Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია პასიურად მიმდინარეობს


ქალაქი ზუგდიდი
ქალაქი ზუგდიდი
ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია პასიურად რომ მიმდინარეობს, ამას ქუჩაში გამოკითხული თანამოქალაქეების პარალელურად პოლიტიკური პარტიების ნაწილიც ადასტურებს. ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს ხვდებიან და პროგრამას აცნობენ. პროფესიით ეკონომისტი, მმართველი პარტიის სიით პირველი ნომერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კონჯარია გვიხსნის, რომ სოციალური ფონის, ქალაქის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

”ანაკლიაში და განმუხურში ვიწყებთ და გრძელდება უკვე დაწყებული პროექტები, სადაც მოქალაქეები დასაქმდებიან. ასევე დაიწყება წყლისა და კანალიზაციის პროგრამები. ასე რომ, ჩვენ ამომრჩევლებს მეტ სამუშაო ადგილს და უკეთეს გარემოში ცხოვრებას ვპირდებით”, - ამბობს კონჯარია.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ზუგდიდის ლიდერმა, ყოფილი ეროვნული გვარდიის მთავარსარდალმა პოლკოვნიკმა ვახტანგ-ლოთი ქობალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი ერთადერთი პრიორიტეტი სამართლიან საქართველოში ცხოვრებაა. ქობალიას განცხადებით, მოძრაობა ამომრჩევლებთან აქტიურად შეხვედრებს ვერ ახერხებს, რადგან ამის ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს.

”მოსახლეობას აქტიურად ვერ ვხვდებით, მაგრამ ვპირდებით მათ, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში სამართლიან საქართველოში იცხოვრებენ”, - გვითხრა ვახტანგ ქობალიამ.

”ალიანსი საქართველოსთვის” ზუგდიდის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დაიწყეს და, როგორც მოძრაობის ლიდერი, იურისტი, სოფელ კახათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნონა თოლორაია გვიხსნის, მოსახლეობის ნაწილმა არც კი იცოდა, თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

”ყოველდღიურად ვხვდები ამომრჩეველს და ვაცნობთ ჩვენს პროგრამას, მათ უფლებებს, თუ როგორ უნდა იაქტიუროს მოქალაქემ ბიუჯეტის შედგენისას. ვსწავლობთ მათ პრობლემებს, ხშირად ვხვდებით დევნილებს კომპაქტურ დასახლებებში”, - ამბობს ნონა თოლორაია.

მივლენ თუ არა მოქალაქეები 30 მაისის არჩევნებზე და რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემენ ხმას? - ამ კითხვებით მიმართა რადიო თავისუფლებამ ამომრჩევლებს.

”არ წავალ არჩევნებზე, იმიტომ რომ არ მჯერა მისი დემოკრატიულად ჩატარების.“ „წავალ და ხმას მთავრობას მივცემ, რადგან სიკეთე გააკეთა ჩვენთვის.“

„ყოველთვის პირველი ვიყავი არჩევნებზე, მაგრამ ახლა არ წავალ, იმიტომ რომ რასაც ადრე დაგვპირდნენ, არაფერი გააკეთეს”, - ამბობენ ამომრჩევლები.

ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 30 მაისის არჩევნებში სულ 8 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება და 148 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. არჩევნების დღეს კი ამომრჩეველი მუნიციპალიტეტის 41 კაციან საკრებულოს აირჩევს. თოფაძე-მრეწველები, ქრისტიან-დემოკრატები, თავისუფლება, თორთლაძე-დემოკრატები, ეროვნულ- დემოკრატიული პარტია - ეს ის პოლიტიკური სუბიექტებია, რომელთა შესახებ ქალაქელების მცირე ნაწილმა თუ იცის.
XS
SM
MD
LG