Accessibility links

logo-print
საქართველოს ხელისუფლება უარყოფს რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობას მამისონის უღელტეხილზე რუსი მესაზღვრეების მიერ სასაზღვრო საგუშაგოს მოწყობის შესახებ, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში ამტკიცებენ, რომ საგუშაგო 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ყოფილი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 6 მაისიდან მოქმედებს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მისი დასრულებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყოფილ მეტეოსადგურში ქართველი მესაზღვრეების ბაზა იყო განთავსებული. რა ხდება მამისონის უღელტეხილზე?

მამისონის უღელტეხილი მედიის ყურაღდების ცენტრში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოექცა, როცა ზემო რაჭაში, კურორტ შოვთან ახლოს, მდინარე ჭანჭახზე გადებული ე.წ. ნიკოლოზის ხიდი აფეთქდა და ქართველმა მესაზღვრეებმა თითქმის 20 კილომეტრით დაიხიეს უკან, თუმცა მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხიდის აფეთქების ფაქტიც უარყვეს და მესაზღვრეების უკან დახევისაც. არადა, კავკასიის საკითხთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, რომელიც ვითარებაში გასარკვევად ზემო რაჭას სტუმრობდა, სულ სხვა სურათი იხილა:

„შარშან მანდ დროშა ფრიალებდა - როგორც რუსული, ასევე სამხრეთოსური.“

მანამდე კი, ანუ 2008 წლის ზამთრის დადგომამდე, ყოფილი მეტეოსადგურის შენობას ქართველი მესაზღვრეები იყენებდნენ. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ შარშან ზაფხულში გამართულ ბრიფინგზე ქართველი მესაზღვრეების მოქმედების არეალი ასე აღწერა:

„სადაც მეტეოსადგურია, ჭანჭახის მთასთან, აქ იდგა ჩვენი საგუშაგო, რომელიც ორ გადასასვლელს აკონტროლებდა. ეს იყო შარშან 15 ნოემბრამდე.“

ზამთრის დადგომასთან ერთად მთელი სექტორი - მათ შორის, საგუშაგოც - დიდთოვლობის გამო იკეტებოდა, თუმცა გაზაფხულზე ქართველი მესაზღვრეები კვლავ უბრუნდებოდნენ ყოფილ მეტეოსადგურს. ასე იყო უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 2009 და 2010 წლებს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ონის მაჟორიტარული ოლქიდან დავით საგანელიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დაუთმო ეგრეთ წოდებული ოცკილომეტრიანი ზოლი, ჯამში - 12 ათასი ჰექტარი მიწა:

„ჩვენი ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ ყველა ფაქტი ამ ტერიტორიის დათმობის, ხიდის აფეთქებისა და რუსეთის მიერ ამ ტერიტორის დაკავებისა სახეზეა. რუსეთის ხელისუფლების ყველა მაღალი პირი - მათ შორის, სასაზღვრო ჯარებიდან - ამ ინფორმაციას გვაწვდის და ჩვენ კი რატომღაც უნდა დავუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამდენი ხანია გვატყუებენ.“
დავით საგანელიძეს მხედველობაში ჰყავდა საქარველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე კობა ბოჭორიშვილი, რომელმაც სააგენტო „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურში, რუსული სასაზღვრო პოსტის გახსნა.

"ამ ტერიტორიაზე ამჟამად რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლის საფარი დევს და იქ რუსულ მხარეს არანაირი პოსტი არ გაუხსნია. დიდთოვლობის გამო ჩვენი მესაზღვრეები ამ კონკრეტულ წერტილამდე ვერ მიდიან, მაგრამ იქ ვითარებას ვაკვირდებით და შემიძლია განვაცხადო, რომ მეტეოცენტრში ამჟამად არავინ არ არის. როგორც კი თოვლი გადნება, ჩვენ მაშინვე ავალთ მეტეოსადგურის ტერიტორიაზე და ვითარებას ადგილზე გავაკონტროლებთ", განუცხადა ბოჭორიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

მოგვიანებით მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმაც:

„მამისონის უღელტეხილი არის დათოვლილი. თუ რუსები რაღაც სპეცტექნიკით ავიდნენ (რაც ნაკლებად სავარაუდოა) და ალპინისტები ჰყავთ მესაზღვრეების ნაცვლად, მაშინ არ ვიცი, მაგრამ სინამდვილეში ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან. იქით მხრიდან კი ინფორმაცია არ გვაქვს.“

თუმცა იქითა მხარე, როგორც თემურ იაკობაშვილი რუსეთის ხელისუფლებას უწოდებს, აცხადებს, რომ არ მალავს ინფორმაციას და ადასტურებს მამისონის უღელტეხილზე ყოფილი მეტეოსადგურის დაკავების ფაქტს. აი, რა განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმს“ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელმა ალექსანდრ სოლოდმა:

„მამისონის უღელტეხილზე - სამი ათას მეტრ სიმაღლეზე რვასაათიანი ასვლის შემდეგ - გავმართეთ საგუშაგო, რომელიც ყოფილი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე მდებარეობს. სასაზღვრო განყოფილების სპეცრაზმის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, რაც სახელმწიფო საზღვრის დასაცავადაა საჭირო.“

რუსი მესაზღვრეები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოსთან საზღვარს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იცავენ. მაინც რისთვის სჭირდება რუსეთს მამისონის უღელტეხილზე ახალი საგუშაგოს გახსნა? ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ორ მიზეზს ასახელებს. პირველი კავკასიის ქედის მთელი პერიმეტრის გაკონტროლებას უკავშირდება:

„45 გადასასვლელიდან, რაც არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის, 24-ს აკონტროლებს რუსეთი ორივე მხრიდან.“

მამუკა არეშიძის თქმით, საზღვრის გადმოწევის მეორე მიზეზი გზის მშენებლობაა. ამ გზამ რუსეთის ფედერაცია, მამისონის უღელტეხილის გავლით, ჯავის რაიონთან უნდა დააკავშიროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG