Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „კავკასიაში“ წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით რვა ადამიანი დააკავეს


საქართველოში ფართო გამოხმაურება ახლავს დაპირისპირებას, რომელიც ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში წიგნის - “საიდუმლო სირობის”- შესახებ გამართულ დებატებს მოჰყვა. წუხელ პირდაპირ ეთერში დისკუსიის დროს, ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”, ასევე ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და მათს ოპონენტებს შორის უთანხმოება გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელს დავით აქუბარდიას და სხვა თანამშრომლებს. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა როგორც ტელეკომპანიის წინ, ისე თვით სტუდიაში. დღეს მთავარ პროკურატურაში გაკეთებული განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია რვა ადამიანი. ამასობაში, საზოგადოების, ისევე როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა დაგმო ჟურნალისტებისა და განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ დაუშვებელია ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება. საგანგებო განცხადებები გააკეთა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
XS
SM
MD
LG