Accessibility links

logo-print

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავს აღნიშნავენ


ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი

მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავს მიეძღვნა. რუსეთის შეიარაღებული ძალების 11,5 ათას სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, აღლუმში მონაწილეობა მიიღეს უცხოეთის 13 ქვეყნის ჯარისკაცებმაც, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა.

აღლუმის დაწყებამდე სიტყვა წარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომლის თქმით, არასოდეს მიეცემა დავიწყებას დიდი სამამულო ომის მონაწილეთა საგმირო საქმეები.

აღლუმს არაერთი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ. თუმცა, მოსკოვში ჩასვლაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადეს დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებმა, გორდონ ბრაუნმა და სილვიო ბერლუსკონიმ, აგრეთვე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომლებმაც ამის მიზეზად საბერძნეთის საფინანსო კრიზისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეხვედრები დაასახელეს.

დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაგაფში.

ნაციზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავს საქართველოშიც აღნიშნავენ. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მანვე სიტყვით მიმართა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

ბაქრაძის თქმით, დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს, როგორც ბოროტებაზე გამარჯვების დღეს და საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფაშიზმთან ბრძოლაში.

ვაკის პარკში მოწყობილია საგანგებო სცენა, სადაც ვეტერანები სიტყვით გამოდიან. უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან დილიდან მიდიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც გვირგვინით ამკობენ გამარჯვების მემორიალს.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავი 8 მაისს აღნიშნეს.
XS
SM
MD
LG