Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკური დაპირისპირება ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში


პოლიციამ ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე დააკავა
პოლიციამ ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე დააკავა
7 მაისს გვიან ღამით, ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, მართლმადიდებელი ორგანიზაციების სახელით მოქმედ პირებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შეხლა-შემოხლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის პრეზიდენტს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის თანამშრომლებს. მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ პირდაპირ საეთერო სტუდიაში ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ტელეკომპანია “კავკასიის” 7 მაისის გადაცემა ”ბარიერის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის თემა რამდენიმე დღის წინ ”ილიას უნივერსიტეტთან” გამოხატვის თავისუფლების გამო მომხდარი დაპირისპირება იყო.

ტელეეთერში ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”, ასევე ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება სტუდიის გარეთ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ტელეკომპანიის თანამშრომლები გადაცემის სტუმრებს გამოესარჩლნენ, რომლებსაც მართლმადიდებელი ორგანიზაციების სახელით მოქმედმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ ფიზიკურმა შეხლა-შემოხლამ ტელეკომპანიის ეზოდან ტელესტუდიაში გადაინაცვლა.

ვითარების განმუხტვა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ტელეწამყვანის მოწოდების შემდეგ საეთერო სტუდიაში პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ძირითადად - ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები.

ამ მოძრაობის ლიდერმა და გაზეთ ”ჯორჯიან ტაიმსის” გამომცემელმა მალხაზ გულაშვილმა შეხლა-შემოხლის პროვოცირებაში ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომლები დაადანაშაულა. საწინააღმდეგოს ამბობს ტელედისკუსიის მონაწილე კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელმაც პირდაპირი ეთერი ბექა მინდიაშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.

ფიზიკური შეხლა-შემოხლა ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში
”ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებით ვცდილობდით, რომ გავრიდებოდით ამ ადამიანებს, არ ვპასუხობდით არაფერზე და, მით უმეტეს, გინებას გინებაზე არავინ პასუხობდა, როგორც ცდილობს ახლა მალხაზ გულაშვილი, რომ შემოატრიალოს საქმე, რომ თითქოს, პირიქით, ჩვენი მხრიდან იყო ეს ყველაფერი პროვოცირებული.”

”კავკასიის” პირდაპირ ეთერში დისკუსია კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა, რომლის დროსაც ტელესტუდიაში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ და შეეცადნენ მომხდარი ხელისუფლებისთვის გადაებრალებინათ.

ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა მმართველმა უმრავლესობამაც დაგმო.

მომხდარი ინციდენტი შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა:

“საქართველოში არიან ელემენტები, რომელთათვისაც მიუღებელია მრავალფეროვნება, აზრის გამოხატვის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მასზე განხორციელებული ძალადობის გარეშე. მოხარული ვართ, რომ პოლიციის ჩარევა იყო ზომიერი.”

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია კი მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გამოაქვეყნა. მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გასცა დავალება, სამართალდამცველებმა ბოლომდე მიიყვანონ გამოძიება:

მანანა მანჯგალაძე, პრეზიდენტის პრესსპიკერი
”ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება ტელეკომპანიის, ჟურნალისტების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ აღკვეთილი იქნება. საქართველოს ყველა მოქალაქე კონსტიტუციის წინაშე არის თანასწორი. სიძულვილის, ძალადობის, შეუწყნარებლობის ქადაგება და ექსტრემიზმი არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოს პრეზიდენტი გმობს ყოველგვარ თავდასხმასა და ძალადობას - ხელისუფლება აღკვეთს ნებისმიერ, მათ შორის, მსგავს ძალადობას. ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი.”

ამჟამად პოლიციას დაკავებული ჰყავს ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის 8 მონაწილე, ძირითადად - ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები.

ამ ორგანიზაციის ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა და მისმა მომხრეებმა და რამდენიმე სასულიერო პირმა კი პოლიციის თბილისის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა. მალხაზ გულაშვილი მომხდარში ტელეკომპანია ”კავკასიასთან” ერთად ”თავისუფლების ინსტიტუტს” ადანაშაულებს:

მალხაზ გულაშვილი, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი
”ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ მხრიდან, რომელსაც შემსრულებლები ჰყავდა ტელეკომპანია „კავკასიაში“. ამას დავადგენთ ჩვენ და საკადრის პასუხს მოვთხოვთ მას.”

მოგვიანებით საპროტესტო აქცია დაიშალა.

მომხდარ ინციდენტზე კი სამართლებრივი რეაგირების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პროკურატურამ. ის ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორმა კოტე ცაცუამ გაახმაურა. ცაცუას განცხადებით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ხულიგნობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. ეს კი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მოწვეულმა ცალკეულმა პირებმა, გარეთ მყოფ მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, ჩაშალეს გადაცემა ”ბარიერი”. მათ განზრახული ჰქონდათ ძალადობით, ძალადობის მუქარით ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისათვის მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც შემდგომ მათი მხრიდან ხულიგნურ ქმედებაში გადაიზარდა. შედეგად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის დამფუძნებელს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს.”

როგორც ირკვევა, სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ არა მარტო ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად, არამედ მოწმეების დაკითხვა წარმოებს 4 მაისს ”ილიას უნივერსიტეტთან” მართლმადიდებელი ორგანიზაციების სახელით მოქმედ პირებსა და სტუდენტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების თაობაზეც.
XS
SM
MD
LG