, ზოგიც ლიბერალი საერთოდ არ არის, მაგრამ ასეთი ტიპის შავრაზმელობის წინააღმდეგ ერთიანდება“ - ამბობს ის. მაგრამ, სვანიძის აზრით, მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ ჯგუფს ერთი საერთო პრობლემა აქვს - კარგად კონსოლიდირებული და პოპულიზმით საკმაოდ ოსტატურად მოთამაშე მოწინააღმდეგის ფონზე მათ, როგორც წესი, ბევრად უფრო უჭირთ თავიანთი შეხედულებების კომუნიკაცია.

არადა, დასასაბუთებელი ძალიან ბევრია - მაგალითად ის, თუ რატომ უნდა იყოს საჯარო სივრცე - სკოლები, მედია, პოლიტიკა - რელიგიის გავლენისგან მაქსიმალურად თავისუფალი; რომ ეს თავად რელიგიას და ეკლესიას დაიცავს გარეშე ძალების ჩარევის და მისი სახელით ქულების დაწერის მცდელობებისგან; რომ წიგნების, ფილმების თუ გადაცემების ირგვლივ მსჯელობა და თუნდაც უმწვავესი კრიტიკა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ცენზურის და აკრძალვის დაწესების მოთხოვნა ადამიანებს თავისუფლად სააზროვნო სივრცეს ართმევს; და რომ არამართლმადიდებელი, ან სულაც ათეისტი, ისეთივე ქართველია, როგორც ყველა სხვა, და მას სრულუფლებიანი არსებობის საშუალება უნდა ჰქონდეს.

რთული სათქმელია, ყოველივე ამის სათანადო არტიკულირება ქართველ ლიბერალებს უჭირთ, თუ საკუთრივ ლიბერალიზმია იმდენად დახვეწილი თუ მშვიდი იდეოლოგია, რომ მას ავტომატურად უჩნდება სიძნელეები ექსტრემისტულ განწყობებთან დაპირისპირებისას. „სამწუხაროდ, კლასიკური ლიბერალური პოზიცია რელიგიასთან მიმართებაში ძალიან ტოლერანტულია“, - ამბობს გიგა ზედანია. „როდესაც რელიგიური ფუნდამენტალისტი შენ გეუბნება, რომ შენ უნდა გაქრე და მარტო მე უნდა ვარსებობდე, კლასიკური ლიბერალის პასუხია, რომ ‘არა, იცით, თქვენც გაქვთ უფლება, მეც მაქვს უფლება’. ეს არათანაბარი და ასიმეტრიული ურთიერთობაა. თუ გამოჩნდება რაიმე რადიკალური მემარცხენე ძალა, რომელიც პირიქით, მათ ეტყვით, რომ არა, იცით, თქვენ უნდა გაქრეთ - ეს ალბათ არ იქნება ცუდი. როგორც ამბობენ ხოლმე ჭკვიანი ადამიანები, ორი ფანატიზმის შეხლიდან იბადება თავისუფლება.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG