Accessibility links

logo-print
საქართველოს სამხედრო ასეული ავღანეთში, კოალიციის შემადგენლობაში, შარშანდელი ნოემბრიდან იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ქართული ქვედანაყოფისა და მისი საბრძოლო ამოცანის შესახებ საზოგადოებას თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. მხოლოდ 14 აპრილს მოახერხა ჟურნალისტთა მცირე ჯგუფმა ქართველი ჯარისკაცების რამდენიმე საათით მონახულება.

სამხედრო ბაზა, უწყინარი სახელწოდებით

სამხედრო ბაზა „ვეაჰაუსი“ (Warehouse), სადაც ამჟამად 175 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ავღანეთის დედაქალაქიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს არეალი, ავღანეთის ყანდაარისა და ჰელმანდის პროვინციებთან შედარებით, გაცილებით უხიფათოა, თუმცა არც ბაზის მობინადრეებს და არც „ვეაჰაუსში“ მოხვედრილ ვიზიტორებს უფლება არა აქვთ ერთი წუთით მაინც დაივიწყონ უსაფრთხოების ზომები ან დაარღვიონ შინაგანაწესი. ქაბულის აეროდრომიდან სამხედრო ბაზამდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფრანგული შეჯავშნული სამხედრო მანქანებით, რომლებსაც, ფრანგული ბატალიონის ხელმძღვანელობის დავალებით, ქართველი ჯარისკაცები მართავენ. სწორედ ქართველი ჯარისკაცები დახვდნენ ქაბულის აეროდრომზე თბილისდან ჩარტერული რეისით ჩასულ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას და რამდენიმე ტელეჟურნალისტს, რომელთა შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი დავით კაკულიაც იმყოფებოდა.
„ ქართველი ჯარისკაცები დაგვხვდნენ ფრანგ სამხედროებთან ერთად. პირველი მოთხოვნა იყო ის, რომ მოხდა ჩვენი აღჭურვა ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით. ბაზაში შესვლის წინ კი ყველა მანქანა შემოწმდა ქართველი სამხედროების მიერ. ბაზა „ვეაჰაუსის“ უსაფრთხოების დაცვა ქართველ სამხედროებზეა დამოკიდებული.“

ქართული ასეული ავღანეთის დედაქალაქში გასული წლის ნოემბერში ჩავიდა. ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის ხელმძღვანელობამ ქართული სამხედრო ქვედანაყოფი ფრანგულ ბატალიონში ჩარიცხა, თუმცა თავად ბაზაზე ნატოსა და კოალიციის 17 ქვეყნის ეროვნული ქვედანაყოფებია თავმოყრილი. ყველას განაწილებული აქვს საბრძოლო ამოცანები. გაერთიანებული სარდლობის დავალებით, ქართულ ასეულს ბაზის დაცვა და პატრულირება ეკისრება, რაც, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კორესპონდენტი რატი მუჯირი ამბობს, ძალიან საპასუხისმგებლოა და ხაზს უსვამს ქართული ქვედანაყოფისადმი მაღალ ნდობას:

„ ჩვენ არ ველოდით ასეთ შეფასებას ფრანგული სარდლობის მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისია და პირველად ხდება, როდესაც ნატოს არაწევრი ქვეყნის ქვედანაყოფს ევალება ნატოს სამხედრო ბაზის დაცვა.“

„თალიბების“ აჩრდილი ქაბულში

ქართული ქვედანაყოფის მისიაში, როგორც ითქვა, შედის ასევე პატრულირება, სხვადასხვა დელეგაციის თანხლება. ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციებში -„სიმიკში“, რომელიც, სარდლობის გადაწყვეტილებით, თვეში ერთხელ იგეგმება და ქაბულის გარეუბანში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარულ, სასურსათო და სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. თუმცა ჰუმანიტარული მიზნით ბაზიდან გასული სამხედრო რაზმიც შეჯავშნული მანქანებით გადაადგილდება და ვალდებულია ინსტრუქციის ყველა წესის დაცვით იმოქმედოსო, - ამბობს დავით კაკულია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი.

„გვითხრეს, რომ აქ ნებისმიერი სახლი, სოფელი, ხევი წარმოადგენს საფრთხეს, რადგან არავინ არ იცის, რა შეიძლება მოხდეს ერთ საათში. პუნქტი წარმოადგენს საფრთხეს. შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვარდეს თალიბების გარკვეული, მცირე ლოკალური ჯგუფი და დაიკავოს რომელიღაც შენობა. თუმცა ამ დრომდე, საბედნიეროდ, ქართველ ჯარისკაცებს არც ერთი ტყვია არ გაუსვრიათ და არ ჰქონიათ შეტაკება თალიბებთან.“

„ვეაჰაუსის“ ბაზაზე ადგილობრივი ავღანელებიც მუშაობენ, რომლებსაც კარგი კონტაქტები აქვთ კოალიციურ ძალებთან. მოსწონთ ხალისიანი და გულღია ქართველები, რომლებიც ხშირად ყიდულობენ სხვადასხვა ავღანურ სუვენირებს სამხედრო ბაზაზე მოწყობილ მცირე ბაზრობაზე. ავღანელები გურჯებს ხშირად ფასს უკლებენ, რადგან ქართველი ჯარისკაცები ხშირად უმასპინძლდებიან ადგილობრივებს სასადილოდან წაღებული მშრალი ულუფითა და ტკბილეულით. ამის მომსწრე მე თავადაც ვიყავი ერაყში, როდესაც 2008 წლის ივლისში ალ-კუტის პროვინციაში მდებარე ბაზა „ვიქტორიაზე“ მყოფი ქართული ბრიგადის მებრძოლები მოვინახულე. მაგრამ როგორც ერაყში, ისე ავღანეთში ეს ურთიერთობები მხოლოდ ამით შემოიფარგლება და სამხედრო ბაზის ტერიტორიას არ სცდება. ქაბული ჯერ კიდევ არ არის ის ადგილი, სადაც სამხედრო პირი ან, გნებავთ, სამუშაო მივლინებით ჩასული ჟურნალისტი საღამოს გაისეირნებს და ყავას მშვიდად დალევსო, - ამბობს რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი ნანა მამაგულიშვილი, რომელიც შარშან ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში იმყოფებოდა ნატოს შტაბბინის მიწვევით:

„ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, სურვილი გვენახა ქაბული, შევხვედროდით ადგილობრივ მოსახლეობას და გავსაუბრებოდით მათ, მაგრამ, როგორც გვითხრეს, ამერიკული მხარე ვერ აგებდა უსაფრთხოებაზე პასუხს. გაგვაფრთხილეს, რომ ამ შემთხვევაში არ არის სანდო არც ტაქსის მძღოლი, არც რიგითი გამვლელი, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდე ტყვე და მერე უკვე ლაპარაკი იქნება გამოსასყიდზე და ცუდი შედეგი დადგება.“

ქართველი სამხედროების მთავარი საფიქრალი

კიდევ უფრო სახიფათო სურათია სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც თალიბანის მოძრაობის მთავარ ციტადელად ითვლება. სწორედ იქ გზავნის გაძლიერებულ ბატალიონს საქართველოს მთავრობა. ქვედანაყოფის გაცილების ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, თუმცა უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩავა ქართული ბატალიონი დანიშნულების ადგილზე. პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებისათვის ნატოსა და კოალიციური ძალების სარდლობა ძალიან ბევრ რამეს ასაიდუმლოებს და ამ აკრძალვებს ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ჟურნალისტმა, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტის ზონაში ხვდება. საიდუმლოს რეჟიმის დაცვა მკაცრად ევალებათ ქაბულში ქართველ ჯარისკაცებსაც, რომლებიც პირად საუბრებშიც კი საკმაოდ ფრთხილობენო, - ამბობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი მუჯირი. ისინი არც არაფერს უჩივიან, ერთის გარდა:

„ბიჭები ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ. მხნედ არიან ძალიან. პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ არავითარი პრობლემა არა აქვთ. თუმცა, ცხადია, საკუთარი სახლები, საკუთარი ოჯახები ენატრებათ.“

საბრძოლო დავალებისაგან თავისუფალ დროს ქაბულში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ოჯახის ახლობლებთან ინტერნეტით მიმოწერას, ახლად გაცნობილ მეგობრებთან ურთიერთობას, ფილმების ყურებას და სპორტულ ღონისძიებებს უთმობენ. ქართულ ასეულს აქვს პატარა სალოცავიც, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, რომელიც ასეულის სამხედრო მოძღვართან ერთად საკუთარი ხელით ააგეს. ქაბულში მყოფი ქართული ქვედანაყოფი მისიას დაახლოებით ერთ თვეში დაასრულებს. როტაციის წესით, მას შემდეგი ქართული ასეული შეცვლის, რომელსაც ქაბულის მახლობლად მდებარე „ვეაჰაუსის“ ბაზაზე თანამებრძოლების მიერ გაკეთებული საქმეები და გურჯი მშვიდობისდამცველების კეთილი სახელი დახვდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG