Accessibility links

კონსტიტუციის საბაზისო პროექტი - შერეული მოდელი


საკონსტიტუციო კომისიის სხდომა

საკონსტიტუციო კომისიის სხდომა

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, კომისიის წევრების მიერ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ მომზადებული სამი პროექტიდან საბაზისო პროექტი გამოვლინდა. პროექტს, რომელსაც პირობითად დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტსაც უწოდებენ, 41 ხმიდან 31 ხმა ერგო და იმ საბაზისო პროექტად გადაიქცა, რომლის სრულყოფაც უახლოეს მომავალში დაიწყება. მის გარდა, პლენარულ სხდომაზე კიდევ ორი პროექტი იყო წარმოდგენილი: ერთ-ერთი მათგანი იყო ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის ლევან რამიშვილის პროექტი, რომელიც ამერიკული საპრეზიდენტო მოდელის და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფედერალურ სისტემას ეფუძნებოდა. მეორე პროექტის ავტორები კი ვასილ გონაშვილი და ლევან ბოძაშვილი არიან. მათი პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მოდელის საფუძველზე აგებულ დაბალანსებულ სისტემას წარმოადგენდა.

საკონსტიტუციო კომისიის პლენარული სხდომის დაწყებამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა, რომელიც კომისიაში, ამავე დროს, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელიცაა, პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ იმ პროექტისთვის, რომელიც ავთანდილ დემეტრაშვილმა და თავად მიმართვის ავტორმა მოამზადეს. მოწოდების მიზეზი კი, მისივე თქმით, მარტივი იყო:

”ეს არის სწორი მიმართულება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა. გვერდზე გადავდოთ პარტიული კუთვნილების საკითხები და შევარჩიოთ საუკეთესო პროექტი.”

საუკეთესო პროექტად კომისიის წევრებმა სწორედ დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტი - ე.წ. შერეული მოდელი - აღიარეს. შერეული მმართველობის მოდელი კი ამ შემთხვევაში გულისხმობს ისეთ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას, რომელშიც საპარლამენტო ელემენტები ჭარბობს. მთავრობა განსაზღვრულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე იქმნება. მთავრობასთან ურთიერთობაში იზრდება პარლამენტის და მცირდება პრეზიდენტის როლი, პრეზიდენტისა, რომელიც, თავის მხრივ, არბიტრია მთავრობასა და პარლამენტს შორის. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მოდელის მიხედვით, ხდება პრეზიდენტის მაქსიმალური დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. საკონსტიტუციო პროექტი კონტრასიგნაციის პრინციპის შემოღებას ითვალისწინებს.

კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტი ძალაში არ შევა. ამავე პროექტის მიხედვით, კონტრასიგნაციის შემთხვევაში, სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

დანარჩენ ორ პროექტს კი, რომელიც 11 მაისს საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე იყო წარდგენილი, საფუძვლად ამერიკული მოდელი დაედო, სადაც უპირატესობა საპრეზიდენტო მმართველობას მიენიჭა. პირველი პროექტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა, ვასილ გონაშვილსა და ლევან ბოძაშვილს ეკუთვნოდა. კომისიის წევრის, სამართლის დოქტორ ვასილ გონაშვილის თქმით, პროექტი საპრეზიდენტო რესპუბლიკის შემოღებას ითვალისწინებდა, თუმცა, მისივე შენიშვნით, მათი პროექტი არ გულისხმობდა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკას.

რაც შეეხება ლევან რამიშვილის პროექტს, მისი პროექტის განხილვის საკითხი იმის გამო, რომ ის სხდომაზე დროულად არ გამოცხადდა, ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, საბოლოოდ, პროექტი, რომელიც ამერიკული საპრეზიდენტო მოდელის და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფედერალურ სისტემას დაეფუძნა, კომისიის წინაშე მაინც წარდგა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ლევან რამიშვილის მიერ შემოთავაზებული მოდელიდან მომავალში რამდენიმე კომპონენტი იქნეს გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგ გია ნოდიას ხელისუფლების მოწყობისადმი ლევან რამიშვილისეული მიდგომა ფილოსოფიური კუთხით მოსწონს, მიაჩნია, რომ საქართველოში ფედერალიზმის საფუძვლები არ არსებობს. რაც შეეხება შარმანაშვილ-დემეტრაშვილის ე.წ. შერეულ მოდელს, ის შიშობს, რომ მსგავსი ტიპის მოდელმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება, თუმცა იქვე ამატებს:

”პოლიტიკური ევოლუციის ლოგიკის თვალსაზრისით, შეიძლება საქართველოსთვის ამ მიმართულებით წასვლა ლოგიკური გზა იყოს, მაგრამ მაშინ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები და ნათელი უნდა გავხადოთ საზოგადოებისათვის, რომელია უფროსი”, - აცხადებს ნოდია.

ყველაზე ლოგიკურ გზად კი ის საპარლამენტო სისტემისკენ სვლას მიიჩნევს. გია ნოდიას მსგავსად, პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდისა და, ამავე დროს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვის მომხრეა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. მისი თქმით, კონსტიტუციის გადახედვა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური ბალანსის აღდგენას სახელისუფლებო შტოებს შორის:

”ქრისტიან-დემოკრატები მხარს ვუჭერთ ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელს. ამ ეტაპზე აღნიშნული მოდელის სრულფასოვნად განხორციელებას დიდი პერსპექტივა არ გააჩნია, თუმცა ვინარჩუნებთ საკუთარ პოზიციას და დარწმუნებულნი ვართ, რომ, საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებამდე მივა”, - ამბობს გიორგი თარგამაძე.

კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ მომზადებული საბაზისო პროექტის სრულყოფა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, რამდენიმე საფეხურის გავლის შემდეგ მოხდება: თავდაპირველად პროექტი საერთაშორისო ექსპერტებს გაეგზავნებათ; დაიწყება შიდა განხილვები, ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ კი გაგრძელდება მისი დახვეწა. ივლისის მეორე ნახევარში პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს და ის საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა:

”საქართველოს პრეზიდენტი შეიტანს პროექტს პარლამენტში, თუკი მას, რასაკვირველია, ამის სურვილი ექნება, და შემდეგ პარლამენტი ან რიგგარეშე სესიას მოიწვევს, ან უკვე რიგით სესიაზე, სექტემბერში, მიიღებს”, - ამბობს დემეტრაშვილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG