Accessibility links

როგორ დაიხარჯება არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსი?


ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 მაისის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებებს მიმართავს. 10 მაისს მათ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა სპეციალური ბრიფინგის მეშვეობით მოუწოდა არ განახორციელონ ისეთი პროექტები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში არჩევნების გამოცხადებამდე არ იყო გათვალისწინებული.

საუბარი შეეხება ასევე დაუგეგმავი საბიუჯეტო ტრანსფერების განხორციელებას, რათა არ იქნეს დარღვეული საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 პრიმა პუნქტი. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, მიმდინარე პერიოდში მოიმატა საბიუჯეტო შემოსავლებმა და ადგილობრივ ბიუჯეტში გაჩნდა საბიუჯეტო დანაზოგების განკარგვის შესაძლებლობა. მისი თქმით, ეს შესაძლებელია ცუდი არც იყოს, თუმცა იქვე განმარტავს:

”მისი გამოყენება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, მხოლოდ იმ დანახარჯების განხორციელებაა შესაძლებელი, რომელიც არჩევნების დღემდე იყო დაგეგმილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, არ განახორციელონ ისეთი პროგრამები, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტებში და ასევე არ მოახდინონ ამგვარი დანახარჯების ინიცირება წინასაარჩევნო პერიოდში”, - აცხადებს ხარატიშვილი.

აქვე გავიხსენოთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გაფორმებულ მემორანდუმს 7 მაისს 14 პოლიტიკური პარტია შეუერთდა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში, როცა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ადმინისტრაციულ რესურსზე, აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ხელმომწერთა შორის მმართველი პარტიაც ფიგურირებს. მემორანდუმის შინაარსზე ორი სიტყვით რომ შევჩერდეთ, მისი მიზანია ურთიერთშეთანხმება ხელმომწერი მხარეების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

”ხელმომწერი მხარეები აცნობიერებენ რა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად გამოიყენებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ რესურსს”, - აღნიშნულია მემორანდუმში.

ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ამ დრომდე ადმინისტრაციულ რესურსებს მხოლოდ ხელისუფლება იყენებდა. მას შემდეგ კი, რაც მმართველი გუნდი მემორანდუმს შეუერთდა, იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე მემორანდუმის ხელის მოწერის სიმბოლურობაზე საუბრობს:

”ჩვენი მხრიდან მემორანდუმის ხელმოწერას სიმბოლური ხასიათი ექნება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს მკვეთრად შეზღუდული აქვთ ადმინისტრაციული რესურსებისადმი წვდომა. ეს, გარკვეულწილად, ხელისუფლებისათვის ვალდებულების დაკისრებაა, არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ადმინისტრაციული რესურსი ”, - ამბობს“ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

უკანასკნელ პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ უფრო იმატა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებმა, რომლებიც, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს შეეხება. მათ შორის ერთ-ერთია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წერილი, რომელიც მერიის ერთ-ერთი სამსახურის მიერ სტუდენტთათვის საშეღავათო ბილეთების დაბეჭდვას შეეხება; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი საუბრობს იმ დარღვევაზე, რომელიც ბილეთებზე აღმოაჩინეს:

”ჩვენ ვგულისხმობთ თბილისის მერიის მიერ დაბეჭდილ საშეღავათო ბოლეთებს, რომლებიც დაიბეჭდა პროექტ ”კინომანიის” ფარგლებში. საშეღავათო ბილეთებზე არის აღბეჭდილი ”5” ნომერი. როგორც მერია აცხადებს, ეს სიმბოლო მხოლოდ და ხმოლოდ ფასდაკლების მიმანიშნებელია, ანუ თუ სტუდენტი ბილეთს კინოთეატრში წარადგენს, ის ხუთლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს. მაგრამ აღნიშნული ”5” ნომერი ძალიან ჰგავს იმ ხუთიანს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებს და რომელიც არჩევნებში მონაწილეობის რიგით ნომერს ასახავს. ”

როგორც თამარ ხიდაშელი განმარტავს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მსგავსი ტიპის ქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებადაა მიჩნეული და ისჯება. სამართალდარღვევა კი სანქციის სახით ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ისევე როგორც ამ კონკრეტულ ფაქტზე, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს.
XS
SM
MD
LG