Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში მთავრობა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტს წამოადგენს. ირკვევა, რომ პროექტი, ფინანსთა სამინისტროში სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით, ისევ ფინანსთა სამინისტროში მზადდება. მთავრობა საგადასახადო ცვლილებების მხოლოდ ზოგად მიმართულებებზე საუბრობს და კონკრეტიკას ერიდება.
ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაჩაღებულ წინასაარჩევნო კამპანიაში როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ მცირე ბიზნესს საგადასახადო პროცედურების გამარტივებას ჰპირდებიან. ძირითადად, ლაპარაკია ფიქსირებულ გადასახადზე. ერთი კვირის წინ კი მცირე მეწარმეებს საგადასახადო ბიუროკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც დაჰპირდა და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით საგადასახადო წნეხი შემსუბუქდება. გილაურმა იქვე დასძინა, ამ ცვლილებებს არ შეიძლება ფიქსირებული გადასახადი დაერქვასო. მოსალოდნელ ცვლილებებზე ასევე ზოგადად საუბრობს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც:

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი
”ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც გახლავთ ახალ საგადასახადო კოდექსში, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა და აქ არის ერთი მთავარი პრინციპი - ეს გახლავთ არა ფისკალური შედეგის მიღება, არამედ მცირე ბიზნესის ლეგალიზაციის უზრუნველყოფა იმ კუთხით, რომ მცირე ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება ლეგალურად აწარმოოს თავისი ბიზნესი, რაც ნიშნავს, რომ მას ჩვენ უნდა შევუმციროთ გადასახადებთან შესაბამისობის ტვირთი, რაც არის ნაკლები ფურცლები, ნაკლები ბიუროკრატია...”

კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ორგანიზაცია - „საქართველოს ბიზნესასოციაცია“. სწორედ ამ ორგანიზაციამ მოამზადა საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა რამდენიმე პაკეტი და ფინანსთა სამინისტროს მიაწოდა. ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ ლალაზაშვილი მცირე ბიზნესის დაბეგვრის ახალ სისტემაზე საუბრობს:

”ფიქსირებული გადასახადი, როგორც ასეთი, ყველა ბიზნესმა ან რაღაც კატეგორიის ბიზნესმა უნდა გადაიხადოს რაღაც ფიქსირებული თანხა - მე ვფიქრობ, შეიძლება უსამართლო მდგომარეობაში ჩააყენოს ამ ბიზნესში მოქმედი სხვადასხვა მეწარმეები, იმიტომ რომ შეიძლება ერთი და იგივე ფართის მაღაზიაში ზოგს ჰქონდეს 10 ათასი ლარის ბრუნვა და ზოგს ჰქონდეს 100 ლარის ბრუნვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი წინადადება არის, რომ ფიქსირებული გადასახადი მიებას არა ერთ პარამეტრს, არამედ იყოს რანგირება.”

ვარაუდობენ, რომ ფიქსირებული გადასახადი კაპიტალბრუნვის მოცულობის მიხედვით დაწესდება. როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, მიზანი ერთია, რომ მცირე მოცულობის ბიზნესს საგადასახადო საბუღალტრო აღრიცხვა გაუადვილდეს და, შესაბამისად, ყველაზე მცირე საქმიანობაც კი ლეგალური გახდეს.

ახალი საგადასახადო კოდექსის ავტორთა ინიციატივის, ეგრეთ წოდებული ფიქსირებული გადასახადის წინააღმდეგ გამოდის რამდენიმე თვის წინ ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო კოდექსის მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი განცხადებით, მთავრობის წევრების მიერ ანონსირებული კანონპროექტის შემუშავება სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით მიმდინარეობს. ჯანდიერი ამბობს, რომ ფიქსირებული გადასახადის შემთხვევაში დიდი კომპანიების ნაწილი წვრილ საწარმოებად დაიშლება და, ამგვარად, თავს აარიდებენ გადასახადების გადახდას:

გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი
”სინამდვილეში გადასახადი კი არა ადმინისტრირების ნორმები არის პრობლემა, რომლებიც არის აბსოლუტურად ცუდი. მაგრამ თუ ჩვენ ფიქსირებულ გადასახადზე გადავალთ, მაშინ ეს ცუდი გახდება საშინელი, უბრალოდ, იმიტომ რომ საგადასახადო ადმინისტრაცია იძულებული იქნება გაამკაცროს საგადასახადო ადმინისტრირება.”

გია ჯანდიერის აზრით, ფიქსირებული გადასახადის დაწესებაზე მეტად ბიზნესს ხელს შეუწყობს გადასახადების შემცირება. მცირე საწარმოებს გაუჩნდებათ დამატებითი რესურსები საბუღალტრო საქმეების მოსაგვარებლად და ეგრეთ წოდებული მცირე ბიზნესის დახმარების საკითხიც გადაიჭრება.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტი, ისევე როგორც ეკონომიკის ბევრი ექსპერტი, დიდი ხანია მოითხოვს საგადასახადო კოდექსის მთლიანად შეცვლას. სპეციალისტებისა და ბიზნესმენების ინფორმაციით, მოქმედი საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ბუნდოვანია და უამრავ უზუსტობას შეიცავს. გია ჯანდიერს მაგალითად ინვენტარიზაციის მუხლი მოჰყავს, რომელიც საგადასახადო ადმინისტრაციას კომპანიაში ინვენტარიზაციის სამჯერ ჩატარების უფლებას აძლევს, მაგრამ არ არის განმარტებული რას ნიშნავს ”სამჯერ”, და არც ის წერია, რა ვადით შეიძლება გაგრძელდეს ინვენტარიზაცია.

ასეთი გაურკვეველი ჩანაწერების შედეგად, ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე მაღაზია კვირაობით დახურეს - მათ შორის, კომპიუტერების მსხვილი რეალიზატორი კომპანია ”ალტა” და მაღაზია ”ფილიპსი”.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ახალ კოდექსში ადგილი აღარ ექნება ბუნდოვან ჩანაწერებს და ორაზროვან ფორმულირებებს. საგადასახადო კოდექსის პროექტს საჯარო განხილვისთვის მაისისი შუა რიცხვებში გამოიტანენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG