Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ამ კვირაში უცხოეთის პრესაში დაბეჭდილი წერილების მთავარი თემები იყო: მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფა, საბერძნეთის საფინანსო კრიზისი და ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები.

ორშაბათს „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიაში საბერძნეთის კრიზისის შესახებ წერდა, რომ ცნება „მომჭირნეობის კურსი“ და საბერძნეთი, საერთოდ, ერთსა და იმავე წინადებაში არ იხმარება. ამიტომაა, გაზეთის აზრით, რომ ამ ქვეყნის სამაშველო გეგმის მიმართ სკეპტიციზმი არსებობს. ეს ზომები არ ესადაგება არც არხეინ, ბუნებით ფიცხ ბერძნებს, რაც მათ ქვეყანას შესანიშნავ დასასვენებელ ადგილად აქცევს, და არც ჩრდილოეთ ევროპის უფრო შებოჭილ, ნაკლებად მფლანგველ ქვეყნებს, რომელთა ფინანსთა მინისტრებს ის კოშმარად ესახებათ.

სხვა კუთხით უყურებს საბერძნეთის სამაშველო პაკეტს შვეიცარიაში გამომავალი „ნოი ციურხერ ცაიტუნგი“:

„დაპირებული დახმარება ევროპის კავშირის მუშაობის შესახებ შეთანხმების დარღვევაა. არავის განუხილავს საბერძნეთის გადახდისუუნარობის ან ამ ქვეყნის ევროზონიდან გასვლის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამ შესაძლებლობისთვის ძლიერი ეკნომიკური და პოლიტიკური არგუმენტები მოიპოვება.“

იგივე გაზეთი უკვე ხუთშაბათს, როცა საბერძნეთში მძლავრი საპროტესტო ტალღა წარმოიშვა მომჭირნეობის სამთავრობო პროექტის მიმართ, წერდა:

„ბევრი ბერძენი, ახლა რომ პროტესტს გამოთქვამს, თავის მიერვე გაკიცხულ კორუმპირებულ-პროტექციონისტურ სისტემაში მშვენივრად მოეწყო და ხეირსაც ნახულობს. ხმამაღალი მოწოდებები ისმის, პასუხი მოსთხოვონ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ უბედურებასთან არიან დაკავშირებული. თუკი მთავრობა კორუფციას ზემოთაც წარმატებით არ შეებრძოლება, მას მოსახლეობა ზურგს შეაქცევს.“

მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილზე ავარიას ეხმაურება კვირის დასაწყისში

ავსტრიაში გამომავალი „შტანდარტი“, რომელიც წერს:

„ფაქტია, მექსიკის ყურეში 800-მდე ჭაბურღილია, სადაც ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ათასობითაა ისეთი, სადაც ხალხი არ იმყოფება. ისიც ფაქტია, რომ ობამამ სულ ახლახან გასცა უფლება, კიდევ მეტი ასეთი ჭაბურღილი ამოქმედდეს. ასე რომ, „შტანდარტის“ აზრით, „მწვანე ადმინისტრაციაზე,“ რისი პირობაც ობამამ დადო, ლაპარაკი არ შეიძლება. ყველაფერი ძველებურადაა აშშ-ის ენეგეტიკულ პოლიტიკაში: მექსიკის ყურესთვის ეს ნამდვილი უბედურებაა“.
აშშ-ში გამომავალი „მაიამი ჰერალდი“ ამავე თემაზე წერს:

„ნავთობის ხალიჩით გამოწვეული ზარალი თევზჭერისა და ტურიზმისთვის მილიარდობით დოლარი შეიძლება იყოს. მაგრამ თევზჭერას, რა ხანია, სხვა უბედურებაც ემუქრება: გადაჭარბებული რეწვა, რადგან მოქმედ წესებს ნაკლებად იცავენ. ეს საშიშროება ნავთობით გამოწვეული კატასტროფის შემდეგაც დარჩება. ამიტომაა საჭირო კარგი მართვა, რათა თევზჭერამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლოს. საბედნიეროდ, ზოგიერთი შტატის სამეთვალყურეო უწყება ბოლო წლებში უკეთესად მუშაობს“, აფასებს მექსიკის ყურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგებს „მაიამი ჰერალდი“.

ბრიტანეთის „ტაიმსი“ იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაეროს კონფერენციის წარმატებას იმედოვნებს და წერს, რომ განიარაღების საკითხისადმი ბუშის პერიოდის სკეპტიციზმი ვაშინგტონის ენთუზიაზმმა შეცვალა. ამიტომაც აქვთ, გაზეთის აზრით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელის მომწერ ქვეყნებს კარგი შანსი, ეს ერთადერთი სწორი შეთანხმება განამტკიცონ, რათა იარაღი არ გავრცელდეს. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციები სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოსთვის.“

ბრიტანეთში ხუთშაბათის არჩევნებს ამ ქვეყნის პრესამ ურიცხვი მასალა მიუძღვნა. გაზეთი „გარდიანი“ წერს, რომ „საჭირო ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს, აუცილებელია მყარი და მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის მქონე სხვაგვარი პოლიტიკა. მას კი მივაღწევთ მხოლოდ კოალიციის გზით და არა მარტო ლიბერალების ან სოციალ-დემოკრატების საშუალებით, რომლებსაც მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ანიჭებს ლეგიტიმურობას.“
არჩევნების თემას ეხმიანება ასევე ბრიტანეთის „ინდიპენდენტი“, რომელიც კენჭისყრაში ალტერნატივის ნაკლებობას უჩივის:

„არჩევნების დროს დიდი პარტიებიდან იმას ირჩევს ხალხი, რომელიც უფრო ნაკლებად ცუდია. ამ უძველეს საარჩევნო სისტემაში ერთ საარჩევნო უბანში მხოლოდ ერთი პარტიის არჩევა შეიძლება, რომელიც, მართლაც, ნაკლებად ცუდი იქნებოდა: მწვანეთა პარტიისა.“

„დეილი ტელეგრაფი“ უფრო კონკრეტულია და კონსერვატორების წარმატებას აღნიშნავს:
„თუმცა მისმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოაგროვა, დევიდ კამერონი უახლოეს დღეებში, 1812 წლის - ლორდ ლივერპულის - შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება. მართალია, ლეიბორისტული პარტიის წამყვანი წარმომადგენლები უტიფრად ცდილობენ თავიანთი ნდობადაკარგული მთავრობის შესანარჩუნებლად ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციის შესაძლებლობა განიხილონ, მაგრამ ეს მაინც მათი ბოლო შეტევაა ამომრჩევლებზე, რომლებმაც მათ აშკარა უარი უთხრეს“, დაასკვნის „დეილი ტელეგრაფი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG