Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 მაისი 2010


დღევანდელ პრესაში გრძელდება ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარის განხილვა.

”რეზონანსის” პირველ გვერდზე სათაურია: ”მღვდლის დაჯილდოება ”კავკასიის” ინციდენტს არ უკავშირდება, აცხადებენ საპატრიარქოში”. ”რეზონანსისთვის” საპატრიარქოში განუცხადებიათ, რომ დაჯილდოება მანამდე იყო დაგეგმილი. ამავე სტატიაში ინციდენტთან დაკავშირებით ტელეკომპანია ”კავკასიის” გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კომენტარებიც ქვეყნდება. ის ამბობს: ”ის დროა, მალხაზ გულაშვილმა იგრძნოს პასუხისმგებლობა, როცა სარწმუნოებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამ ბინძურ პოლიტიკურ მიზნებში ყველაზე ჭკვიანი მალხაზ გულაშვილია და ის არის ყველაზე დიდი დამნაშავეც” - ამბობს ჯანგირაშვილი. ”რეზონანსშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან: ”ვთვლი, რომ ეს იყო გულაშვილისა და მისი მომხრეების ექსტრემისტული გამოსვლები. მათ უკან დგას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება. ამის თქმის საშუალებას გულაშვილის ბიოგრაფია და მისი რუსეთთან ურთიერთობის ისტორია მაძლევს”, - ამბობს თევზაძე.

”კავკასიის” ეთერში მომხდარზე ლაპარაკობს სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნანა დევდარიანიც ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში: ”მე ყველგან ვამბობ, რომ ამ ყველაფრის დამგეგმავი არის ”თავისუფლების ინსტიტუტი” და მასთან ერთად, საუბედუროდ, ამაში ჩათრეული აღმოჩნდა ტელეკომპანია ”კავკასია”. ამავე ინტერვიუში ნანა დევდარიანი ჰყვება, რომ ორი დღის წინ მალხაზ გულაშვილის 17 წლის შვილს ვიღაცებმა მანქანა გაუჩერეს და სიგარეტი სთხოვეს: ”სანამ ამან მიაწოდა, მოკიდებაც მოუნდათ, ამასობაში სტაცეს ხელი და შეაგდეს მანქანაში, მერე დაემუქრნენ, თუ მამაშენი არ გაჩერდება, გაგაუპატიურებთო. ახლა ბიჭი არის 17 წლის და იყო შოკში, ხომ წარმოგიდგენია?” - ეუბნება დევდარიანი ”ალიას” კორესპონდენტს და განაგრძობს: ”მე რამდენადაც ვიცი, შვილი წაიყვანა, ოღონდ სად, ნამდვილად არ ვიცი. რამდენიმეჯერ დავრეკე და ტელეფონი გათიშული აქვს.”

”ახალი თაობა”, ინტერვიუ ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბართან: ”ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, იცავენ დეისაძის წიგნს და მიტინგებს აწყობენ მართლმადიდებლების წინააღმდეგ, რომლებიც დეისაძის წიგნს აპროტესტებენ, მე მათი ხმა არ გამიგია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო. მე ეს ადამიანები არასდროს არ მინახავს კორტებთან, როცა ეწყობა ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები”, - აცხადებს სუბარი, რომელიც თვლის, რომ ”ეს არის აბსოლუტურად გაუკუღმართებული გაგება ლიბერალიზმის”, ”ეს არის ტაკიმასხარაობა და ხელისუფლების მხარდაჭერა, მეტი არაფერი.”

”ახალ თაობაშივე” ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთ ლიდერ კახა კუკავასთან ინტერვიუც იბეჭდება, რომელშიც ის ამბობს, რომ ”საარჩევნო სიები ბევრად უფრო დამახინჯებულია, ვიდრე ნებისმიერ წინა არჩევნებზე”. ამავე ინტერვიუში კუკავა აცხადებს: ”...თუ რეალურად ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ ასეთი მანიპულაციებით შეიცვლება, მინდა გითხრათ, ვაპირებთ, მათ შორის, ძალის გამოყენებით, მივიღოთ ის მანდატები, რასაც ხალხი მოგვცემს.”

”24 საათი” წერს ევროსაბჭოს მინისტერიალის მნიშვნელობაზე. კორესპონდენტი დაუკავშირდა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს - ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელსაც უთქვამს: ”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში დაფიქსირებული შეშფოთება შეიძლება ვინმეს სახუმარო საქმედ მოეჩვენოს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, როგორ თავგამოდებით იბრძვიან რუსი პოლიტიკოსები იმისათვის, რომ ევროპელებმა ხმა ამოიღონ. ამგვარი შეშფოთების განცხადებები რუსებს სერიოზულად აფრთხობთ”, - უთქვამს ზურაბ ჭიაბერაშვილს ”24 საათის” კორესპონდენტისთვის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG