Accessibility links

შეხლა-შემოხლა ”კავკასიაში” და არჩევნების მოლოდინი

  • ნიკო ნერგაძე

ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში დაიწყო დაპირისპირება

ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში დაიწყო დაპირისპირება

ამ კვირის განმავლობაში საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება, ალბათ, მიიქცია დაპირისპირებამ მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და „ლიბერალებად“ იდენტიფიცირებულ ჯგუფებს შორის.

კონფლიქტი მთელი კვირის განმავლობაში მწვავდებოდა. მისი საბაბი გახდა ახალგაზრდა ავტორ ერეკლე დეისაძის წიგნი, სახელწოდებით „საიდუმლო სირობა“. რელიგიურმა ორგანიზაციებმა კვირის დასაწყისში გააპროტესტეს ამ წიგნის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში არსებულ წიგნის მაღაზიაში ჩატარებული პრეზენტაცია და უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის, გადადგომა მოითხოვეს. შეკრებილთა აზრით, ეს ტექსტი მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა. მეორე დღეს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან შეკრებილმა 20-იოდე ადამიანმა გააპროტესტა, მათი აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. ამ შეკრების დროს მოხდა პირველი შეხლა-შემოხლა. მართლმადიდებლობის სახელით მოქმედმა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეკრებილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირება გამწვავდა ამ ინციდენტის განხილვისას ქართულ მედიაში და პიკს კვირის ბოლოს მიაღწია, როდესაც ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ ორივე მხარის წარმომადგენლები მიიწვიეს.

”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”, ასევე ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამ ჩხუბის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის პრეზიდენტს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის თანამშრომლებს. ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა როგორც ტელეკომპანიის წინ, ისე თავად საეთერო სტუდიაში. ტელეწამყვანმა საპატრულო პოლიცია პირდაპირი ეთერის მეშვეობით გამოიძახა. პოლიციამ ინციდენტის 8 მონაწილე დააკავა, ძირითადად - ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები. ამის შემდეგ ტელესტუდიაში ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მომხდარის შესახებ დისკუსია გამართეს. ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით დაგმეს როგორც ოპოზიციონერმა, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა. თავად ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები კი აცხადებდნენ, რომ ისინი პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ. ამის შესახებ ორგანიზაციის ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა საპროტესტო აქციაზე, რომელიც მან და რამდენიმე სასულიერო პირმა გამართეს პოლიციის თბილისის სამმართველოსთან.

სწორედ ეს დაპირისპირება იყო გარჩევის მთავარი საგანი ქართულ მედიაში - როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში. ზოგიერთმა კომენტატორმა ამ კონფლიქტს ”კულტურათა ომიც” შეარქვა.

როგორც უკვე ვთქვით, ეს დაპირისპირება მთელი კვირა მწვავდებოდა და პიკს პარასკევ ღამით მიაღწია. ამის პარალელურად ასევე მთელი კვირის განმავლობაში იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ატარებდნენ შეხვედრებს და აკეთებდნენ განცხადებებს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ამომრჩეველს, რომელსაც ამა თუ იმ მისამართზე რეგისტრაცია მესაკუთრის განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, კვლავაც ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს 30 მაისის არჩევნებში. ამომრჩევლის უფლებას ისინი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუკი უახლოეს დღეებში შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართავენ საოლქო საარჩევნო კომისიებს. განმარტება ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ჯული გიორგაძემ გააკეთა.

შუა კვირაში კი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკვლევა წარმოადგინა. გამოკვლევაში აისახა როგორც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოსადმი, ისე კონკრეტულად წინასაარჩევნო პროცესებისა და ტენდენციებისადმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ რადიო თავისუფლებას გაუზიარა შედეგები, რომლებიც, მისი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

პარასკევს კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკური პარტიების ნაწილს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მნიშვნელობა და დანიშნულება რადიო თავისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განუმარტა.

დაბოლოს, ამ კვირაში კვლავ გრძელდებოდა ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტები მოსკოვში. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა და ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო. ერთი დღით ადრე მან „პაკლონნაია გორაზე“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მებრძოლებისადმი მიძღვნილი მემორიალის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ პირისპირ შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG