Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილი და მღვდელი


ბლოგის ტექსტი თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა 2008 წელს, "ცხელ შოკოლადში" გამოქვეყნებული "ცრემლიანი სათვალე" გამახსენდა. მივხვდი, რომ ვმეორდები, რადგანაც მეორდება ისტორია. უფრო მეტიც, საქართველოში ის თითქოს ადგილიდან არ იძვრის. რაკი ეს წერილი "ცხელი შოკოლადის" საიტზე არ არის გამოქვეყნებული, გადავწყვიტე, ჩემს ბლოგზე დავდო. შემოკლებით, რა თქმა უნდა!

"ფსიქოს" დასრულების შემდეგ, საბურთალოზე, შუაღამეს, როცა ქალაქი წყვდიადში იყო ჩაფლული (გადაცემაშიც, იმხანად, როგორც წესი "დვიჟოკიანი დამრეკავები" გვიკავშირდებოდნენ), ბენზინს მხოლოდ პავლოვისა და ვაკე-საბურთალოს კუთხეში ჩაასხამდი. ეს "კალონკა" ხატებით და საეკლესიო კალენდრებით იყო მორთული, "ჩამსხმელები" კი მაშინაც მიბღვერდნენ, როცა ლარიანს ვუტოვებდი "ჩაისთვის" და არ ვიმჩნევდი, რომ ერთ-ორ ლიტრს მუდმივად მპარავდნენ.

მეზიზღება ეგ "კალონკა"! სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს. პირველი ცოფიანი ძაღლია, დაჟინებით რომ ცდილობს, მეცეს ფეხზე; მეორე - ჩემი მანქანა, რომელსაც მუხრუჭი უმტყუნებს და უფსკრულში გადაიჩეხება; და მესამე - ეგ "კალონკა", თავისი დაბღვერილი "ჩამსხმელებით" და "მამაოთი".

ჩემს "ლურჯაში" პირველი და მეორე სიზმარი არაერთხელ გაგვირჩევია ფსიქოლოგებთან. რამდენი წელია მანქანას ვატარებ და, თუკი არ მეჩქარება (არადა, როგორც წესი, სულ მეჩქარება), სიამოვნებით ჩავისხამ ხოლმე ავტომობილში ნაცნობ-მეგობრებს აქეთ-იქით დასარიგებლად. უკვე ვიცი, რატომ გრძნობს კაცი თავს კომფორტულად საკუთარ მანქანაში და საიდან ჩნდება "ტაქსის შოფრის" ეს კომპლექსი, უფრო სწორად, სხვისი მართვის კომპლექსი. ადვილია და კარგ დეტექტივს ჰგავს ეს ყველაფერი. მაგრამ "მამაოს" ამბავი, რომელიც მე-20 საუკუნის უკანასკნელი (თუ "ბოლოსწინა") წლის მიწურულს გადამხდა, ფსიქოანალიზს ნამდვილად არ ექვემდებარება.

არადა, დეკემბრის იმ ღამეს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, სწორედ ფსიქოლოგები მესხდნენ "ლურჯაში".

ბენზინი ჩავასხი და უკანა სვლით გასვლას ვაპირებდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გზა ვერცხლისფერმა BMW-მ გადამიკეტა. გული უნდა გაგიტეხოთ, ამ მარკის მოყვარულებო. ჩემთვის BMW-ს პატრონი იგივეა, რაც ჟულიეტ ბინოში (ხო, მიყვარს ამის გამეორება)! დისკომფორტი სახეზე მაწერია ხოლმე, როცა ამ ჯიშის ხალხს ვხედავ.

ვერცხლისფერი მანქანის მძღოლი მღვდელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "დავუსიგნალე", მშვიდად აგრძელებდა მობილურით ლაპარაკს. ბოლოს, მანქანიდან გადმოვიდა და ასე, მობილურით ლაპარაკ-ლაპარაკით, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.

"შენ გვახარია არა ხარ?"

ნუ, ეს ჩვეულებრივი კითხვაა... გვარით როცა მოგმართავენ, გასაგები ხდება, მერე რა უნდა დააყოლონ. სკოლაში იცოდნენ ასეთი მიმართვა საბჭოთა მასწავლებლებმა. სხვათა შორის, სკოლაც ერთ-ერთი კოშმარული სიზმარია, რომელიც დროდადრო არღვევს ხოლმე ჩემს მყუდროებას.

"ერთი კითხვა მაქვს შენთან. ჯოჯოხეთის არ გეშინია, შვილო?"

პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი (არადა მომზადებული მქონდა). ფსიქოლოგმა ქალებმა ერთხმად შესძახეს: "მანქანის გაჩერება ისწავლეთ და ჯოჯოხეთზე მერე გველაპარაკეთ!"

ფსიქოლოგი ქალები იდეალური დაცვაა ნებისმიერი ნევროტიკი მამაკაცისთვის, რომელიც სიზმარში ცოფიან ძაღლებს ხედავს. მით უმეტეს, როცა საკუთარ მანქანაში ზის. ამ დროს იგი ორმაგად დაცულია.

მანქანის გადაყენება ვთხოვე. ჩემი ჭკუით გაქცევას ვაპირებდი. მაგრამ "ვერცხლისფერი რაშის" მფლობელი, როგორც ჩანს, არანაკლებ დაცულად გრძნობდა თავს. ლაპარაკობდა ხმამაღლა. ძალიან ხმამაღლა, რათა როგორმე მიეპყრო გარემომცველთა ყურადღება და ჯოჯოხეთის თემაზე "დისკუსიაში" ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭებიც ჩაება.

ბოლოს და ბოლოს, მღვდელი იყო და ყველაფერს ხომ ვერ იკადრებდა?

მრევლს კი ეპატიებოდა, ერთ-ორს თუ წაუთაქებდა "ჯოჯოხეთის მოციქულს". მეორე დღეს კი მოინანიებდა. შეიძლება, არც მოენანია. მას ხომ ასე სჯეროდა - "ჯოჯოხეთის მოციქულები" ისე უნდა სცემო, რომ სამუდამოდ ჩაიწყვიტონ ხმა.

"მამაომ" გაიხსენა "გრძნობათა იმპერია", ტიმ როტის "ომის ზონა", ენდრიუ ბირკინის "ცემენტის ბაღი". ის ფილმებიც მიაყოლა, რომლებიც არასდროს გვეჩვენებინა "ფსიქოში" - მაგალითად, სკორსეზეს "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება". ჩემს საყვარელ კითხვაზე, რატომ უყურებთ, თუ არ მოგწონთ, დაუფიქრებლად მიპასუხა, მე არ ვუყურებ, მრევლი მიყვებაო. დათო მელიქიშვილმა ჰკითხა, "მობილურით გიყვებიან?". ცოტა დაიბნა. მობილური ეგრევე ანაფორაში ჩაიდო. თუმცა, მანქანის გადაყენებაზე ისევ უარს ამბობდა.

ფსიქოლოგმა ქალებმა უთხრეს, თუკი ამ ფილმების ჩვენება დანაშაულად მიგაჩნიათ, მიდით და სასამართლოში იჩივლეთო. ამ სიტყვამ, "სასამართლომ", ცოტა გამახალისა. "სამსჯავროს" ხსენებაზე რატომღაც მიქელანჯელო გამახსენდა. შიშველ სხეულებს მიქელანჯელოც ხატავდა და აქანდაკებდა-მეთქი.

მიქელანჯელომ კიდევ უფრო გაათამამა:

"ჰოდა, მეც ამას არ ვამბობ? თქვენ ყველას - პაპისტებს, იეღოველებს, კრიშნაიტებს, ჯოჯოხეთი გელით. არ გეშინიათ?"

"იეღოველი" მაგიური სიტყვა იყო 1999 წლის საქართველოში. მე-20 საუკუნე იწურებოდა, მაგრამ "კურიერის" ყველაზე რეიტინგულ სიუჟეტად ისევ იეღოველების დარბევა ითვლებოდა. ბასილ მკალავიშვილის მრევლი მუდმივად ჩნდებოდა ხოლმე "რუსთავი 2"-ის ოფისში. ზოგიერთი ჟურნალისტი მეგობრობდა კიდეც მამა ბასილის ხალხთან. ატყობინებდა, სად იგეგმებოდა იეღოველებისა თუ ბაპტისტების მორიგი შეკრება, რათა ეს ხალხი მერე "გლდანის მრევლს" დაერბია,
"მამაოს" გრძელსა და ხმამაღალ მონოლოგში სიტყვა "იეღოველი" ასევე კარგად ნაცნობმა სიტყვამ, "ავადმყოფმა" შეცვალა. პრინციპში მართალი იყო ეს კაცი - "ფსიქო" ავადმყოფებისთვის იყო განსაზღვრული. "ფილმის ტრავმის" ძიება საკუთარი ტრავმის ძიებას ემსგავსებოდა. უფრო სწორად, გასაანალიზებელ ტექსტზე საკუთარი ტრავმის პოზიტიურ გადატანას, შეიძლებოდა, გამოჯანსაღების შანსი შეექმნა ნევრიტიკ-ანალიტიკოსისთვის (იმავე "დამრეკავისთვის"). მაგალითად, ვიტგენშტაინი თვითმკვლელობას ხომ სწორედ "ლოგიკურ-ფილოსოფიურმა ტრაქტატმა" გადაარჩინა...

"მამაო" თავისას აგრძელებდა. მანქანას უკვე მოუახლოვდნენ ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭები. ერთმა, მგონი, მითხრა კიდეც, გადმოდი მანქანიდანო. მაგრამ სიტყვა "იაღოველი" (ჰო, ასე თქვეს "ბენზინის ბიჭებმა") სწორედაც რომ მაგიური აღმოჩნდა.
მარჯვენა ხელი "ზევიდან", ე.ი. ტვინიდან ბრძანების გარეშე ჩაცურდა ჩემს მაისურში და ნათლობის ჯვარი ამოიღო. პატარაა ეს ჯვარი. მაგრამ, საბედნიეროდ, ბენზინის "კალონკა" მაგრად იყო განათებული - დაინახეს.

უჰ, დაინახეს კი არა, თვალი გაუშტერდათ, გაქვავდნენ. და, რაც მთავარია, ხმა ჩაუწყდათ. აი, როგორ უყვარს ღმერთს სიზუსტე - სიტყვა "იაღოველი" რომ არ ეხსენებინათ, მარტო მიქელანჯელოთი, პაპიზმით, გარყვნილებით და ჯოჯოხეთით რომ დაკმაყოფილებულიყვნენ, ჯვარი ხომ შეიძლებოდა არც გამხსენებოდა. ისევ "სასამართლო-სასამართლოს" ძახილში ვიქნებოდით მე და ჩემი ქალები. მაგრამ სიზუსტე რა მოსატანია "კალონკის" სამყაროში, სადაც ხატები და საეკლესიო კალენდრები კი უკიდიათ კედელზე, მაგრამ ერთი-ორი ლიტრით მოტყუებაზე არასდროს ამბობენ უარს. სიზუსტე რა მოსატანია ამ მობილურიან "მამაოსთან"?!

დაქოქა თავისი BMW და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ფეხები კი მიკანკალებდა, მაგრამ საჭე ადვილად დავიმორჩილე. დავარიგე სახლში ჩემი კეთილი ფსიქოლოგი ქალები...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG